ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ - რა ვითარებაა ამ დროისთვის? - კვირის პალიტრა

ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ - რა ვითარებაა ამ დროისთვის?

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ დღის საათებში გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში გუშინ ვერტმფრენიც ჩაერთო, თუმცა ღამე მუშაობა შეწყვიტა, დილას კი, 07:00 საათიდან კვლავ განაახლა.

"ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თითქმის ყველა სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე", - განაცხადა ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ამ დროისათვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეული კერები კვლავ აქტიურია, შესაბამისად, ტერიტორიაზე კვლავ მუშაობენ სახანძრო ჯგუფები.

ბორჯომში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი.

"საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ სამაშველო სამსახურებსა და სახნძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად რელიეფის საკმაოდ რთული მდებარეობისა. ასევე ხანძრის გავრცელებას ხელს ძალიან უწყობდა ქარი, რომელიც უკვე ჩადგა და აღარ არის... თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ასევე: "ვერტმფრენს მხოლოდ სიტუაციის შეფასების შემდეგ ვიძახებთ" - რატომ ვერ აქრობენ ბორჯომის ხეობაში ხანძარს?