"ეს ხანძრები კლიმატის ცვლილებების შედეგია"
"ტყის ხანძარს თავისი სპეციფიკა აქვს, ის მიწისქვეშა ხანძრითაც ხასიათდება, მისი ჩაქრობა მარტივი არ არის"
უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სოფელ დაბაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. ამ დროის მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
როგორც ცნობილია, 2008 წელს რუსეთის მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ პერიოდში გაჩანაგდა 290 000 მ3 ხე-ტყე. მათივე ცნობით, საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. მას შემდეგ, ბორჯომის გადამწვარი ტყის აღსადგენად რამდენიმე პროექტი განხორციელდა.
რა ზიანი შეიძლება მიადგეს ბორჯომის ხეობას ამ ხანძრის შედეგად, ეკოლოგ ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ:
"ეს არის კლიმატის ცვლილებების შედეგი. დარწმუნებული ვარ, ძნელად მისასვლელ ადგილებზე მოსახლეობაც არ იქნებოდა მისული და სპეციალურად არავინ მოუკიდებდა ცეცხლს. იმის გამო, რომ ამ პერიოდში მაღალი ტემპერტურა იყო, ამას გარდა, ეს დამოკიდებულია ტენიანობასა და ქარებზე, თან, როგორც ჩანს, ხანძრის ჩაქრობა საწყის ეტაპზე ვერ მოხერხდა... სიცხეების გამო, ყველაფერი გადამხმარია, სამწუხაროდ, ხანძარი ჩვენთვის იშვიათი აღარ არის, მიმდინარე წელს ჩვენს ეკოსისტემებს წყალი დააკლდა, წვიმები არ იყო და შედეგი არის ის, რასაც დღეს ვხედავთ.
ნახანძრალი ადგილების თვითაღდგენას სჭირდება გარკვეული პერიოდი, ტერიტორია უნდა შემოირაგოს, რათა საქონელმა კიდევ უფრო არ დააზიანოს ნახანძრალი ტერიტორია. მაგალითად, 2008 წლის ხანძრის შემდეგ ნახანძრალ ადგილებზე გაჩნდა ბალახოვანი საფარი, ახლაც იგივე სიტუაცია იქნება, უბრალოდ ახლა უნდა მოახერხონ, რომ ცეცხლი კიდევ მეტად არ გავრცელდეს, ხოლო იმისთვის, რომ არ გავრცელდეს, არსებობს მთელი ტექნოლოგიები, რომლითაც უნდა იმუშაონ სატყეო ჯგუფებმა, ტყეში ხანძრის ჩაქრობა მარტივი არ არის და ამას სჭირდება კვალიფიციური ჯგუფი.
ტყის ხანძარს თავისი სპეციფიკა აქვს, ის მიწისქვეშა ხანძრითაც ხასიათდება, მისი ჩაქრობა მარტივი არ არის, ერთ-ერთი გზაა ტრანშეების გათხრა. სამწუხაროდ, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან, ბოლომდე არ არიან ინფორმირებულები რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
რაც შეეხება 2008 წელს დამწვარ ტერიტორიებს, რამდენიმე პროექტის საშუალებით ახალი ნარგავები დაირგო, ამის გარდა, ნახანძრალმა ბუნებრივადაც დაიწყო აღდგენა, 2008 წელს იყო პროგნოზი, რომ დამწვარ ადგილას საფარი აღარ აღდგებოდა, მაგრამ 2-3 წელიწადში ძველ ტერიტორიებზე ბალახოვანი საფარი გაჩნდა".
იხილეთ ფოტოგალერეა
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)