"რატომ მე მაინც და მაინც? ჩემს გვერდით უამრავი ადამიანი აქრობდა ცეცხლს" - 13 წლის ბიჭი, რომელიც ხანძარს შიშველი ხელით ებრძოდა - კვირის პალიტრა

"რატომ მე მაინც და მაინც? ჩემს გვერდით უამრავი ადამიანი აქრობდა ცეცხლს" - 13 წლის ბიჭი, რომელიც ხანძარს შიშველი ხელით ებრძოდა

ბორჯომის ხეობაში ხანძარი რომ, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 25 აგვისტოს, გვიან საღამოს ამცნო საზოგადოებას, თუმცა, მისი თქმით, ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა, რომლებიც ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერების საბოლოო ლიკვიდაციამდე იმუშავებენ, მომდევნო დღეების განმავლობაში ასევე გააგრძელებს ფუნქციონირებას საგანგებოდ შექმნილი შტაბი.

სტიქიის 6 დღე უმძიმესი იყო მთელი ქვეყნისთვის, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრით მიყენებული ზარალის დათვლას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, პირველადი ინფორმაციით, სულ მცირე 100 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი, გარდა ამისა, აუცილებლად გამოსაძიებელია ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებული ხანძრების მიზეზებიც.

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რაც სტიქიამ ჩვენს ქვეყანას შეუქმნა, მან ასევე გამოაჩინა ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, ის, რომ ქვეყანაზე შეგვტკივა გული; მან ქვეყანას აჩუქა ახალი გმირები,  ყველა იმ პროფესიონალი მეხანძრე-მაშველისა და მოხალისის სახით, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდნენ ხანძარს; გამოაჩინა ჩვენი მეგობრების თანადგომა; ადგილობრივების სულის სიმტკიცე...

ამბობენ, რომ ხანძრის მიმდებარე სოფლების მკვიდრნი საკუთარ მიწა-წყალს განსაკუთრებულად იცავდნენ და პროფესიონალების მხარდამხარ ებრძოდნენ ხანძარს. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც მშობლებს არ ჩამორჩებოდნენ სტიქიასთან ბრძოლაში.

"ფეისბუკში" გავრცელდა ყვიბისელი მასწავლებლის, ბაკურ გელაშვილის პოსტი ცეცხლთან მებრძოლ 13 წლის თემო გელაშვილზე. ბაკური წერდა: "ეს ბიჭი ყვიბისელია, ჩემი მოსწავლე, დღეს ისიც ჩვენთან წამოვიდა ტყეში ცეცხლის ჩასაქრობად და რადგან ნიჩაბი არ ჰქონდა, მთელი დღე შიშველი ხელებით აქრობდა ცეცხლს!"

ბაკურის თქმით, დღეს რომ ყვიბისში მწვანე ტყეა, მაშველებთან ერთად, მთელი სოფლის დამსახურებაა - ქუდზე კაცი რომ არ გამოსულიყო ცეცხლთან საბრძოლველად, ჩვენი ტყეც მურვან ყრუს ნაოხარს დაემსგავსებოდაო.

გადავწყვიტეთ თემო გელაშვილი თქვენც გაგაცნოთ, როგორც სამშობლოსთვის თავდადებული მომავლის სიმბოლო...

იცოდეთ, ეს ბიჭი მომავლიდანაა, ის და მისი თანატოლები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ ფეხზე დაყენებას.

თემოს ბაკური მასწავლებლის დახმარებით დავუკავშირდი და ვკითხე, - ცეცხლს რომ ხელით აქრობდი, ხელები არ გეწვებოდა-მეთქი. კატეგორიულად მომიგო, - სულაც არაო! და ჩვენი საუბარიც ასე დაიწყო...

- თემო, ყველას რომ ჰქონდა ნიჩაბი, შენ მარტოს რატომღა მოგიხდა ცეცხლის ჩაქრობა შიშველი ხელებით?

- იცით, ეს როგორ იყო? - წინა დღეს მამა იყო წასული ცეცხლის ჩასაქრობად, მე არ წამიყვანა. მეორე დღეს კატეგორიულად ვუთხარი, - შენ თუ არ წამიყვან, მე მაინც წამოვალ-მეთქი და კარგიო... თან მითხრა, - ზემოთ მთაზე ნიჩაბი ბევრია და ცოტას მაინც იმუშავებო. მთაზე რომ ავედით, იქ ნიჩბები უკვე აღარ იყო, როგორც ჩანს, სხვებმა წაიღეს ცეცხლის ჩასაქრობად; მეც ავდექი და ხელით დავიწყე მუშაობა.

- ეგ როგორ?

- სულ არ არის ძნელი. უნდა იპოვო რამე, შეიძლება უკვე დამწვარი და ჩამქრალი ხის ტოტი, ცეცხლმოკიდებულ ადგილს მაგრად უნდა დასცხო და ნაკვერჩხლები დააყრევინო. მერე ამ ნაკვერჩხლებს უნდა გადააფარო მიწა, რომ ქარმა ვეღარ გააღვივოს.. ბოლოს თავად კუნძს უნდა დაასხა წყალი, რომ ბოლომდე ჩაქრეს. სულ ეგ იყო.

- წყალი ალბათ სახანძრო მანქანებს ამოჰქონდათ მთაზე.

- დიახ. დამწვარ ხეებს ბევრი წყალი სჭირდებოდა. ძალიან ხშირად მიდიოდა მანქანა წყლის ამოსატანად.

- ალბათ გეშინოდა, რომ ცეცხლი შენი სოფლის ტყეს და შენს სოფელს მოეკიდებოდა?

- კი, მეშინოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ შეგვეძლო ხანძრისთვის ამის უფლება არ მიგვეცა! მთელი ჩემი სოფელი მუშაობდა ცეცხლის ჩასაქრობად, გვეხმარებოდნენ მეხანძრეებიც, ამიტომაც მეიმედებოდა ასე.

- იცი, რომ შენი მასწავლებლის ფოტოების დამსახურებით ცნობილი ბიჭი გახდი?

- ვიცი. მაგრამ არ ვიცი, რატომ მე მაინც და მაინც... იქ ჩემს გვერდით უამრავი ადამიანი იყო, მეც მათთან ერთად უბრალოდ, ცეცხლს ვაქრობდი.

- ეს მითხარი, სკოლაში კარგად სწავლობ?

- ძალიან კარგად, არა, საშუალოდ, ცხრიანები მიწერია.

- ამას ყველა შენხელა ბიჭს ეკითხებიან ხოლმე, - ვინ გინდა გამოხვიდე?

- ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვინმე გამოვალ!

იხილეთ ასევე: "ეს ბიჭები დიდ კვამლში, მშიერ - მწყურვალი... დგანან მთაზე, რომლიდანაც შეიძლება ფეხი დაუცურდეთ და აქრობენ ხანძარს"

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)