ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ექიმების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ და თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოყავთ.

შეგახსენებთ, ქართული ვერტმფრენები უკვე მე-7 დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან, რომლის ლიკვიდაცია დიდწილად უკვე მოხერხდა, თუმცა ცალკეული, მცირე ცეცხლის კერები კვლავ რჩება და მეხანძრე-მაშველებიც კვლავ აგრძელებენ მუშაობას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის პირველივე წუთებიდან სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, ასევე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.

„ინტერპრესნიუსი“