"სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ ცეცხლში გავლა" - ვინ დაწვა ხოსროვისა და ბორჯომის ტყეები? - კვირის პალიტრა

"სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ ცეცხლში გავლა" - ვინ დაწვა ხოსროვისა და ბორჯომის ტყეები?

სტატიაში, რომელიც სომხური გამოცემა «Lragir»-ში გამოქვეყნდა, ერთმანეთთანაა შედარებული ხანძარი სომხეთის სახელმწიფო ნაკრძალ "ხოსროვის ტყეში" (12-დან 18 აგვისტოს) და ბორჯომის ეროვნულ ტყე-პარკში (ავტორი - აიკაზნ გაგრიანი).

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს გამოცემა, მასში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, პროდასავლური მიმართულებისაა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ხოსროვისა და ბორჯომის ტყეთა სისტემა უნიკალურია და ორივე შემთხვევაში ხანძარმა დიდი ტერიტორია მოიცვა, თანაც ორივე ხანძრის დროს საქმეში პოლიტიკა ჩაერია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშუალოდ იმყოფებოდა სტიქიური უბედურების ზონაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი კი მოსკოვში გაემგზავრა და საკუთარი დაბადების დღე იზეიმა, შემდეგ კი შვებულებაში წავიდა. ერთი ეგაა, რომ მან "ფეისბუკში" მადლობა გადაუხადა რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევს რუსული თვითმფრინავის გამოგზავნის გამო, რომელმაც ხოსროვის ტყის ხანძარი ჩააქრო (იქვე ნათქვამია, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის გვიან მიმართა - "გვეგონა, ხანძარს საკუთარი ძალებით ჩავაქრობდითო").

რუსეთისადმი დახმარების თხოვნამ სომხეთში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ბევრმა გაიხსენა 2016 წლის "აპრილის ომი" არცახში, როცა სომხეთმა თვითონ მოიგერია აზერბაიჯანის შეტევა და რუსეთისათვის დახმარება არ უთხოვია - იმ რუსეთისათვის, რომელიც აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებს და აგრესიისაკენ აქეზებს.

მაგრამ ხოსოვის ტყის ხანძრის დროს სომხეთი საბოლოოდ მაინც იძულებული გახდა რუსეთისთვის ეთხოვა დახმარება. ფაქტია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მართლაც სწრაფად ჩააქრო ხანძრის კერები.

საქართველომ დახმარებისთვის მიმართა მრავალ ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ არა რუსეთს. საქართველოში ჩავიდნენ სომეხი მაშველ-მეხანძრეებიც, რომლებმაც ქართველებს დიდი დახმარება გაუწიეს (მათ პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა).

ის, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ნერვიულად განაცხადა, გასაგებია, თუმცა ჩვენი მხრივ ავღნიშნავთ, რომ ასეთი სიტუაცია რუსეთის პოლიტიკის შედეგია: რასაც დასთეს (კონფლიქტებს, შეთქმულებებს...), იმას მოიმკი - ამბობს სლავური ანდაზა. "ავისმდომელი მოკეთისაგან შორს ყოფნა გერჩივნოსო", - გვირჩევს ქართულ-სომხურ ბრძნული ანდაზა.

ამასთან, ამ ორ ხანძარს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვთ: სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ "ცეცხლში გავლა", სანამ ორივე სახელმწიფო არ განმტკიცდება: მათგან ერთს "მტკივნეული" სახელმწიფოებრივი ღირსება აქვს, მეორეში კი ყველაზე მაგარი მეომრები იბადებიან. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ