"ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი" - რატომ გაუშვეს ქეთი დოლიძე კინომსახიობთა თეატრიდან? - კვირის პალიტრა

"ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი" - რატომ გაუშვეს ქეთი დოლიძე კინომსახიობთა თეატრიდან?

როგორც ირკვევა, კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძის დანიშვნას ხელი 30 აგვისტოს მოაწერა, შესაბამისად, ქეთი დოლიძე აღნიშნული პოსტიდან გათავისუფლდა.

ქეთი დოლიძე თუმანიშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

"17 სექტემბრამდე ვაგრძელებ სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესრულებას. ველოდები დასის ჩამოსვლას, რომელიც ისრაელშია წასული და დასთან ერთად გავაკეთებ უფრო ვრცელ კომენტარს. ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი", - განაცხადა ქალბატონმა ქეთიმ.

მის კრიტიკას კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროში გადაწყვეტილებები პირად დამოკიდებულებასა და წყენაზე დაფუძნებით არ მიიღება.

"ცოტა არასერიოზული მგონია ეს საუბარი და აბსოლუტურად უადგილოა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც არავის პირად დამოკიდებულებაზე არ არის დაფუძნებული და არც არავის წყენა-არწყენაზე. ჩემთვის კონფლიქტი ნიშნავს ორ დაპირისპირებულ მხარეს. თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც სატელევიზიო ეთერებში სამინისტროსა და ქეთი დოლიძის ურთიერთობას, იქ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბრალმდებელ და დაპირისპირებულ მხარეს დაინახავთ. სამინისტრო ყოველთვის მოპასუხე რეჟიმში გამოდიოდა ხოლმე. ქეთი დოლიძესთან საუბარი არ მქონია, მესიჯი ნამდვილად მივიღე. თუ ჩაიზე მპატიჟებს და თუ ეს დაპატიჟება ძალაშია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს, თითქოს გაბუტული ვარ და რაღაც პირადი მიუღებლობა მაქვს ამ ადამიანის", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.