"ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ქართულ სცენებზე გამოსვლა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ქართულ სცენებზე გამოსვლა"

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა. 80 წლის ტენორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. ის მოსკოვში დაიღუპა.

მომღერალს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.

მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ ზურაბ სოტკილავა ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.

"თბილისელი მაყურებელი რომ მიყვარს და მათაც ვუყვარვარ, ამას ლაპარაკი არ უნდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ქართულ სცენებზე გამოსვლა და შეხვედრა ჩემს საყვარელ მსმენელთან", - ამბობდა ზურაბ სოტკილავა.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ქართველ ტენორთან ინტერვიუები, გთავაზობთ ამონარიდებს.

- ხშირად მახსენდება აფხაზეთში გატარებული ბავშვობა, ეს ყველაზე სანუკვარი ხანაა. გაჭირვების მიუხედავად, თბილად ვექცეოდით ერთმანეთს, ვუღიმოდით, ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვიყავით. სოხუმში, ჩვენი ეზოს წინ, დიდი ხე იდგა. მის ძირში მთელი სამეზობლო ვიკრიბებოდით. ბებიაჩემი კარგად უკრავდა გიტარაზე, მისი დაც და დედაჩემიც არ ჩამოუვარდებოდნენ. მთელი ოჯახი ვმღეროდით. მენატრება აფხაზეთი. მე შემიძლია შევიდე სოხუმში, საკმაოდ გავლენიანი მეგობრები მყავს, უსაფრთხოდ ვიქნები და ხელს ვერავინ შემიშლის, მაგრამ მითქვამს და ვიმეორებ: თუ დაბრუნებაა, ყველა ერთად უნდა დავბრუნდეთ. ვიდრე სამასი ათასი დევნილი არ დაბრუნდება, მანამ ფეხს არ ჩავდგავ!!

- ცოტა უკან დავბრუნდეთ... საოპერო მომღერლობამდე სხვა საქმიანობას ეწეოდით...

- 16 წლისა თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი. შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე... ერთხელ შემთხვევით ბრწყინვალე პედაგოგმა და მომღერალმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა ჩემი ნამღერი და დამაძალა, კონსერვატორიაში ჩააბარეო. ჩავაბარე. შემდეგ უსიამოვნება მომიხდა პედაგოგთან და დავით ანდღულაძის კლასში გადავედი. ჩემი კარიერა თუ კარგად აეწყო, ეს დავით ანდღულაძის და მისი ოჯახის დამსახურებაა.

- რუსეთში აღიარებული საოპერო მომღერალი ხართ და ბევრი მეგობარი გყავთ. როგორ მოქმედებს თქვენზე რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა?

- ძალიან განვიცდი! რუსი ინტელიგენციისგანაც ამავეს ვგრძნობ. თუმცა, ამას წინათ ერთი რუსი მეგობარი მყავდა სტუმრად. რომ ვუთხარი, თბილისის ახლოს რუსის ჯარი დგას-მეთქი, გაუკვირდა - ეს არც კი სცოდნია. დარწმუნებული ვარ, ასევე არ იცის ბევრმა რუსეთში...

ჩემი წარმატებები ჩემი ხალხის სახელით მიღწეული გამარჯვებებია. ჩემს კონცერტზე ყოველთვის ითხოვს მსმენელი, ქართული სიმღერები ვიმღერო. ძალიან მიხარია, როცა მათ აღფრთოვანებულ შეძახილებს ვისმენ. ჩვენი საგანძური - ჩვენი კულტურაა და მას უნდა გავუფრთხილდეთ. (იხილეთ სრულად)