ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ - კვირის პალიტრა

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, ასევე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განუცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვის გადმოვარდნა აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის მხრიდან უყურადღებობამ გამოიწვია.

"აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან გავათავისუფლეთ 206–ე საბავშვო ბაღის დირექტორი. დირექტორის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე შეასრულებს", – განაცხადა თორდინავამ. მისივე თქმით, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ ჯგუფის აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწეც, რომელთა შესახებაც ბრძანებას ხვალ, კანონის თანახმად, ახალი დირექტრი გამოსცემს.

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს გადმოვარდა. დაშავებულ პატარას ქალა-ტვინის და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

იხილეთ ასევე: "ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა"

"ინტერპრესნიუსი"