"სიცოცხლეს ვფიცავ, ეს ცა და მიწა სიცოცხლესავით ყველას ეყოფა!" - 23 წლის პოეტი ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც გრანელი და გალაკტიონი აფხაზურად აამეტყველა
"აბა, ადექი და თარგმნე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" აფხაზურად, როგორია? - მუშნი ლასურიამ თარგმნა!"
"მთავარია, იმ მიწაზე ვინ დგას და როგორ დგას, თორემ მიწა არაფერს წყვეტს..."
რამდენიმე დღის წინ ანაკლიაში, თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით მოწყობილ ქართულ-აფხაზურ-კავკასიური პოეზიის ფესტივალზე მისმა გამოსვლამ სითბოთი და სიყვარულით სავსე უძლიერესი ემოცია მოიტანა და სამი დღის განმავლობაში ყველას გადაგვდო. არა მარტო მე, იქ მყოფ მასპინძელსა თუ სტუმარს - ქართველს, ინგუშს, ჩეჩენს, ჩერქეზს, ადიღეელს, დაღესტნელს - განურჩევლად ყველას მეტისმეტად შეგვაყვარა თავი. 23 წლის ახალგაზრდა კაცმა იმოდენა გული გვიჩვენა, ასაკოვან ბრძენკაცს რომ შეშურდებოდა; ისეთი შემართება და ენერგია გაგვიზიარა, ენგურს გაეჯიბრებოდა, არადა, ერთი შეხედვით, საოცრად მოკრძალებული, ჩუმი და მშვიდი ჩანდა. სიყვარულით სავსე შემოქმედის ბუნება ალბათ ბევრს იტევს და გასცემს და ეს თითოეულმა შევიგრძენით.
ამიტომაც ვეფერებოდით ყველა და კიდევ იმიტომ, რომ ეს "სიყვარულის კაცი", პოეტი და მთარგმნელი ნიკა ბაძაღუა აფხაზეთიდანაა და ენგურს გაღმიდან გვსტუმრობდა.
- გასაოცრად წაიკითხეთ თქვენ მიერ ქართულად ნათარგმნი იმ პოეტების ლექსები, ვინც ჩვენთვის - ქართველებისთვის უძვირფასესია. გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის თარგმნა იოლი საქმე ნამდვილად არ არის. მართალია, აფხაზური არ ვიცი, მაგრამ ისე შთამბეჭდავად ჟღერდა, მელოდიურად, თითქოს ყველაფერი მესმოდა და მშობლიურად წვდებოდა გულსა და სულს. სამწუხაროდ, პირველად შეგხვდით და არც თქვენს შემოქმედებას ვიცნობ. როგორი არის თქვენი პოეზია?
- რადგან ტერენტიზე ჩამოაგდეთ ლაპარაკი, მისით დავიწყებ: ჩვენ ვერ ვწვდებით ტერენტის, თორემ ტერენტი დღესაც, XXI საუკუნეშიც აქეთ გვწვდება, ყველას. იგი ამქვეყნიური არსება არ არის, ზეკოსმიური პოეტია. კაცი, სულდგმული რომ ამბობს ამას (მის ფრაზას მოგიყვანთ მაგალითად): "არა სიცოცხლე, არც სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"... - აქ ჩანს მთელი მისი მისტიკის სამყარო და კოსმიურობა. რაც შეეხება ტერენტის აფხაზურად ამეტყველებას, ასე მგონია, ტერენტის ლექსები აფხაზურად უფრო მელოდიურია, ვიდრე - ქართულად. მისი ლექსის დამახასიათებელი სტრუქტურაც ზუსტად ჯდება აფხაზურში. არც რითმა ირღვევა, არც სტრიქონი და არც აზრი იკარგება, თითქოს დედანი გადაგიადგილებიაო სხვა ენაზე. ტერენტის ერთი სიტყვაც არ იკარგება. ბევრ ქართველ პოეტს ვთარგმნი, მაგრამ დამორჩილება მიჭირს, რადგან ის აფხაზური სალიტერატურო ენა არ არის და არ ჯდება მასში, მაგრამ - ჯდება გალაკტიონი. გალაკტიონი კიდევ უფრო კარგად ჯდება, ვიდრე ტერენტი, რადგან გალაკტიონის პოეზიას, აფხაზურად თარგმნისას, შიდა რითმები ახასიათებს. მარტო ხმოვანი კი არა, თანხმოვანიც ერითმება გალაკტიონს და ისე ჟღერს აფხაზურად.
- მართლაც მელოდიასავით მოდიოდა ლექსი, არადა, სიტყვასაც ვერ ვიგებდი, აფხაზურს...
- თითონ აფხაზური პოეზია არის მელოდია. აფხაზურ ლექსზე უფრო ჩქარი ლექსი არსად მომისმენია, არც ერთ ენაზე.
- "ჩქარში" რას გულისხმობთ?
- ყოველი მეორე სიტყვა ირითმება, თანაც ისე, ამოსუნთქვასაც რომ ვერ ასწრებ. რომ ამოისუნთქო და შეჩერდე კითხვისას, მერე თითქოს წყდება ჰანგი, ამიტომ ეს ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ლექსია. მაგალითად, ივანე თარბას ლექსს რომ ვკითხულობდი, თუ შენიშნეთ, კითხვისას პირი მიშრებოდა, მაგრამ შეწყვეტა არ შეიძლებოდა, რადგან ის ემოცია დაიკარგებოდა. ამიტომ, ემოცია რომ არ დავკარგოთ, აფხაზური ლექსი, გინდ გადმოქართულებული, უპაუზოდ უნდა წავიკითხოთ.
- ივანე თარბა XX საუკუნის პოეტია, დღევანდელ, XXI საუკუნის აფხაზურ პოეზიაზე რას იტყვით, როგორია იგი?
- დღევანდელი აფხაზური პოეზია ისეთი კაცის მხრებზე დგას, რომლის სახელიცაა მუშნი ლასურია. იგი არის XX საუკუნიდან XXI საუკუნეში გადმოსული ტიტანი, კაცი, რომელსაც უამრავი ლექსი, მოთხრობა და თარგმანი აქვს - აბა, ადექი და თარგმნე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" აფხაზურად, როგორია? მუშნი ლასურიამ თარგმნა! რამდენიმე ხნის წინ "ევგენი ონეგინის" თარგმნისთვის პუშკინის ორდენოსანიც გახდა. მაგრამ დღევანდელი აფხაზური პოეზია მაინც ვერ არის სათანადო, რადგან XX საუკუნიდან გადმოსულ ხალხს "უკავია" ეს პოეზია. როგორც აქ, საქართველოში, ისევე - ჩვენთან, ახალს ვერ ვხედავ, კაცი რომ დაეყრდნობა და იტყვის: აი, იმედი, გაგრძელება, რომელიც არასდროს მოკვდებაო... დღეს - ვერაფერს, მაგრამ 20 წლის შემდეგ ალბათ გეტყვით...
- თქვენ მარტო მთარგმნელი არ ხართ, პოეტი ბრძანდებით. თქვენს შემოქმედებაზე რატომ არაფერს მეუბნებით?
- ჩემს პოეზიაზე მე არ ვლაპარაკობ, ამაზე სხვამ უნდა ისაუბროს.
- თქვენი ლექსების ქართული თარგმანი არსებობს?
- არა. თუ თარგმნაზე მიდგა საქმე, ისევ - მე უნდა ვთარგმნო, სხვას ვერ ვანდობ. მაგრამ ჭირს, ერთხელ განცდილი მეორედ რომ განიცადო. რამდენიმე კი მაქვს ნათარგმნი და ინტერნეტშიც ვდებ ხოლმე, მაგრამ ყველას ქართულად დაწერილი ჰგონია და არა - აფხაზურიდან ნათარგმნი...
მე ქართულ პოეზიაში სიახლე შემოვიტანე: აფხაზური სტილი და აფხაზური მელოდიურობა, რომელიც უჩვეულოა ქართულისთვის, მაგრამ მსმენელს, მკითხველს ბოლომდე სწვდება. ის აფხაზური სიმი არ წყდება, პირდაპირ გადმოდის ქართულში. მაგრამ ისეთი ჩქარია, იმ სტილს აფხაზური სულისკვეთება სჭირდება. მაგალითად, მე მაქვს ერთ-ერთი სტილი - 6-3-6-3. ქართული პოეზია მრავალფეროვანია, მარტო გალაკტიონი 17 სტილში წერდა, ხომ ასეა? მაგრამ აფხაზურის ის სტილი, მანევრები, სტრუქტურა ქართულში არც შემხვედრია და არც გამიგია, მაგრამ გადმოქართულებულში ანუ ჩემ მიერ ნათარგმნ აფხაზურ ლექსში გამოსჭვივის.
ნახეთ, როგორ მოდის აფხაზურიდან: "კრთება სიან-კარე დიად ცის./ ხურავს ღია კარებს დია-ცი"... ეს აფხაზური სტილია. მეორე სტილიც მაქვს - ერთ სტროფში ხუთი სტრიქონია და პირველი, მესამე და მეხუთე ერითმება ერთმანეთს, თანაც რა რითმითაც იწყებ, ისეთივეა ყველა. მაგალითად: "ავდრის ბორგვა და ხმაური/ მოგონების ძელქვად რჩება,/
მწვანე ფერთა დაღა-დუღით/ ზამთრის ჩრდილებს ექაჩება/ მზე სხივებად დაღვარული./ დართა დარმა დაჰკრა წუთი,/ ველთა თრთოლვის ექო ქრება./ უმალ მხრების ბაქა-ბუქით/ ქვებს და ნაპირს ეკონება/ ტალღის სული ნაქარბუქი./ ქვიშის სუნთქვა და ზღვაური/ პალმებს ტანზე ეტმანსებათ,/ გამარტების სასწაულით/ ზეცა სატრფოს ემსგავსება -/ ყელზე შვიდფერ სამკაულით!" (ნიკა ბაძაღუას ლექსი - ი.ხ.) ქართულიდან აფხაზურში ვერ შემაქვს სტილი. ამას ვერ ჰგუობს აფხაზური ლექსი. მაგალითად, სტრიქონში 10 მარცვალი თუ არის, აფხაზურში ყოველი მეორე ირითმება, ამიტომ შიდა რითმები, ჩქარი მელოდია, აი, საიდან მოდის. ჯერ ერთი აფხაზურად წერა არის ძნელი და მერე თარგმნა - უძნელესი. ამიტომ ვუწოდებ მუშნი ლასურიას ტიტანს - "ვეფხისტყაოსნის" დონის ნაწარმოები რომ თარგმნო, ეს მართლაც ტიტანური შრომა და ნიჭია.
- თქვენ ბრძანეთ, თარგმნისას ჩვენი პოეზიის აფხაზური სიმი არ წყდება, პირდაპირ გადმოდის ქართულშიო. ეს ნათქვამი რომ ოდნავ გავასულიეროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქართველებისა და აფხაზების სისხლისმიერ ნათესაურ კავშირს, გენეტიკას უკავშირდება?
- რა გითხრათ? პოეზია სულ სხვაა. აქ გენეტიკა არ არსებობს. ეს არის ღვთისგან ბოძებული ჰანგები, რომელიც შენ ირგვლივ ტრიალებს. ამ ჰანგებს შენ ვერ იჭერ, ის ჰანგი თვითონ გიჭერს. პოეზია თავისუფალი თემაა, სულივით თავისუფალი.
ადამიანს ფიზიკურად ბოჭავს ხოლმე რაღაც - როგორ მოიქცეს, ხალხში გამოჩნდეს თუ არა და ა.შ. ქცევაში რაღაც არ გეპატიება, მაგრამ... სულზე პატიება? სული, ხომ, არ ჩანს! ამიტომ ვამბობ, რომ პოეზია სულია კაცის.
თუ გინდა თანამედროვე პოეზია სხვას გააცნო, ძველი არ უნდა აჩვენო, რადგან ტერენტისა და გალაკტიონის წაკითხვის შემდეგ დღევანდელი პოეზიით ვის გააკვირვებ? ტერენტი გალაკტიონზე მეტად მიყვარს, მაგრამ მას არ აქვს რითმა. სიმართლე გითხრათ, არც ერთ გენიოს პოეტში და მის შემოქმედებაში არ მიგრძნია, რაც განვიცადე გალაკტიონის ამ რითმაში: "დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე" - სილაში ვარდი და სილაჟვარდე - აი, ეს არის რითმა! მორჩა, დახურა მანდ ყველაფერი გალაკტიონმა!
გაინტერესებთ, ქართველ პოეტებზე რომ ვსაუბრობ, XX საუკუნის აფხაზ პოეტებზე რას ვიტყოდი? - ივანე თარბა იყო აფხაზური პოეზიის ღმერთი. ასე განვაცხადებ, რადგან ამ ადამიანმა შექმნა 7-ტომეული და 100-ზე მეტი სიმღერა - დღეს რასაც მღერიან აფხაზეთში, უმეტესობა ივანე თარბას ლექსებზეა დაწერილი. ივანე თარბას ერთ-ერთი ლექსის ჩემი თარგმანიდან ორ სტრიქონს შემოგთავაზებთ: "სიცოცხლეს ვფიცავ, ეს ცა და მიწა/ სიცოცხლესავით ყველას ეყოფა!" ჯერ ერთი, სიცოცხლე, ხომ, ყველა სულდგმულისთვისაა და მერე - როგორ იფიცებს პოეტი, რამხელა წვდომაა! ეს კი თარბას შოთა ნიშნიანიძისეული თარგმანია: "ზეცა მწვერვალს აუკუწავს,/ ისე როგორც ხანჯალს./ ყრია ღრუბლის ნაფლეთები,/ სათამაშოდ, ქართა..."
- მიკვირს, ასე საფუძვლიანად რომ იცნობთ ქართულ პოეზიას, ასე შესანიშნავად რომ საუბრობთ ქართულად და ასე ღრმად რომ წვდებით ქართულ სიტყვას...
- ბოლომდე, როგორც საჭიროა, ისე რომ ვწვდებოდე, კალამს რა დამიჭერდა, მაგრამ... რაც იწერება, ყველაფერი ლექსი არ არის; რაც იწერება, ყველაფერი პოეზიაა არ არის; რაც ითქმება, ყველაფერი სიბრძნე არ არის...
- აქ თქვენზე ითქვა, ოთხ ენაზე საუბრობსო...
- კავკასიური ენები იგულისხმეს, თორემ რუსულიც ვიცი და თურქულიც.
- როგორ შემართულად ლაპარაკობდით თქვენი გამოსვლისას, თუნდაც - ახლა, არადა... ძალიან კი ცდილობდით დაფარვას, მაგრამ რამდენჯერმე თქვენს თვალზე ცრემლი შევნიშნე...
- ვიდრე აფხაზი პოეტების ლექსებს წავიკითხავდი, თქვენ მოისმინეთ, რით დავიწყე ჩემი გამოსვლა. ზოგიერთი ჩემზე ამბობს, ნიკა იმ აფხაზ პოეტებს თარგმნის, ვისაც საქართველო არ უყვართო. მითხარით, ჩემს წაკითხულ ლექსებში იგრძნობოდა, რომ იმ პოეტებს საქართველო არ უყვართ?
ამას ერთს დავამატებდი: შენ არ იცი, რაზე წერს ის კაცი და როგორ შეგიძლია, ან შეაქო, ან გალანძღო? შენ ჯერ ის ენა შეისწავლე, რას ამბობს, ის გადათარგმნე და მერე ესროლე, თუ არის სასროლი და შეაქე, თუ შესაქებია...
- ნიკა, ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე ჩვენთან?
- აქ მყავს ერთი მეგობარი, სულითაც და ფიზიკურადაც გოლიათი - ერეკლე საღლიანი! ის არის ამოუცნობი ფენომენი. ამ კაცს იმდენი ნიჭი აქვს, რამდენი სამყაროა მასში ერთად მოქცეული, თვითონაც არ იცის. ზენიჭი აქვს: გინდა - ლექსის წერის, გინდა - ორატორობის. საიუბილეო საღამო ჰქონდა და მესტიაში ჩამიყვანა. როგორც აქ, სამეგრელოში, იქაც ბრწყინვალედ დამხვდნენ, საღამო კი უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ბოლოს და ბოლოს, ერეკლეს საღამო იყო!
- ნიკა, თქვენთვის რას ნიშნავს ქართულ პოეზიასთან სიახლოვე, ჩვენთან სტუმრობა?
- მე მიწასა და წყალს კი არ დავეძებ! სტუმრობას, საქართველოში კი არა, სადაც უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, იმ მიწაზე ვინ დგას და როგორ დგას, თორემ მიწა არაფერს წყვეტს... მე ვარ სულით ხორცამდე პოეზიაში ჩაფლული, სხვა თემა ჩემთვის არ არსებობს... ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე...
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)