"ის პერიოდი დადგა, როდესაც პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედებას "ჩემი ცოლის დაქალები" ცვლის, ლეო ქიაჩელს - ნენე კვინიკაძე"
"მინისტრი ამბობს უზომოდ ბედნიერი ვარ ქეთევან დედოფლის ძვლები რომ ჩამოასვენესო. რატომ უნდა იყოს ძვლების ჩამოსვენებით ბედნიერი, თან უზომოდ?!"
"ზაზა პაპუაშვილი საშუალო დონის მსახიობია და ამიტომაც ამჯობინა პარლამენტის სცენაზე ყოფნა"
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, არტ-კრიტიკოსი დავით ანდრიაძე ამბობს, რომ დღეს ქართული ხელოვნება ღრმა კრიზისშია:
- დღეს ყველა მუზეუმის თანამშრომელი ამბობს ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა... რაღაცეები კეთდება, ათასში ერთხელ შედევრებს გამოფენენ და ხალხიც მიდის ერთმანეთის მიბაძვით, თორემ საერთოდ მუზეუმში გინახავთ ვინმე დადიოდეს? ახლახან ჩემი ახლობელი იყო ბელგიაში და ბედნიერი ჩამოვიდა, ყველა მუზეუმთან ყოველდღიურად რიგიაო...
გვატყუებენ, საგანმანათლებლო პროგრამები გვაქვსო, სკოლებში რაც ხდება ამ მხრივ ყველამ კარგად ვიცით. სახელმძღვანელოებს რომ გადაშლი გული გაგისკდება, პედაგოგიც გაჭირვებული თუ ვინმე მივა სკოლაში, თორემ მაღალი დონის პროფესიონალი იქ არ ასწავლის! ხელოვნებაში საგანმანათლებლო სეგმენტი მომსპარია!...
ჩვენდა საუბედუროდ კომუნისტების დროს უფრო მეტად იყო ყველაფერი აწყობილი ხელოვნების სფეროში. ახლა მთავარი მოვლენა ის არის, რომ ბოტიჩელის ორ ნამუშევარს ჩამოიტანენ, რომელიც სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება. ბოტიჩელს რა სჯობია, მაგრამ მისი ორი ნამუშევრის ჩამოტანას, ჯობდა ეს თანხა საქართველოს თანამედროვე მხატვრობას მოხმარებოდა. ეს სფერო თითქმის აღარ არსებობს საქართველოში. სახვით ხელოვნებაზე არანაირი ხარჯები არ გამოიყოფა კულტურის სამინისტროსგან... ახლა მიაწყდება მასა, არიქა, ბოტიჩელი უნდა ვნახოთო. არადა, უმეტესობა არც აქ იქნება საერთოდ მუზეუმში ნამყოფი და ევროპაში მოგზაურობის დროსაც მუზეუმში არც შეიხედავენ. ვიმეორებ, რომ თავისთავად ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ ცოტა პროვინციული სუნი ასდის ამ ყველაფერს! ორი ნამუშევრისთვის სახელმწიფო 400 ათას იხდიდეს და მხოლოდ სამი კვირა იყოს გამოფენილი.
- გამოსავალი რა არის?
- ხელოვნებას სჭირდება შიგნიდან მართვა და გარედან მხარდაჭერა... ქვეყნის მთავარი ნიუსი, რომ ქეთი დოლიძის თანამდებობიდან მოხსნა იქნება, რომელ ხელოვნებაზეა აქ საერთოდ ლაპარაკი?! როცა საქმე ხელოვნებას ეხება, ქეთი დოლიძეზე საერთოდ როგორ შეიძლება სერიოზულად ისაუბრო?! იგი რეჟისორი არც არის, ერთი ენერგიული ადამიანია საბჭოური აზროვნებით, რომელსაც ერთნაირად შეუძლია ემსახუროს თეატრსაც, ბიზნესსაც და სხვა სფეროსაც... ყველა არის ორიენტირებული სკანდალზე, ეს სკანდალი ორ დღეში მიინავლება და არც არაფერი რჩება იქედან შედეგი. სამი დღე მარტო მაგას ვისმენდით, - ქეთი დოლიძე მოხსნესო და რა დაგვრჩა აქედან?
თეატრში საერთოდ მოისპო ნამდვილი მაყურებლის კასტა. ასევეა მუზეუმები და გალერეები, რომლებიც მუდმივად ცარიელია. ძალიან დიდი პრობლემაა აუდიტორიის... ახლახან გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა, უზარმაზარი რანგის მომღერალი და თითქმის ცარიელი დარბაზიდან გაასვენეს. მხოლოდ ის ხალხი იყო, ვინც ნამდვილად იცოდა ამ მომღერლის ფასი. სოტკილავას რანგის მომღერალი რომ ოცი წლის წინ მომკვდარიყო, რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტებოდა... ცოტა ხნის წინ რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილი იყო და რომ ვიკითხე მიზეზი, მითხრეს, ირმა ინაშვილის პარტიის პრეზენტაციააო... ირმა ინაშვილის პარტიის პრეზენტაციაზე რომ მეტი ხალხი მივა, ვიდრე ამხელა ხელოვანის დაკრძალვაზე, აქედან ჩანს მოსახლეობას რა დამოკიდებულებაც აქვს ხელოვნების მიმართ. სიმბოლურად მაინც უნდა გადაეკეტათ ქუჩა, მიცვალებულს რომ მიასვენებდნენ, ყველა გვერდიდან ავტობუსები არ გამოჩხერილიყვნენ. პანთეომანია დიდად არ მჭირს, მაგრამ ზურაბ სოტკილავა ოპერის ბაღში დაკრძალვას იმსახურებდა და არა საბურთალოს პანთეონში...
საშინლად უკულტურო ერი ვართ. რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს ეს თავისუფალმა 25 წელმა განაპირობა. როგორც ჩანს, ლიბერალიზმი კულტურის დაუძინებელი მტერია. ამ დრომ შეიძლება ისეთი ვინმე წამოატივტივოს, ჭკუიდან გადახვალ.
- ხელოვანების პოლიტიკაში წასვლას როგორ უყურებთ?
- ზაზა პაპუაშვილი საშუალო დონის მსახიობია და ამიტომაც ამჯობინა პარლამენტის სცენაზე ყოფნა. აბა, ახლა რამაზ ჩხიკვაძე არ წავიდოდა პოლიტიკაში და რომც ეთქვათ, სიცილით მოკვდებოდა. ლანა ღოღობერიძე მუდამ პოლიტიკაში იყო ჩაბმული, მისი ნიჭიერების ხარისხი საჭიროებდა იმ ყავარჯენს, რასაც პოლიტიკა ჰქვია... ყველა სხვადასხვა მიზეზით მიდის.
70-იან წლებში ვინც იყო დიდი ხელოვანი, თითქმის ყველა ედუარდ შევარდნაძის პროექტი იყო. მან შეიძლება სიღრმისეულად არ იცოდა პოლიტიკა, მაგრამ ძალიან სწორად იცოდა კულტურის პოლიტიკა... მასთან დაახლოებით სამსაათიანი შეხვედრა მქონდა და გაოცებული დავრჩი, ისეთი ყნოსვა ჰქონდა კულტურაში. გრძნობდა რა ძალა აქვს კულტურას და აფასებდა... ახლა ხელისუფლებას ხელოვანები აღარ სჭირდება. მხოლოდ ათასში ერთხელ ელექტორატის მოსაზიდად...
დღეს კულტურაში სამარისებური სიჩუმეა! რაღაც კულტურული აქტივობები არის და ყველას აქვს 15-წუთიანი წარმატების უფლება. თუ გაიელვა რომელიმე არხზე, ეს არის მთავარი... მგონია, რომ ამგვარ სულელურ კულტურულ პროექტებზე სახელმწიფო ფულს არ უნდა ხარჯავდეს! წყალში გადაყრილი ფულია! კულტურის სამინისტროც ისეთი გვაქვს, მინისტრი გამოდის და ამბობს უზომოდ ბედნიერი ვარ ქეთევან დედოფლის ძვლები რომ ჩამოასვენესო. რატომ უნდა იყოს ძვლების ჩამოსვენებით ბედნიერი, თან უზომოდ?!
წყვეტა მოხდა კულტურაში, რომელსაც უკვე აღარაფერი ეშველება. ისეთი წარმატებები გვქონდა, ეტყობა გადავიღალეთ... ცოტა ხანს უნდა დავისვენოთ და ის პერიოდი გვაქვს, როდესაც პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედებას ცვლის "ჩემი ცოლის დაქალები", ლეო ქიაჩელს ნენე კვინიკაძემ... ნათქვამია, რომ "ხალხს აწუხებს ესთეტიკური წყურვილი და ხშირად მღვრიე წყალს სვამს"... იმდენ მღვრიე წყალს ვსვამთ, მალე დავიწამლებით!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)