"დეკემბერში გვქონდა დაგეგმილი ლიკას ვარსკვლავის გახსნა.... სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება"
"მთელი ცხოვრება გამყვება განცდა, რომ ასეთ ქალბატონს რაღაც დავაკელი..."
11 ოქტომბერს, ცნობილი ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.
როგორც ცნობილია ლიკა ქავჟარაძის სახელობის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა...
დავით ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი:
"ლიკას პირდაპირ ეთერში შევთავაზე მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა... ის ნამდვილად იმსახურებდა ვარსკვლავს, როგორც ნიჭიერი მსახიობი და ქართველი ქალის სილამაზის სიმბოლო. უფრო ადრეც ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, კარგად არ ვარ და გთხოვთ, გადავდოთო. შემდეგ სიურპრიზი მოვუწყვე და პირდაპირ ეთერში იმიტომ ვუთხარი, რომ უარი ვერ ეთქვა.
დეკემბერში გვქონდა დაგეგმილი ვარსკვლავის გახსნა, უკვე ყველაფერს ვგეგმავდით, მაგრამ... ლიკას გარდაცვალებით იმდენად ვარ შეძრული, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება, მაგრამ ხეივანს ვაკეთებთ, სადაც ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი საპატიო ადგილს დაიკავებს...
მე მას ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდი, მაგრამ ძალიან განვიცდიდი, ასე დათრგუნული რომ იყო. არსად გამოჩენა არ სურდა. არ მსურს პოლიტიკაზე ლაპარაკი... მაგრამ იგი სათანადოდ არ დააფასეს!
თქვა კიდეც, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი ბიძინა ივანიშვილის დახმარება იყო... რომ არა ივანიშვილი, ბევრი ხელოვანი საერთოდ გაქრებოდა ამ ქვეყნიდან!
სხვებსაც უნდა ეზრუნათ ამხელა ვარსკვლავზე და ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ადამიანების ცხოვრებაში დაფასება. სწორედ ამიტომ მსურდა ვარსკვლავის გახსნა, სადაც ხალხს საშუალება აქვს თავიანთი გულწრფელი სიყვარული გამოამჟღავნონ, რაც ყველაზე დიდი ჯილდოა... სამწუხაროდ, არ დაგვცალდა, უზომოდ გულნატკენი ვარ! მთელი ცხოვრება გამყვება განცდა, რომ ასეთ ქალბატონს რაღაც დავაკელი..."
იხილეთ ასევე: "შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ლიკასნაირი გოგო არ შეგყვარებოდა?!"
იხილეთ ფოტოგალერეა: ლიკა ქავჟარაძის აქამდე უცნობი ფოტოები
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)