"ლიკას გახსენებაც და დანახვაც ახლა უფრო მძაფრი იქნება. მიყვარს და მეყვარება" - დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - კვირის პალიტრა

"ლიკას გახსენებაც და დანახვაც ახლა უფრო მძაფრი იქნება. მიყვარს და მეყვარება" - დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

"რომ ვთხოვდებოდი, საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა"

"ეროსი მანჯგალაძემ მითხრა, ახლა ისეთი გოგო შემოვა, მის დანახვაზე ჭკუას დაკარგავო. ველოდი, რომ ლამაზს ვნახავდი, მაგრამ ლიკა მართლაც სასწაული იყო!"

ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე დღეს, 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა... ულამაზესი მსახიობი ორი კვირის წინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, 14 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს.

ფოტოგალერეა

რამდენიმე დღის წინ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ვრცელი სტატია მიუძღვნა ქართველ კინოვარსკვლავს, რომელსაც სრულად გთავაზობთ...

"დრო მიდის, კადრები კი რჩება", - ამ სიტყვებით ვიწყებდი ლიკა ქავჟარაძესთან ინტერვიუს, რომელიც მისთვის ბოლო აღმოჩნდა. სამახსოვროდ უამრავი კადრი დაგვიტოვა. ლაღი, მომხიბვლელი, მოღიმარი და სიცოცხლით სავსეა ფილმში "პეპელა". ჩემს მეხსიერებაში სწორედ ამ ფილმით დარჩება ლიკა ქავჟარაძე. ხელისგულებზე რომ დაჰფარფატებდნენ, იმ პეპლებს დაედევნა და... გაფრინდა.

ინტერვიუზე დათქმულ დროს ვეწვიე. თითქმის ორი საათი ვილაპარაკეთ. ყველაზე მეტად შვილიშვილზე საუბრისას უნათდებოდა თვალები. წუხდა, გავსუქდიო. წუწუნი არ სჩვეოდა, მაგრამ თქვა, რომ კომუნალური გადასახადების, წამლებისა და საკვებისთვის ძლივს ჰყოფნიდა ფული. ფოტოს გადაღებაზე შეყოყმანდა - ჩამეძინა და სალონში ჩასვლა ვეღარ მოვასწარი, თმა რომ მომეწესრიგებინაო. დავპირდი, რომელი ფოტოც არ მოგეწონებათ, წავშლი-მეთქი და დავითანხმე...

სალონი, რომელიც ვახსენე, ლიკას სახლის ქვემოთ არის. იქ მსახიობი დღეში რამდენჯერმე ჩადიოდა. ზოგჯერ - მხოლოდ ყავის დასალევად. პირველად სწორედ მათ მოუსაკლისებიათ - იცოდნენ, რომ მთელი დღით ფანჯრისა და აივნის კარის ღიად დატოვება არ უყვარდა. მერე ლიკას ბიძაშვილი გურამ ფალავანდიშვილი მივიდა და... გარდაცვლილი იპოვა... ნათესავები და ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ხშირად აწუხებდა დეპრესია და, როგორც ამბობენ, თავის მოკვლაც არაერთხელ უცდია.

ბოლო ხანს მეტწილად შინ იყო და ხატავდა.

"გახდომას აპირებდა და რაღაც აბებს სვამდა..."

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი: "ნატვრის ხის" გადაღებისას დავუახლოვდი. მერე ზოგჯერ ვხვდებოდით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. გამოფენისთვის ემზადებოდა. ნახატები უკვე ჩარჩოებშია ჩასმული. გარდაცვალების წინ, ღამის 2 საათზე დამირეკა, მოგეხმარები ნახატების გადატანაშიო. დაწყნარდი, შენ სახლში იყავი, მაგაზე როგორ გაწვალებ-მეთქი.

დილიდან ველოდი, მაგრამ არ დამირეკა. 3 საათზე მე დავურეკე - არ მიპასუხა. თურმე, უკვე გარდაცვლილი იყო. საღამოს ვიფიქრე, ავუვლი-მეთქი. მის სახლს რომ მივუახლოვდი, ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, სად ხარო. რომ გაიგო, ლიკასთან ავდიოდი - ვაიმე, მამა, არ ახვიდე, გარდაიცვალაო. ელდისგან სადარბაზო ამერია. როგორ ავედი, არ მახსოვს.

19 ოქტომბერს გამოფენა მაინც გაიხსნება, სამწუხაროდ, ლიკას გარეშე. ფილმის გადაღებასაც ვგეგმავდით. გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით მრავალი ვერსია გაჩნდა. მინდა ვთქვა, რომ არავითარი დეპრესია არ აწუხებდა. სტიმული ჰქონდა, ათასი გეგმა, მაგრამ გულმა უღალატა. დილით პროდუქტები უყიდია სალათის მოსამზადებლად. მერე, ეტყობა, ცუდად გახდა და ხალათმოცმული მიწოლილა. ექსპერტიზამ გამორიცხა საწამლავი, ნარკოტიკული ნივთიერება, ანტიდეპრესანტული მედიკამენტები. ეს იყო გული! გახდომას აპირებდა და რაღაც აბებს სვამდა, თუმცა ყველა კითხვას ექსპერტიზა გასცემს პასუხს.

ლიკა ჩემთვის სისპეტაკის, სისუფთავისა და გულკეთილობის განსახიერებად დარჩება. შტერულად გულკეთილი და ძალიან მორცხვი იყო. ამბობენ, ბოლო წლებში ჩაკეტილი იყოო. ლიკას ნახატებში კი ნათლად ჩანს, როგორ ხასიათზეც იყო"...

"მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და... ლიკას ასეთი სასაცილო რამეები არ დამართნია"

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: "ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს თენგიზ აბულაძე სტუდიაში შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას. მერე ჩვენც გავიცანით ლიკა. მომაჯადოებელი იყო, თან - სადა, არაპრანჭია. გადაღებისას სიღნაღში ვცხოვრობდით. ლიკა მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა და საჭირო იყო, ყოველდღე ემეცადინა, ამიტომ მისთვის სიღნაღის მუსიკალური სკოლა დილის 7 საათზე იღებოდა. დღეში 2-3 საათი მეცადინეობდა. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და... მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართნოდა".

"ისეთი ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმეტებდი"

ბერტა ხაფავა, მსახიობი: "თვალწინ მიდგას, "ნატვრის ხის" გადაღებაზე რომ ვნახე ეს პატარა გოგო, ულამაზესი, დიდი თვალებით შემოგვყურებდა. ხან ბებია ახლდა, ხან - დედა. ლიკას ბიძა, გეიდარ ფალავანდიშვილიც ხშირად აკითხავდა ამ ანგელოზს. კოლელიშვილიც და ჯაჭვლიანიც - ეს პატარა ბიჭები, შესციცინებდნენ, პატივს სცემდნენ! ისე კი არა, როგორც ქალს - როგორც ფერიას! ისეთი ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმეტებდი. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ტელევიზიაში შევხვდით. მითხრა, ცუდად ყოფნისას რამდენჯერმე თავის მოკვლა დავაპირეო".

"რომ ვთხოვდებოდი, საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა"

ქეთინო შარაბიძე, მეგობარი: "ჩვენი დედები მეგობრები იყვნენ და შვილებიც ერთად გაზრდილები ვართ. ხანდახან ვჩხუბობდით, მერე დედები გვარიგებდნენ. ერთხელ კარაქზე გაგვგზავნეს მაღაზიაში. არა მე მოვიტან, არა - მეო და ორივე გავცვივდით. ვიყიდეთ და წამოვედით. არც ერთი არ ვუშვებდით ხელს. გზაში ორივეს ხელზე ჩამოგვადნა და ბოლოს შინ კარაქი კი არ მივიტანეთ, კარაქიანები მივედით... რომ ვთხოვდებოდი, საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა. მე ლიკაზე დაბალი ვარ, გრძელი მქონდა. გადაჭერი მერეო. ძალიან კეთილი იყო. მართლაც გადავჭერი და ჯვარიც ლიკას კაბით დავიწერე".

"კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში..."

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი. მე 17 წლის ვიყავი, ლიკა - 13-ის. პატარა სცენა ჰქონდა - ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი "ბანდა" - რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება, თან - ნიჭიერი. მისი აუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში... მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას".

"მისი გახსენებაც და დანახვაც ახლა უფრო მძაფრი იქნება. მიყვარს და მეყვარება"

ლომერ ახვლედიანი, ოპერატორი: "უსამართლობაა ლიკას წასვლა. წავიდა უეცრად და უაზროდ. "ნატვრის ხე" ლიკას პირველი ფილმი არ იყო, მაგრამ დიდი გამოცდილებაც არ ჰქონია, ამიტომ ხშირად თენგიზ აბულაძე გაიყვანდა ხოლმე ცალკე და საუბრობდნენ. გახსოვთ, ალბათ, ჩიტი რომ შემოფრინდება, ის სცენა. სანამ ათამაშა, დაახლოებით საათ-ნახევარი ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. რომ შემოვიდოდა, ანათებდა. გახსოვთ, ის კადრი, წყაროსთან მდგომი ლიკა ბორის წიფურიას გმირს რომ გამოხედავს? იქ ისეთი თავისუფალი, ნამდვილი და საოცარია! იმდენად წმინდა, რომ მაყურებლის თაყვანისცემას იწვევდა.

ლიკა ყველასთვის უდიდესი დანაკარგია, მისი გახსენებაც და დანახვაც ახლა უფრო მძაფრი იქნება. მიყვარს და მეყვარება".

"ეროსი მანჯგალაძემ მითხრა, ახლა ისეთი გოგო შემოვა, მის დანახვაზე ჭკუას დაკარგავო"

დავით კვირცხალია, მსახიობი: "სასალდათე ბიჭების ეპიზოდში ვთამაშობ "ნატვრის ხეში". სიღნაღში რომ ჩავედი, ჯგუფს მუშაობა დაწყებული ჰქონდა. ვახშმობისას ეროსი მანჯგალაძემ მითხრა, ახლა ისეთი გოგო შემოვა, მის დანახვაზე ჭკუას დაკარგავო. ველოდი, რომ ლამაზს ვნახავდი, მაგრამ ლიკა მართლაც სასწაული იყო! ბიძამისი, გეიდარ ფალავანდიშვილი ახლდა - ეტყობა, მარტო არ გამოუშვეს. გახსოვთ, ალბათ, წყაროსთან ვხვდებით მარიტას, მისი სილამაზე გვაჯადოებს. "მოუსვლელში მივდივართ, არ ვიცით, დავბრუნდებით თუ ვერა და ერთი გვაკოცნინე, რა" - ვეუბნებით. მოდის და ზუსტად ისე, როგორც რეალობაში, ფილმშიც მონუსხულებს გვტოვებს. ლიკა იმდენად ამაღლებული და ბრწყინვალე იყო, რაც სცენარში ეწერა, იმას მარიტას მიმართ მართლა განვიცდიდით. მსახიობის ოსტატობა რეალურმა მშვენიერებამ დაჩრდილა".

"თუ გული არ გამისკდებოდა, არ მეგონა"

კახი კავსაძე, მსახიობი: "ლიკა გარდაიცვალაო, რომ მითხრეს, თუ გული არ გამისკდებოდა, არ მეგონა. თურმე რამხელა ადგილი ეჭირა ჩემს გულში! ბოლოს, როგორც თქვა, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ცხოვრობდა. ლიკას ბიძას, დედას, მამას ვიცნობდი. გადაღებაზე რომ მივდიოდით, ბიძამისმა დამირეკა, მიმიხედეო. რა მონაცემებიც ჰქონდა ლიკას, კინომ ვერ გამოიყენა. ეტყობა, ვერ მოვეფერეთ ისე, როგორც იმსახურებდა".

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: „თავის დროზე ვერ შევძელი, დედა და შვილი მიმეტოვებინა. ახლა სადღა წავალ...” - ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუ

ეკა სალაღაია