"ეს ნამდვილი სამოთხეა" - ტყიბულის რაიონში ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს
ტყიბულის რაიონის სოფელ ძმუისში, მდინარე ლეხიდარზე კანიონი აღმოაჩინეს, რომელსაც უცხოეთიდან უკვე მოჰყვა დაინტერესება. კანიონის შესახებ კლუბ "თეთნულდის" წევრი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგი ირაკლი ჯულაყიძე გვესაუბრა...
- ხუთი წელიწადია უკვე მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ოფიციალურად არსებობს, თუმცა მანამდეც დავდიოდით ექსპედიციებში... სწორედ ჩვენ ვნახეთ რაჭაში უნიკალური მღვიმე, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მედიამ ფართოდ გააშუქა. საქმეში მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიც ჩაერთვნენ.
National Geographyc-ის ფოტოგრაფი იყო ჩამოსული, ასევე იყვნენ ჩეხი სპეციალისტები... ნიუ-იორკის ინსტიტუტის სპეციალისტის თქმით, ასეთი მღვიმე მსოფლიოში მეორე არ არის ჯერჯერობით აღმოჩენილი...
აქტიურად ვმუშაობთ კანიონების მიმართულებით!
იტალიელებთან ერთად, თავიდან ბოლომდე გავიარეთ ტყიბულის რაიონში მდინარე ლეხიდარის ხეობაში არსებული ულამაზესი კანიონი, რომლის თაობაზეც ადგილობრივების გარდა არავისთვის არაფერი იყო ცნობილი. ძმუისის კანიონი, ასე ეძახიან ძმუისელები, ულამაზესია და ტურისტული თვალსაზრით დიდი პერსპეტივა აქვს. გადავიღეთ კანიონის ვიდეო და ფოტომასალა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა National Geographyc-ის ფოტოგრაფი... ეს ძალიან საინტერესო კანიონი გახლავთ.
ექსტრემალებისთვის იქ ნამდვილი სამოთხეა, რეგიონისთვის განვითარების არაჩვეულებრივი შანსი, რომელზეც მედიაში ჯერჯერობით არაფერი თქმულა... იმდენად მიმზიდველია, დარწმუნებული ვარ, ეს კანიონი ახლო მომავლში ძალიან ცნობილი გახდება.
- თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ხვამლის მთაზე... ახალი ხომ არაფერი გაქვთ სათქმელი?
- ხვამლის მთა პირველ რიგში საინტერესოა, როგორც გეოლოგიური წარმონაქმნი, გიგანტური კირქვული მასივი, რომელიც ბევრს მოგვითხრობს დედამიწის და კერძოდ რეგიონის გეოლოგიურ წარსულზე, ხვამლის მთა საინტერესოა პალეოზოოლოგებისთვის, ბოტანიკოსებისთვის (ხვამლზე გვხვდება ენდემური სახეობის მცენარეები), ხვამლის მთა დიდ ინტერეს იწვევს თავისი ლეგენდებით და თქმულებებით... გასაგებია, რომ ძალიან საინტერესო ობიექტია, მაგრამ შესწავლა ასე ადვილი არ არის. ხანგძლივი ექსპედიციაა მოსაწყობი და დიდი თანხებიც ჭირდება.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)