"მორაგბეთა განცხადება კაშიას არ უკავშირდება, სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელმოწერებით მანიპულაციები ხდება"
"სულ სხვა რამეზეა ეს ხელმოწერები გაკეთებული და გურამ კაშიას არანაირად უკავშირდება. პირადად მე, გეტყვით, რომ პროპაგანდას არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვარ"
ცოტა ხნის წინ, ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ლიდერი, გურამ კაშიას, რომელიც ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანია, მოედანზე გამოსვლისას, ლგბტ თემის სიმბოლური ფერების კაპიტნის სამკლაური ეკეთა. ამ ფაქტმა ჩვენში ზოგიერთი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. ზოგიერთი ჰომოფობიური პოზიცია ისეთიც კია, რომ კაშიამ თურმე ნაკრებში არ უნდა ითამაშოს და თუ ითამაშენბს, ისინი ნაკრების თამაშს აღარ დაესწრებიან. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრების მოქმედმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა, ფაქტობრივად, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს გურამ კაშიას.
ოთარ გიორგაძე, სპორტული ჟურნალისტი:
- ეს არის დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართული აქცია, რომელსაც პერიოდულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში მართავენ. ამ შემთხვევაში ეს აქცია იყო ჰოლანდიის ჩემპიონატში, რომელშიც ჩართული იყო უმაღლესი ლიგის 18 კლუბი და ბუნებრივია, მათ შორის, "ვიტესიც", რომლის კაპიტანიც გურამ კაშიაა. ზოგადად ფიფა და უეფა ძალიან ხშირად მართავს ანტიდისკრიმინაციულ აქციებს (რასიზმის საწინააღმდეგო და სხვ.). არა მხოლოდ ისინი, თითქმის ყველა წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატის სლოგანია, რომ სპორტის კარი ყველასთვის ღიაა და არა დისკრიმინაციას! ვფიქრობ, ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ აქციაში, მათ შორის გურამ კაშიამაც, გამოხატეს თავისი შეხედულება და ხაზი გაუსვეს იმას, რომ სპორტში დისკრიმინაციის ადგილი არ არის. ეს იყო, აბსოლუტურად, მისაღები აქცია, სწორედ იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც აქვთ ევროპულ ქვეყნებს და საქართველოსაც, სადაც მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი.
- საქართველოში, საზოგადოების ნაწილმა ძალიან ცუდად მიიღო კაშიას ეს ჟესტი...
- ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, უბრალოდ ყველა დამოკიდებულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფორმა. შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს ვინმეს საქციელი, მაგრამ ყოვლად მიუღებელია აგრესია...
ამ ყველაფრის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი მორაგბეების ხელმოწერებია, რომლებიც ვითომდა ღია წერილს ავრცელებენ და გამოდიან ლგბტ თემის პროპაგანდის წინააღმდეგ. რამდენად რეალურია ეს წერილი ამის გადამოწება, რაგბის კავშირში ვცადეთ:
თათია ბერიაშვილი, რაგბის კავშირის პრესსამსახურის ხელმძღვანელი:
- ვერ გეტყვით კონკრეტულად საიდან აიღეს ეს ხელმოწერები, მაგრამ ესაა ძალიან ძველი ნაკრების, რადგან ხელმომწერებიდან ბევრი ნაკრებში უკვე აღარ თამაშობს. ჩვენთვის გაურკვევლია, რატომ მიაბეს ეს ყველაფერი ამ თემას.
- ანუ საქართველოს რაგბის კავშირს მსგავსი ღია წერილი არასოდეს გაუვრცელებია?
- დიახ, შემიძლია დავადასტურო რომ ეს ხელმოწერები არაა ახალი, ბუნებრივია მათი ხელმოწერებია, ვისიც ჩანს, მაგრამ არა ამ თემასთან დაკავშირებით.
ჩვენ დავუკავშირდით, საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილს წევრს და კაპიტანს, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი აბუსერიძეს, რომლის ხელმოწერაც ასევე არის ამ წერილზე:
- სულ სხვა რამეზეა ეს ხელმოწერები გაკეთებული და გურამ კაშიას არანაირად უკავშირდება. პირადად მე, გეტყვით, რომ პროპაგანდას არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვარ. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი და ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის თუ შეხედულების ღიად დაფიქსირება და მე რას ვეთანხმები და რას არა, ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია.
- თუ გახსოვთ, რასთან დაკავშირებით გააკეთეთ ეს ხელმოწერები?
- თუ სწორად მახსოვს, 17 მაისთან დაკავშირებით, მოვაწერეთ ხელი რომ არ ყოფილიყო აღლუმი იმ ფორმით, რომელიც თითქოსდა იგეგმებოდა. ეს განცხადება კაშიას არანაირად არ უაკვშირდება, სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელმოწერებით მსგავსი მანიპულაციები ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს.
ქვეყანაში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, კანონის ფარგლებში გამოხატოს საკუთარი შეხედულება და ის იქნება სრულად დაცული, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა. მისი ეს შეხედულება თუ ორიენტაცია.
P.S. სამწუხაროა, რომ XXI საუკუნეში, კაშიას სოლიდარობა და დაცვა სჭირდება. ქართულ სოციალურ ქსელში არსებული მოფაშისტო ფბგვერდები, დიდი მონდომებით ავრცელებენ, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ფილიპ ლამის განცხადებას, თითქოსდა ის ემიჯნება ლგბტ თემს, თუმცა ლამის ეს განცხადება, არათუ გერმანულ პრესაში, არამედ ევროპულშიც არ იძებნება! მას მხოლოდ ქართულ და რუსულ საიტებზე თუ ნახავთ, დასკვნები თქვენთვის მომინდია.
P.P.S. რაგბში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა იციან, თუ ვინაა ნაიჯელ ოუენი. ესაა მსაჯი, რომლის ავტორიტეტი სარაგბო სამყაროში ძალიან დიდია. ნაიჯერ ოუენი ჰომოსექსუალია, თუმცა ეს სარაგბო თემს არ უშლის ხელს, რომ ამ ადამიანს პატივი სცეს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)