რატომ უცხადებს უარს საქართველო ინდოელებს ქვეყანაში შესვლაზე? - რას წერს ინდური გამოცემა?
გამოცემა The News Minute-ის სტატიაში მოცემულია ინდოელი ტურისტების ისტორია, რომლებიც საქართველოს საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყანაში არ შემოუშვა და თბილისის აეროპორტიდან უკან, ინდოეთში დააბრუნეს (ავტორი - ჰარიპრია სურეში)
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 19 ოქტომბერს ინდოეთის მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებმაც საქართველოში შესასვლელი ვიზა ელექტრონული წესით აიღეს და რომლებთაც შვებულების გატარება ამ ქვეყანაში სურდათ, საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკებმა ჯერ თბილისის აეროპორტში აყურყუტეს, შემდეგ კი, ემირატების გავლით, ინდოეთში დააბრუნეს, ანუ იქ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრნენ.
სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ინდოეთის მოქალაქეებს ბილეთები კოჩის აეროპორტში (ქერალას შტატი, სამხრეთი ინდოეთი) ჰქონდათ აღებული დაჯავნის წესით და თბილისში შარჟას გავლით ჩავიდნენ. "სამწუხაროდ, მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა: თბილისში ჩაფრენისთანავე ისინი დაუპატიჟებელი სტუმრების როლში აღმოჩნდნენ. "მართალია, კოჩის აეროპორტში გაგვაფრთხილეს, შეიძლება საქართველოში პრობლემები შეგექმნათო, მაგრამ რადგანაც ჩვენ ყველა დოკუმენტი წესრიგში გვქონდა, საქართველოში წასვლა მაინც გადავწყვიტეთ", - ამბობს ერთ-ერთი ტურისტი ჰარი.
როგორც ირკვევა, ინდოელებისთვის შარჟას აეროპორტშიც (არაბთა გაერთიანებული ემირატები) უთქვამთ ჩინოვნიკებს, რომ უკვე ტენდენცია შეიმჩნევა - საქართველოდან ინდოეთის მოქალაქეებს უკან აბრუნებენ და გაითვალისწინეთ - მეტი ტანსაცმელი, წამლები და ორი დღის საკვები პროდუქტები წაიღეთ, რადგან აეროპორტში ლოდინი მოგიწევთო.
ინდოელებს თბილისამდე მშვიდობიანად მოუღწევიათ და აეროპორტის შენობაში, საიმიგრაციო სამსახურთან რიგი დაუკავებიათ. თან ამჩნევდნენ, რომ ჩინოვნიკები ინდურ პასპორტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. თითოეული ცალკე ოთახში მიჰყავდათ და იქ 15-20 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.
"მეკითხებოდნენ, თან რამდენი ფული მქონდა. ვუთხარი, რომ 200 დოლარი. ეგ არასაკმარისიაო. ვუპასუხე, რომ გარეთ ჩემი ძმა დგას და რომ ფულის დიდი ნაწილი - 3 ათასი დოლარი მას აქვს, თან საკრედიტო ბარათიც. ვაჩვენე ბანკის ანგარიშის ასლი, მაგრამ ჩინოვნიკები შეუვალი აღმოჩნდნენ - არა და არა... ჩემი ძმა ამერიკაში ცხოვრობს, ამიტომ მას ნება დართეს, მაგრამ მის ცოლს უარი უთხრეს", - ამბობს ჰარი.
მოკლედ, ინდოელები თბილისიდან იმავე რეისით უკან დააბრუნეს.
როგორც The News Minute-ს კორესპონდენტს კოჩის აეროპორტში დაუდასტურეს, მართლაც, ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ ამ აეროპორტის მეშვეობით საქართველოში წასული მოქალაქეებიდან 18 უკან იქნა დაბრუნებული.
"საქართველომ თავისი იმიგრაციული წესები გაამკაცრა, მაგრამ არანაირ მკაფიო ახსნა-განმარტებას არ იძლევა, რატომ აბრუნებს უკან მაინცდამაინც ინდოელ მოქალაქეებს. როცა პასუხი მოვითხოვეთ, გვიპასუხეს, რომ უკან დაბრუნებულ მგზავრებს საქართველოში შესვლის უფლება არ ჰქონდათო", - ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბრისას ინკოგნიტო ჩინოვნიკი.
კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება, აცხადებს, რომ ბევრი მოქალაქე საქართველოს ტრანზიტის ქვეყნად იყენებს აშშ-ში გასამგზავრებლად. "ამის გამო საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური პრობლემებიც წარმოიქმნა. ასე რომ, საქართველოს მოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების დასამშვიდებლადაა გამიზნული", - გვეუბნება ინფორმატორი.
ჩვენს მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველად არ აძევებს ქვეყნიდან ინდოელ მოქალაქეებს. ასე მოხდა, მაგალითად, ივნისში ჩვენი მოქალაქე ჰუშბუ ქოჩალის მიმართ, როცა იგი, ახალგაზრდა ქალი, საქართველოში ტურისტად წავიდა, თბილისის აეროპორტიდან კი გარეთ აღარ გაუშვეს, ცხრა საათი ალოდინეს და ბოლოს უკან დააბრუნეს. ჰუშბუ ქოჩალის დრამატული ამბავის მასმედიაში გახმიანების შემდეგ ბევრმა ინდოელმა განაცხადა, რომ მგავსი თავგადასავალი თბილისში მათაც გადახდათ.
დიდი ძიება არ სჭირდება იმას, რომ ბოლო თვეებში საქართველოდან გამოძევებულ ინდოელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ერთ-ერთმა ტურისტმა ბლოგერმა შივა ნათხმა, რომელმაც თვითონ გამოსცადა საქართველოს სინამდვილე, რეაგირებისათვის ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუშმა სვარაჯსაც მიმართა და საქმეში ჩარევა სთხოვა. ამის საპასუხოდ, ინდოეთის საელჩომ ერევანში (სომხეთი) მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინდოეთის მოქალაქეებმა უმჯობესია თავი შეიკავონ ელექტრონული ვიზის მეშვეობით საქართველოში მოგზაურობისგან. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ