ამერიკელი ბლოგერი: "საქართველოში ტაქსიში ყოველი ჩაჯდომისას ვფიქრობ, რომ ცოცხალი ვეღარ გადავრჩები"
"ამერიკელებიც შეხვედრისას გიღიმიან, მაგრამ ამას ზრდილობის გულისთვის აკეთებენ. აქ კი შეიძლება ვინმემ მანქანაში ჩაგისვას და გიჟივით გატაროს, მაგრამ მერე სუფრასთან მიგიწვევს და ღვინოს შემოგთავაზებს. მგონი, ყველაზე მეტად სწორედ ეს მომეწონა - პირველივე შეხვედრისას უცხო ადამიანებიც კი ისე გექცევიან, თითქოს საპატიო სტუმარი იყო"
თუ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ჰკითხავთ, რა არ მოსწონს აქ, ალბათ, უპირველესად, ქართველ მძღოლებზე დაიწყებს ბუზღუნს, უფრო კი აეროპორტიდან მომავალ ტაქსებზე, რომლებმაც უცხოელებისთვის ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ზოგჯერ ხუთმაგი საფასურის გამორთმევაც უკვე ხელოვნებად აქციეს. ხშირად უცხოელების ბუზღუნი ბუზღუნადვე რჩება, თუმცა, გამონაკლისიც არსებობს.
თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა კარიკატურისტმა და ბლოგერმა ბილი მარტინსკიმ ქართველ მძღოლებს მიუძღვნა იუმორისტული ბლოგი, სათაურით "ტაქსის ტერორი", რომელიც აქაურ უცხოელებს შორის ძალიან პოპულარულია. ბლოგით "კვირის პალიტრაც" დაინტერესდა, ამიტომ ბილის შევხვდით და ვცადეთ, გაგვერკვია, მაინც რა ცოდვები მიუძღვით თბილისელ ტაქსისტებს ტურისტების წინაშე.
- შენს ბლოგს "ტაქსის ტერორი" ჰქვია და ამთავრებ წინადადებით: "აღარასოდეს ჩავუჯდები ქართველ ტაქსის მძღოლს!" ბლოგი იუმორისტულია, მაგრამ აშკარაა, რომ ქართველ მძღოლებთან უცხოელებს პრობლემები აქვთ. მაინც როგორ "დაგატერორა" ქართველმა ტაქსისტმა?..
- ეს ჩემი პირველი დღე იყო საქართველოში. შუაღამისას ჩამოვფრინდი. აეროპორტში ძალიან კარგად შემხვდნენ - ღიმილით, და ვიფიქრე, რომ ყველაფერი ასეც გაგრძელდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი იყო... ასეთი მანამდე არაფერი მინახავს. გიჟი მძღოლები ყველგან არიან, მაგრამ ეს რაღაც წარმოუდგენელი იყო. დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი და მხოლოდ იმ ჰოსტელის მისამართი მქონდა, სადაც უნდა მივსულიყავი.
აეროპორტიდან გამოსულმა პირველივე ტაქსის მძღოლს ვაჩვენე მისამართი და ჩავჯექი. ტაქსისტმა მაშინვე სიგარეტს მოუკიდა და საიდანღაც ლუდის ბოთლი ამოაძრო. ცალ ხელში სიგარეტი უჭირავს, მეორეში - ლუდი, საჭეს მაჯებით მართავს და ხან ეწევა, ხან სვამს, თან ისე მიქრის, გეგონება, სამყაროს დასასრული დადგა და ყველა დემონი ჩვენ მოგვდევს, ამან კი უნდა გაასწროს. იმასაც ახერხებს, რომ ყველა მანქანას გადაუსწროს. მოკლედ, საათში 140-ით მიქროდა და თან არც გზა იყო ცარიელი. მახსოვს, როგორ გამიხარდა, პოლიციის მანქანა რომ დავინახე. ვიფიქრე, მადლობა ღმერთს, ეს თავზე ხელაღებული ახლა მაინც შეანელებს, ან პოლიცია გააჩერებს-მეთქი... მაგრამ სიჩქარე არც შეუნელებია, პოლიციის მანქანას ისე დაუსიგნალა და მერე გადაუსწრო. ვფიქრობდი, აი, ახლა შევასკდებით რაღაცას, აი, ახლა-მეთქი. როგორც იტყვიან, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გამირბინა თვალწინ. უცებ კი ისმის ღრჭიალი და მანქანა ჩემს ჰოსტელთან ჩერდება. დიდად რელიგიური არა ვარ, მაგრამ მაშინ განურჩევლად ყველა ღმერთს ვწირავდი მადლობას, რომ გადავრჩით. მოკლედ, სწრაფად ნამდვილად მიმიყვანა, ამას ვერ დავუკარგავ, მაგრამ ჩემთვის ეს უნიკალური გამოცდილება იყო. ექვსი კვირაა აქ ვარ და მგონი, უკვე ყველა "მარშრუტკაში" ვიჯექი. ასე რომ, თანდათან ვეჩვევი. თუმცა, იმ პირველ ჯერზე ძალიან შემეშინდა.
- ბლოგებში მარტო ტაქსისტებს არ ერჩი. მაგალითად, ეპიზოდი ცხვრის ფარაზე, რომელიც გზას გიღობავდათ... ახსენებ პოლიციის მანქანებსაც, რომლებიც ე.წ. ჰიჩჰაიკერებს უჩერებენ...
- ცხვარი და ძროხები ნამდვილად ქმნიან საცობებს. ეს ყაზბეგში ვნახე. სამასი-ოთხასი ცხვარი მაინც იდგა ჩვენ წინ და არსად ეჩქარებოდათ. არაფრის დიდებით არ უნდოდათ გვერდზე გადასვლა და გზის დათმობა. თან არავინ ახლდათ. ჩვენი მძღოლი გაშმაგებით უსიგნალებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას მიჩვეული იყვნენ. ბევრიც ვიცინეთ, მაგრამ მძღოლი კი გაბრაზდა. მოკლედ, ოც წუთზე მეტხანს ვიდექით 300 ჯიუტი ცხვრის შექმნილ საცობში.
- "გადასწრების კულტურას" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ. ქართველი მძღოლის "ათი მცნებაც" კი ჩამოწერე...
- დიახ. საქართველოში აღმოვაჩინე, რომ თუ გინდა, ვინმეს გაასწრო, ნებადართულია ყველა შესაძლებლობა: საწინააღმდეგო ზოლზე, ავტობუსების ზოლზე, ტროტუარზე, ბალახზე გადასვლა.
ბორჯომში მგზავრობისას ჩემი "მარშრუტკის" მძღოლმა 6-7-ჯერ მოახერხა საპირისპირო მხრიდან მომავალი ორი მანქანის შუაში გაძრომა, რამდენჯერმე კი, როდესაც ეს ვერ შეძლო, მინდორზე გადავიდა და ისე გადაასწრო სხვა მანქანებს.
ასე რომ, ყველაფერი დაშვებულია, მთავარია, არავინ გაგასწროს. თქვენთან ხალხი ძალიან მეგობრული, გულღია და კეთილია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საჭესთან სხედან. მგონი, ქართველების ორი ტიპი არსებობს: ქართველი უმანქანოდ და ქართველი საჭესთან. ერთი ძალიან კარგი ტიპია, მეორე კი - ბრაზიანი და მეტისმეტად აგრესიული.
- პოლიციაზე რას იტყვი?
- ეს ნამდვილად ერთადერთი ადგილია, სადაც ვნახე, რომ ხალხს შეუძლია, პოლიციის მანქანას გაასწროს. ამასთან, რამდენიმე ადამიანისგან ვიცი, რომ გზაზე იდგნენ, გამვლელ მანქანას რომ დამგზავრებოდნენ, ამ დროს კი პოლიციის მანქანამ გაუჩერა და მიიყვანა, სადაც უნდოდათ... თუმცა, ეს უფრო პოზიტივია, ვიდრე ნეგატივი.
- საქართველოში შარშანაც იყავი, ახლაც ჩამოხვედი და როგორც ვიცი, მომავალ წელსაც აპირებ ჩამოსვლას. რა იპოვე ჩვენთან ასეთი?
- მიყვარს ამერიკისგან განსხვავებული ადგილების მონახულება. მე ძალიან პატარა ქალაქიდან ვარ. ჩვენთან 10 000-მდე მცხოვრებია. იქ არასდროს არაფერი ხდება - არც ცუდი, არც კარგი, არაფერი, რამაც შეიძლება აგაღელვოს. ასე რომ, რაღაცას ვეძებდი, სრულიად განსხვავებულს, პოზიტიურს და, რა თქმა უნდა, თუ ტაქსისტებს არ ჩავთვლით, მგონი, ვიპოვე კიდეც აქ.
- შეგიძლია ჩვეულებრივი ამერიკელისა და ქართველის პორტრეტები შეადარო?
- ამერიკელები უფრო ემორჩილებიან წესებს, ჩვენთან ყველაფერი მოწესრიგებულია, ყოველთვის იცი, რა და როდის მოხდება, აქაურობა კი მოულოდნელობებით არის სავსე, აქ ცხოვრება ქაოსურია, რაც ამაღელვებელია. და რაც მთავარია, აქ ყველაფერი უფრო გულწრფელი და უშუალოა. თუ ვინმეს დახმარებას სთხოვ, დაგეხმარებიან.
ამერიკაში რომ ვინმეს დახმარება დამჭირდეს, არ ვიცი, დამეხმარება თუ არა. რომც დამეხმაროს, ალბათ, რაღაცის გაღება მომიწევს სანაცვლოდ... აქ კი თუ რამე გამიჭირდა, ვიღაც აუცილებლად დამეხმარება - ვიღაც იზრუნებს, რომ მშიერი არ იყო, რომ მიხვიდე იქ, სადაც მისვლა გჭირდება, პოლიციის ოფიცერი ჰიჩჰაიკერს გაუჩერებს და ასე შემდეგ.
მე მართლაც ძალიან კარგად მიმიღეს და სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება. ამერიკელებიც შეხვედრისას გიღიმიან, მაგრამ ამას ზრდილობის გულისთვის აკეთებენ. აქ კი შეიძლება ვინმემ მანქანაში ჩაგისვას და გიჟივით გატაროს, მაგრამ მერე სუფრასთან მიგიწვევს და ღვინოს შემოგთავაზებს. მგონი, ყველაზე მეტად სწორედ ეს მომეწონა - პირველივე შეხვედრისას უცხო ადამიანებიც კი ისე გექცევიან, თითქოს საპატიო სტუმარი იყო. მთავარია, რას ელოდები, როცა აქ ჩამოდიხარ. თუ ბერლინს ან ლონდონს ელი, იმედი გაგიცრუვდება, რადგან ეს სულ სხვანაირი ადგილია. არა უკეთესი ან უარესი, არამედ სხვანაირი. თუ აქ ჩამოდიხარ რაღაც უნიკალურის, ავთენტურის სანახავად, ან თუ კარგი სამზარეულო და ლამაზი ბუნება გაინტერესებს, მაშინ არა მგონია, იმედი გაგიცრუვდეს.
- მითხარი სამი რამ, რაც საქართველოში ყველაზე მეტად მოგეწონა და სამი რამ, რაც არ მოგეწონა...
- რომ დავფიქრდე, ყველაზე მეტად რა მომწონს, ალბათ, მაინც ბუნება. ასეთი ბუნება არსად არასოდეს მინახავს. მთები, ტროპიკული პლაჟი და უდაბნოც კი... მწვანე ველები... მეორე - ადამიანები, სულ რაღაც ექვსი კვირის განმავლობაში ნამდვილი მეგობრები შევიძინე. მესამე - ქართული კერძები. ერთხანს რუსეთში ვმუშაობდი ინგლისურის მასწავლებლად და როცა კი მომშივდებოდა, სულ ქართულ რესტორანში მივდიოდი, რადგან ქართულ სამზარეულოსთან რუსული ახლოსაც ვერ მოვა...
- და უარყოფითი?
- ტაქსის მძღოლები! იმიტომ, რომ ტაქსიში ჩაჯდომის დაუძლეველი შიში გამიჩინეს. ჯერჯერობით ტაქსიში ყოველი ჩაჯდომისას ვფიქრობ, რომ ცოცხალი ვეღარ გადავრჩები და თან ხშირად ზედმეტსაც მახდევინებენ. ქართული არ ვიცი, მაგრამ რუსულად საუბარს ვახერხებ და ვისწავლე, რომ ჩაჯდომამდე აუცილებლად უნდა ვევაჭრო მძღოლს და ფასი შევუთანხმო... მეორე, რაც არ მომწონს - კოღოებია, ბათუმის კოღოები, რომლებმაც საშინლად დამკბინეს. რაც შეეხება მესამეს - რამდენჯერმე ვცადე, მეყიდა ოჯახის ღვინო, რომელსაც ქუჩაში ყიდიან და ყოველთვის ცდილობენ, მომატყუონ, ზედმეტი გადამახდევინონ. მესამეც ეგ არის - არავის მოსწონს, როდესაც ვიღაც მის გაცურებას ცდილობს! ეს მარტო აქ არ ხდება, მაგრამ... მივალ, ვიყიდი, მერე გავიხედავ გვერდზე და ორ წამში ვიღაცას უფრო იაფად აძლევენ. ასე რომ, სამი რამ, რაც არ მომწონს: ტაქსის მძღოლები, კოღოები და მატყუარა გამყიდველები.
ვაჟა თავბერიძე