"რამდენიმე არაკაცმა დანებით დაჩეხა ჩვენი კლასელი, შეძრული იყო მაშინ ქალაქი ამ მკვლელობით..."
სკულპტორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით ირაკლი ჟვანია "ფეისბუკში" ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"ჩვენს ბავშვობაში მოხდა ტრაგედია, რამდენიმე არაკაცმა დანებით წყნეთში დაჩეხეს ჩვენი კლასელი, ულამაზესი სპორტსმენი ბიჭი... შეძრული იყო მაშინ ქალაქი ამ მკვლელობით... ცოტა ხანში ის მკვლელები მრგვალ ბაღთან ბირჟაობდნენ, სხვებს საქმეებს ურჩევდნენ... მერე საძმოც გააკეთეს, ვერა-ვაკეში ხალხს ატერორებდნენ და აუთავებდნენ... მერე რა, აიტანა თბილისმა... ბევრი მათგანი დღეს პოლიტიკოსი ან ბიზნესმენია, ბევრი ტელევიზიით სხვებს ჭკუას ასწავლის, ოკუპაციასთან მებრძოლიცაა, ზოგი წამლისგან გარდაცვლილია ან მოკლულია მისნაირივე ნაძირალის ხელით...
...თბილისი მუდამ ითმენს მკვლელებს და ნაძირლებს...ხორავაზე რაც მოხდა, ამის გაგრძელება იცით რა იქნება? იმ ნაძირალა მკვლელს, თუ დაიჭირეს, ჩაუწყობენ ვადის შემცირებას, მერე ციხეში შევა "კაი ბიჭის" სახელით, იქაც იბლატავებს, მისი ძმაკაცები პადაგრევებს შეუგზავნიან, შავი რეიბანებით ბირჟას გაამაგრებენ და აბა ვინმემ გაბედოს და უთხრას რომ "მკვლელი ხარ შენი დედა..." გავა ათი ან მეტი წელი, გამოვა ის მაიმუნი ციხიდან, ძმები უყიდიან "პორშ კაიენს" და ნაშასთან ერთად შარდენზე ლაუნჯში წამოწვება...
არასდროს არ შეეშინდება იმის, რომ მკვლელია, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფრისეშინია. ამ ქვეყანაში ყველას გვყავს ახლობლებში ან ნაცნობებში მკვლელები ყაჩაღები ნარკომანები, ვთამაშობთ კანონიერ ქვეყანას და საძმოს ტიპები პოლიტიკოსები არიან, ქმრის მკვლელობაზე ციხეში ნაჯდომი ქალი ტელეწამყვანია, როგორც ნიკო წერდა "...ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს...".
ყველაზე მეტი ქურდი მსოფლიოში საქართველოდანაა, ას მილიონიან ერებს ვუსწრებთ ამ საქმეში, სამაგიეროდ მაღალი დონის მხატვარი ან მუსიკოსი ათი - ოცი კაცი თუ მოიძებნება...
მენტალურად კრიმინალური ერი და საზოგადოება ვიყავით და ვართ. მკვლელი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ კიდევ უარესი ვართ მაგათ მიმართ " ვა პრივეტ რავა ხარ ძმაოთი...".
ჰოდა, გუშინ ის პატარა ბიჭი შეეწირა "კაი ბიჭს", ეხლა მისი საძმო რომ ზის და გეგმებს აწყობენ, როგორ ჩააწყობენ პროკურატურაში და სასამართლოში საქმეს...
ია და ვარდების ქალაქი.
კაი ბიჭების ქალაქი.
"ჩემ ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ხომ ჯონდომ ბონდო დააორსულა....", - დაწერა ირაკლი ჟვანიამ "ფეისბუკში".
(წყარო)