"ჩვენთან სახლს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო რომ დააწერო, ვერავინ შეგედავება"
"სასტუმროს ფასადის შუშის ჩამტვრევა შეუძლებელი იყო"
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალებული ტრაგედიიდან კვირაზე მეტი გავიდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი აქამდე უცნობია. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი სადენებს გაუჩნდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია... რამდენიმე წლის წინ ქობულეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძარი, რომელსაც მოზარდები ემსხვერპლნენ და რომლის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იყო, ჭკუის სასწავლებლად უნდა ქცეულიყო, თუმცა...
"სასტუმროს ფასადის შუშის ჩამტვრევა შეუძლებელი იყო"
უჩა ზაქაშვილი, ექსპერტი სამშენებლო სამართალში: - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ახლა გააქტიურდა და დაიწყო მონიტორინგი - ალბათ, "ლეოგრანდის" ტრაგედია გახდა ინსპირაციის წყარო. მე, როგორც იურისტს, მაინტერესებს, როდის შევიდა ექსპლუატაციაში "ლეოგრანდი" და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ბათუმის მერიასთან ერთად, რატომ არ იყო ჩართული ესპლუატაციაში მიღების პროცესში? როგორც აღმოჩნდა, სასტუმროში თავიდანვე არ იყო ე.წ. შეუბოლავი კიბე და როგორ გაიარა ტესტირება შენობამ, გაუგებარია! 2017 წლის გაზაფხულზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მისცა შენიშვნა "ლეოგრანდს" ცეცხლმაქრების არარსებობის გამო, მაგრამ ამის თაობაზე დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა. ვფიქრობ, შექმნეს შთაბეჭდილება, რომ სასტუმროს უსაფრთხოებისთვის ჰქონდა სხვა ყველაფერი - საევაკუაციო კიბე, წერაქვები და ა.შ.
- ანუ ეს ფორმალური შემოწმება იყო?
- არ არის გამორიცხული, მონიტორინგი ფორმალური ყოფილიყო. ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ დოკუმენტი, სადაც დარღვევები უნდა ჩანდეს.
- თუ სასტუმროს არ ჰქონდა საევაკუაციო კიბე, ცეცხლმაქრები, გამართული ტექნიკური სიგნალი, ევაკუაციის გეგმას რა მნიშვნელობა ექნებოდა?
- სწორი კითხვაა. მხოლოდ კედელზე გამოკრულ გეგმას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სასტუმროს უნდა ჰქონოდა დამატებითი კვების ბლოკი, ავტონომიური მომარაგების სისტემა. ევაკუაციის გეგმის ერთადერთი დანიშნულებაა, აჩვენოს ადამიანს უსაფრთხო ალტერნატიული გასასვლელები და ცეცხლმაქრების მდებარეობა.
- თუ შეიძლებოდა შუშის ჩამტვრევა შესაბამისი ხელსაწყოებით?
- ფასადის შუშა იმდენად მყარი მასალისგან მზადდება, მისი ჩამტვრევა შეუძლებელია...
მეპატრონესთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ბათუმის მერიას. თუ აქვთ დოკუმენტები, რომ მეპატრონეს მისცეს შენიშვნა და მან ის არ გაითვალისწინა, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ მეპატრონემ უნდა იტვირთოს.
- თუ არის განსაზღვრული, რა ტიპის შენობების უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს სახელმწიფო?
- სახელმწიფომ გადაწყვიტა, მრავალბინიანი კორპუსებისა და ასნომრიანზე ნაკლები სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოება არ აკონტროლოს. ასზე მეტ ნომრიან სასტუმროებს კი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უწევს მონიტორინგს, ისიც 2015 წლის ივლისიდან. გაგიკვირდებათ და, კანონში შავით თეთრზე წერია, რომ სააგენტოს აკრძალული აქვს სხვა ობიექტების კონტროლი.
- რატომ, მრავალბინიან კორპუსებს ან პატარა სასტუმროებს უსაფრთხოების კონტროლი არ სჭირდებათ?
- ეს ჩემთვისაც გაუგებარია. მსხვერპლი ორნომრიან სასტუმროშიც მსხვერპლია და ორასნომრიანშიც. მრავალსართულიანი შენობების მონიტორინგი კი არ ევალება არავის, თუ არ ჩავთვლით 2017 წლის დადგენილებას, რომლის მიხედვით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი, რაც გულისხმობს, რომ პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა, უკვე დასრულებულ ან მშენებარე კორპუსებზე არ ვრცელდება არც მუნიციპალური და არც სახელმწიფო კონტროლი. 2017 წლის დადგენილებით, მერიას ევალება წინასწარი კონტროლი, ანუ არ მიიღოს მშენებლობის პროექტი, თუ მასში უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული არ იქნება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ფუნქცია კი არ შეცვლილა - ისევ ასნომრიანი (და მეტი) სასტუმროს მონიტორინგი გახლავთ. პატარა სასტუმროების, საცხოვრებელი სახლებისა თუ მრავალბინიანი კორპუსების მონიტორინგი მათ ფუნქციაში საერთოდ არ შედის.
- რას ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი?
- აუცილებლად უნდა იყოს შეუბოლავი კიბე, საევაკუაციო გეგმები, სახანძრო განათება, რომელიც ხანძრის დროს ციმციმებს და საევაკუაციო გეგმის შემჩნევა შეიძლება. უნდა არსებობდეს ალტერნატიული ელენერგიის კვების წყარო, სასურველია, იყოს წყლის ალტერნატიული ავზი, სასიგნალო სისტემები, რომლებიც ირთვება დაკვამლიანების შემთხვევაში და აფრქვევს წყალს, ცეცხლმაქრები და სპეციალური მოწყობილობები ჩაკეტილი სივრცეების გასამტვრევად. უფრო მაღალი სტანდარტია სახანძრო ლიფტი - შესაბამის შახტაში კვამლი არ ხვდება, მაგრამ ეს ძვირი ფუფუნებაა.
- უკვე აშენებულ შენობებში შეუბოლავი კიბის ჩაშენება არ შეიძლება?
- ეს დამოკიდებულია შენობის შიდა პროექტირებაზე, შესაძლოა, ისე იყოს დაგეგმარებული, შეუძლებელი იყოს სახანძრო კიბის ჩაშენება.
- "ლეოგრანდის" ხანძარს გადარჩენილები ამბობენ, რომ ცეცხლის კერა არავის დაუნახავს. ეს ხომ არ იწვევს ეჭვს, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს?
- ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. ჩემი ვარაუდით, ხანძარი პლასტმასის მოსაპირკეთებელ ელემენტებს გაუჩნდა და მაღალი დაკვამლიანება უხარისხო, ქიმიური ნივთიერებების შემცველი მასალის წვის შედეგია.
"
კვირის პალიტრა" ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს დაუკავშირდა:
- იყო თუ არა დაცული სასტუმრო "ლეოგრანდში" უსაფრთხოების ნორმები?
- ამ კითხვით შს სამინისტროს უნდა მიმართოთ. ბათუმის მერია 2017 წლიდან მიღებულ პროექტებში ამოწმებს უსაფრთხოების ნორმებს. მანამდე აშენებული შენობა-ნაგებობები არ ექვემდებარებოდა მონიტორინგს. ეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კომპეტენციაა.
შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა გახდა სასტუმროში ხანძრის მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
"ვარსკვლავს ჩვენთან მეპატრონის სინდისი არეგულირებს"
როგორც ირკვევა, ჩვენთან ვარსკვლავების რაოდენობას მხოლოდ მეპატრონის ნება-სურვილი და სინდისი არეგულირებს. ყველას აქვს უფლება, მიანიჭოს თავის უძრავ ქონებას ხუთი ვარსკვალავი.
შალვა ალავერდაშვილი, სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი: - ეს სფერო ჩვენთან არ კონტროლდება. ვინმემ რომ გადაწყვიტოს, თავის სახლს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დააწეროს, ვერავინ შეედავება. ჩვენთან ვარსკვლავების რაოდენობას არეგულირებს ბაზარი, სტუმრების შეფასებების მიხედვით.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო?
- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მთავარია სახანძრო უსაფრთხოება, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო და ძირითადი პარამეტრი - ადგილმდებარეობა.
დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები თბილისის სასტუმროებში
"კვირის პალიტრა" ბრენდულ და საოჯახო ტიპის სასტუმროებს ეწვია. საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ნორმების ამსახველი კადრების გადაღებაზე უარი გვითხრა, მიზეზად კი ცენტრალური ოფისის დირექტივა დაგვისახელა, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე გადაღებას კრძალავს.
მეტეხის ქუჩაზე რამდენიმე სასტუმროა, მათ შორის - საოჯახოც. ერთ-ერთ ოთხსართულიან სასტუმროში ვერსად ვნახეთ საევაკუაციო გეგმა, ცეცხლმაქრი კი მხოლოდ მესამე სართულის დერეფანში შევნიშნეთ. ქალბატონმა, რომელიც ექსკურსიამძღოლობას გვიწევდა, გვითხრა, რომ ცეცხლმაქრებს საპირფარეშოში ინახავენ(?!). მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორსართულიან სასტუმროში ვერც საევაკუაციო გეგმა ვნახეთ და ვერც - ცეცხლმაქრი. ამ ქუჩაზე კიდევ რამდენიმე სასტუმრო მოვიარეთ, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები ყველგან დარღვეულია. ერთგან განგვიცხადეს, რომ საევაკუაციო გეგმას, ცეცხლმაქრებსა და საგანგაშო სიგნალის დამონტაჟებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, სასტუმროს ფასადზე გაკრულ სამ ვარსკვლავზე კი გვითხრეს, რომ ეს შეფასება ადმინისტრაციამ განსაზღვრა და არა რომელიმე უწყებამ.
რის მიხედვით ენიჭება განვითარებულ ქვეყნებში სასტუმროს ვარსკვლავები?
განვითარებულ ქვეყნებში სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა დამოკიდებულია სახელმწიფოში მოქმედ ნორმაზე ან საერთაშორისო სტანდარტზე. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სასტუმროს მეპატრონე ამას საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს... ამის დასარეგულირებლად, მაგალითად, საფრანგეთში 2009 წლის კანონმა შეცვალა 1986 წლის ნორმა, რომლის მიხედვით სასტუმროებს ვარსკვლავები განუსაზღვრელი ვადით ენიჭებოდა. ახალი ნორმით, ასეთ შენობებს ვარსკვლავებს კონკრეტული დროით ანიჭებენ.თუ შენობა უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, მას სასტუმროს ფუნქციასაც კი არ ანიჭებენ. სასტუმროს სტატუსის მოსაპოვებლად, შენობა უნდა აკმაყოფილებდეს პასიურ და აქტიურ ნორმებს.
პასიური ნორმა გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოებას (შეუბოლავ კიბეს, დამატებით, სახანძრო კარს, საევაკუაციო ლიფტს, გეგმას და ა.შ.). აქტიური ნორმა კი გულისხმობს სასიგნალო დაცვას (ხმოვან სისტემას, სენსორულ აპარატურას, რომელიც წყლის ჭავლს გამოყოფს, პირველადი დახმარების ყუთს და ა.შ.).
თორნიკე ყაჯრიშვილი