"ყოველი ქართველი როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში..."
"ყველაფერი 2002 წელს უწმინდესის იდეით დაიწყო, რომ მახათას მთაზე აშენებულიყო ღვთისმშობლის სავანე - ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის "ივერონის" ანალოგი"
"პირველად მოვახერხეთ ზარების საქართველოში ჩამოსხმა. მათი ჟღერადობა უნიკალურია. ხუთივე ზარი - დედო ზარი, მიმტევებლობის, მონანიების, მოხმობის და სიხარულის - ბრინჯაოსია. ისინი სხვადასხვა ზომისაა, ყველაზე დიდი - 1,5 ტონას იწონის, პატარა კი ნახევარ ტონას"
"თბილისში, მახათას მთაზე, შენდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და სავანე. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ისტორიაში: ყოველი ქართველი როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში... წმინდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი".
ილია II
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში ჩაერთო სრულიად საქართველო და შეიქმნა ფონდი "ივერიისა". თუ როგორ მიმდინარეობს ეს საუკუნის უმნიშვნელოვანესი მშენებლობა, რა გაკეთდა, რა დარჩა გასაკეთებელი, ამის შესახებ საზოგადოება "ივერიისას" ხელმძღვანელი გიორგი თავაძე გვესაუბრება.
- თქვენი გაზეთით გვინდა, იმ ხალხს, რომელსაც წვლილი შეაქვს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში, ჩვენი საქმიანობის ანგარიში ჩავაბაროთ. სიმბოლურია, რომ ანგარიშის ჩაბარება უწმინდესის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს დაემთხვა. ვსარგებლობ შემთხვევით და უწმინდესს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ დღეგრძელობასა და სიხარულს.
ყველაფერი 2002 წელს უწმინდესის იდეით დაიწყო, რომ მახათას მთაზე აშენებულიყო ღვთისმშობლის სავანე - ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის "ივერონის" ანალოგი. უწმინდესმა დააფუძნა "ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი", რომელსაც მახათას მთაზე უნდა აეშენებინა ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი. ფონდს უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 2002 წელს სათავეში ჩაუდგა ბატონი გია ყარყარაშვილი. ფონდმა საქმიანობა დაიწყო ათონის ივერთა მონასტრის ქტიტორების - იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების ტაძრის მშენებლობით. მისი საძირკვლის კურთხევაში პატრიარქთან ერთად ათონის მთის 13 მონასტრიდან ჩამოსული ბერები მონაწილეობდნენ. ტაძრის მშენებლობა 2007 წელს დასრულდა. 2010 წლიდან უწმინდესის ლოცვა-კუთხევით, სავანის მშენებლობაში ჩაერთო სრულიად საქართველო, ამიტომ უწმინდესმა პაატა ბურჭულაძეს სთხოვა, ხალხისთვის ამ პროექტის არსის ინფორმირება ეთავა. 2016 წელს, როდესაც ბატონმა პაატამ პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, დატოვა ფონდი "ივერიისა", უწმინდესის თხოვნით, ფონდის თავმჯდომარე გავხდი. ამ პროექტში 2002 წლიდან ვარ ჩართული - ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდით. ასე რომ, თავიდანვე აქტიურად ვმონაწილეობდი პროექტის განხორციელებაში.
ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე, მნიშვნელობით საერთო ეროვნული პროექტია, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებით, "წმინდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი".
ამ პროექტში მონაწილეობა არის ქართველი ერის მადლიერების გამოხატულება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, რომელიც არის ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანული მოძღვრების შემომტანი საქართველოში. ამავე დროს, ჩვენ შეწევნას ვთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ქართველ ერს კიდევ ერთხელ მისცეს უნარი ამ მოძღვრების სწორედ გააზრებისა.
რამდენადაც დღეს მხოლოდ ქრისტიანობაზე დაფუძნებულ ფასეულობათა სისტემას შეუძლია გახდეს თანამედროვე ქართველი საზოგადოების გაზიარებული ფასეულობა, ამ პროექტში მონაწილეობით ერთობის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დღეისათვის 65,000 ადამიანი წირავს ყოველთვიურად თანხას. თითოეული შემომწირველი ამ პროექტის დამფინანსებელია, მიუხედავად შემოწირული თანხის ოდენობისა. დაახლოებით მილიონამდე ადამიანი - ცოცხალი და გარდაცვლილი - არის მოხსენიებული ანკეტებში, ანუ მილიონამდე ადამიანი არის აღმშენებელი.
ინფორმაცია აღმშენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: www.iveriisa.ge
- "საზოგადოება ივერიისას" ფუნქციებში რა შედის?
- "საზოგადოება ივერიისა"-ში შემოდის თანხები, რომელიც მიზნობრივად ნაწილდება. 2016 წელს გადავწყიტეთ, ფონდი გადაკეთებულიყო საზოგადოებად. ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება არ გახლავთ. ამ საზოგადოებას არა მარტო თანხები უნდა აღენუსხა, არამედ აქტიური ურთიერთობა უნდა დაგვემყარებინა მოსახლეობასთან, გვესაუბრა მათთან პროექტის არსის შესახებ.
დღეს "საზოგადოება ივერიისა" სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ესაა - საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტსა და მის მნიშვნელობაზე. ამ საქმეში ჩართული არიან: ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები... ვსაუბრობთ ათონზე, მის მნიშვნელობაზე, ვაჩვენებთ ჩვენს გადაღებულ ფილმს. ვისაც სურვილი უჩნდება ამ პროექტში გაერთიანებისა, გვიერთდებიან, თანხასაც სწირავენ, რაც, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია;
მეორეა - ფინანსური მენეჯმენტი. ბუნებრივია, შემოსულ თანხებს მართვა სჭირდება;
მესამე - სამშენებლო მენეჯმენტია. ყველა სამშენებლო სამუშაო ტენდერის საფუძველზეა ჩატარებული. ტენდერში გადაწყვეტილების მიღების პირობა არა მხოლოდ თანხობრივი მაჩვენებლებით განისაზღვრება, არამედ ხარისხის უზრუნველყოფაც არის საჭირო. "საზოგადოება ივერიისა" საფუძვლიანად მუშაობს ამ მიმართულებით.
2011 წლიდან დღემდე 19 მილიონი ლარია შემოსული. აქედან 9%-ზე ოდნავ მეტია დახარჯული ხელფასებზე, ძირითადი თანხა კი, რა თქმა უნდა, მშენებლობას ხმარდება. დაწყებული 2012 წლიდან, ყოველწლიურად კეთდება ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების აუდიტი. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ 2016 წლის ფინანსური უწყისები.
- ამჟამად რა ფაზაშია ტაძრის მშენებლობა?
- ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მასშტაბური ნაგებობაა, მისი სიგრძე 61 მ, სიგანე 34 მ, სიმაღლე კი - 51 მ-ია.
ტაძრის და მთელი სამონასტრო კომპლექსის მთავარი არქიტექტორი გახლავთ ბატონი ომარ ნაფეტვარიძე. ამჟამად ტაძარი გარედან სრულად შემოსილია. დასრულდა ძირითადი სამშენებლო სამუშაო. დარჩენილია 2018-19 წელს ჩასატარებელი სამუშაოები, რაც დამოკიდებულია ფინანსურ ნაკადზე. გასაკეთებელი დარჩა - შიდა იატაკის მოწყობა, კარების ჩამოკიდება, ვენტილაცია-კონდიცირების სისტემა. ჩვენს ვებგვერდზე www.iveriisa.ge, თუ შებრძანდებით, ვებკამერებით შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გამოიყურება ტაძარი, აგრეთვე დაიდება ფოტოები, თუ რა ხდება ნაგებობის შიგნით.
გარდა ამისა, აგებულია წყალკურთხევის პავილიონი, რომელიც მოპერანგებულია, აშენებული და მოსაპირკეთებელია სამრეკლოც, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი გია ჯაფარიძის მიერ გაკეთებული კარი, რომელიც დიდებულებას მატებს ტაძარს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ტაძრისთვის პირველად მოვახერხეთ ზარების საქართველოში ჩამოსხმა. მათი ჟღერადობა უნიკალურია. ხუთივე ზარი - დედო ზარი, მიმტევებლობის, მონანიების, მოხმობის და სიხარულის - ბრინჯაოსია. ისინი სხვადასხვა ზომისაა, ყველაზე დიდი - 1,5 ტონას იწონის, პატარა კი ნახევარ ტონას. მათი ავტორი ომარ ნაფეტვარიძეა, ჩამოასხეს მამა-შვილმა პაატა და ოლეგ გელაშვილებმა. მათივე ნახელავია გუმბათზე აღმართული ჯვარიც.
შექმნილია ქტიტორთა საბჭო, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებისაგან შედგება. ჩვენ პერიოდულად ვაბარებთ ანგარიშს ქტიტორთა საბჭოს, მაგრამ თუ გაჩნდება დამატებითი კითხვები და იქნება საზოგადოების დიდი ინტერესი, მზად ვართ, ვუპასუხოთ ჟურნალისტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელიც საზოგადოების კითხვებს გაახმოვანებს.
- გეგმებზეც ვისაუბროთ.
- როდესაც პატრიარქმა ჩაიფიქრა, რომ ტაძარი უნდა ყოფილიყო ათონის ივერთა მონასტრის ანალოგი, ის გულისხმობდა აქ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვასაც. მოგეხსენებათ, რომ ივერონი იყო არამხოლოდ გამორჩეული სულიერი ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც. სწორედ ივერონმა განაპირობა დიდწილად ქართული იდენტობის შენარჩუნება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე საგანმანათლებლო ცენტრის ინფრასტრუქტურული საფუძველი მუზეუმი ყოფილიყო.
მუზეუმი ტაძრისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აიგება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსი ჩვენი ქვეყნისთვის. მის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნული მუზეუმი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საპატრიარქო და "საზოგადოება ივერიისა".
შემოწირულობებით მიმდინარეობს და ფინანსდება მუზეუმის საპროექტო სამუშაოები, რომელსაც პორტუგალიელი არქიტექტორი ლუიშ ტავარეს პერეირა ახორციელებს. ძალიან მალე მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ პროექტის შესახებ.
მუზეუმს სხვადასხვა საჯარო-საგანმანათლებლო სივრცე ექნება. იფუნქციონირებს 200-კაციანი აუდიტორია, ლექციებისათვის, საზოგადოებრივი შეხვედრებისთვის გამოიყოფა 200 მ2 ფართობი, ასევე განთავსდება ბავშვების საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, საექსპოზიციო სივრცე და სხვ.
აქ იქნება რელიგიისა და მეცნიერების, რელიგიისა და კულტურის შეხვედრის ადგილი.
ამას გარდა, "საზოგადოება ივერიისამ" ჩამოაყალიბა წმინდა გიორგი მთაწმინდელის ინსტიტუტი ისევ ათონის ივერთა მონასტრის ანალოგიით - მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მთარგმნელობითი საქმიანობა იყო, იქ თარგმნილი სასულიერო ლიტერატურის 80%-ს დღესაც ვიყენებთ. სამწუხაროდ, ახალი ქართული თარგმანები ძალიან მწირია. ამიტომ ვიფიქრეთ, შემოწირულობის მცირე ნაწილი დაიხარჯოს მნიშვნელოვანი თარგმანების დასაფინანსებლად, მცირე ნაწილი კი მთარგმნელების მოსამზადებლად.
უკვე დავიწყეთ ეს საქმიანობა. ალბათ გაზაფხულის ბოლოს ორი წიგნი მზად იქნება გამოსაცემად, რასაც დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.
ეკა სალაღაია