"ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა" - საქართველოს ცეკა და მარიკა ლორთქიფანიძის პასუხი სომხებს - კვირის პალიტრა

"ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა" - საქართველოს ცეკა და მარიკა ლორთქიფანიძის პასუხი სომხებს

ფოტოგალერეა

უკანასკნელად, დაახლოებით, ორი წლის წინ ვინახულე - ჩვენი მედიასახლის ერთ-ერთი პროექტისთვის აგათა კრისტიზე საუბარი ვთხოვე და ტელეფონით ჩაწერას ჩემი მასთან სტუმრობა არჩია. შინ ვეწვიე. ეტლში იჯდა და შეუძლოდ იყო, მაგრამ "დეტექტივების დედოფალზე" მაინც დაუზარლად მელაპარაკა..

მუდამ აღმაფრთოვანებდა ამ ქალბატონის ამოუწურავი შესაძლებლობები, ძალა, ენერგია, განათლების მასშტაბი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება... რაც გინდა გეკითხა, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ვითარებაში, საქმიანად, პროექტებთან დაკავშირებით, უბრალოდ, დასახმარებლად, რჩევისთვის, არასდროს დაგზარდებოდა და არც დაგამადლიდა - პროფესიულად გიპასუხებდა და ჩაკითხვაც არ დაგჭირდებოდა...

რამდენჯერმე შევხვედრილვართ, მაგრამ მათგან ერთი, ფაქტობრივად, პირველი - ჟურნალისტისა და რესპონდენტის ამპლუაში, ზუსტად 10 წლის წინ, დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის. თაობების აღმზრდელი, მკაცრი და პრინციპული ქალბატონი იმ დღეს სრულიად სხვა კუთხით დავინახე...

აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ ინტერვიუზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამიბარა და იმ შეხვედრას მისი განუყრელი მეგობარი და თანაკლასელი, კოლეგა და აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძეც ესწრებოდა. თანაკლასელებს 1929-1939 წლების სასკოლო ამბები უნდა გაეხსენებიათ, თავის ბავშვობასა და კლასზე უნდა ესაუბრათ. კითხვაც არ მქონდა დასმული, ბატონმა ოთარმა სიცილით რომ მითხრა, - იცით, მარიკა რა საშინელი იყოო?! ვიდრე ნათქვამს გავიაზრებდი, დააყოლა: განა მაბრაზებდა? თბილისის 25-ე შრომის სკოლაში, დღეს 53-ე საჯარო სკოლა რომ ჰქვია, მეორე კლასში სწავლისას გადმოვიდა ჩვენთან და საკლასო ოთახში რომ შემოიყვანეს, შევცბით: პატარა, გამხდარი, დიდი ბაფთით, სულ "დაბამბული" იყო. მერეც ასე "დაბამბული" დადიოდაო. თავიდან შესახედავად არ მოსწონებიათ კლასელებს, მაგრამ მალევე კლასში პირველი მოწაფე გამხდარა და ბევრს შეჰყვარებია კიდეც.

ფრიადოსანი გოგონები, ხომ, ყოველთვის უყვარდებათ ბიჭებს! მერე ყველას მოუნდომებია მასთან დაახლოება, დამეგობრება, მის გვერდით დაჯდომა, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად გადაეწერათ მისგან. ქალბატონი მარიკა მიყვებოდა, მან და მისმა ორმა მეგობარმა გოგონამ - ირა ასათიანმა და ჟუჟუნა ლეჟავამ როგორ შექმნეს ჯგუფი "კანარა" - მარი-კა, ჟუჟუ-ნა და ი-რა. წარმოიდგენდით, რომ მეექვსეკლასელი მარიკა ლორთქიფანიძე "შატალოზეც" დადიოდა და თანაკლასელ გოგონებთან ერთად ჟურნალსაც იპარავდა? მაღალ კლასებში კი მეგობრებთან ერთად საიდუმლო ორგანიზაციას აყალიბებდა და იმ ეპოქის გადასახლებებისა და დახვრეტების მიუხედავად, იმჟამინდელი სახელმწიფოს წყობაზე უშიშრად საუბრობდა, ლანძღავდა კომუნისტებს, სტალინს, ბერიას და პროკლამაციებსაც კი გააკრავდა, ამხანაგის მამას რომ არ წაესწრო და შეეჩერებინა მეამბოხე ბავშვები!

ოთარ ჯაფარიძესთან ერთად

ყველაფრის მიუხედავად, ძალიან წარჩინებული მოსწავლე ყოფილა: მერე და მერე, როგორიც მეჯავრებოდა, სწორედ ისეთი ფრიადოსანი ვიყავიო, - ამბობდა. გაკვეთილის უსწავლელად, თურმე, არაფრით წავიდოდა სკოლაში. ხშირად ავადმყოფობდა და ბავშვები შინ აკითხავდნენ, დავალებები რომ ჩაეწერინებიათ. თვითონ კი, ცუდად მყოფიც მეცადინეობდა.

ბატონი ოთარი იხსენებდა: ჩვენი თავშეყრის ადგილი მარიკას საშინლად პატარა ბინა იყო. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა - დეიდა ნინა და ძია დავითი. ვთამაშობდით "ბრის ილი მიაუს" ან ბოთლს ვატრიალებდით და ვისი მიმართულებითაც გაჩერდებოდა, დამტრიალებელს მისთვის უნდა ეკოცნა. მაშინ კოცნა ასეთი იოლი კი არ იყო, დღეს რომ არისო!

ქალბატონ მარიკას შინ პატეფონიც ჰქონია, რაც იმხანად დიდი იშვიათობა იყო. ფირფიტებიც ჰქონდათ და ღამეებს ათენებდნენ "ტანგოსა" და "ფოქსტროტის" ცეკვაში...

სკოლაში კი... სხვა საგნებთან ერთად, ცხადია, საგნად ისტორიასაც ასწავლიდნენ, ოღონდ... ყოველი სასწავლო წელი ფურიეთი, სენ სიმონითა და ოუენით იწყებოდა და მთავრდებოდა - პარიზის კომუნით. 1838 წლიდან კომპარტიის სახელმძღვანელოც წამოეწიათ და იძულებულნი იყვნენ, ისიც ემეცადინათ. და მაინც, ფაქტობრივად, მათ ნამდვილი ისტორია არ უსწავლიათ, თუმცა კი შესანიშნავი ისტორიკოსები გამოვიდნენ, საქართველოს წარსულზე უზომოდ შეყვარებული აკადემიკოსები, რომლებმაც რამდენიმე გამორჩეული პედაგოგის წყალობით ისეთი განათლება მიიღეს სკოლაში, პირველივე წელს სტუდენტები გახდნენ... ფრიადოსანი მარიკა ლორთქიფანიძე კი უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხა!

იმ საუბრის ბოლოს მეგობრებმა დანანებით მითხრეს: გული გვწყდება, რომ შევცოტავდით. ერთად გავიზარდეთ, ამდენი წელი გავიდა და ერთმანეთისთვის არასდროს გვიღალატიაო...

ახლა "შეცოტავებულებს" ქალბატონი მარიკაც გამოაკლდათ, ადამიანი - ეპოქა, 5 წელიწადი რომ აკლდა საუკუნის შესრულებამდე. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს: ქალბატონო მარიკა, თქვენთვის რა არის დროო? - ადამიანმა ამდენ ხანს არ უნდა იცოცხლოს, საკმარისია, დავიღალე, აღარ შემიძლია. აი, ეს არის ჩემთვის დროო, - უპასუხა... და მალე წავიდა... ქრისტეშობას...

ვუსამძიმრებთ ქალბატონი მარიკას ოჯახს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს იმქვეყნად!

გთავაზობთ ქალბატონი მარიკას ერთ-ერთ მოგონებას ჩვენი არქივიდან:

საქართველოს ცეკა და ქართულ-სომხური დავა მცხეთის ჯვრის გარშემო

თანამედროვე ქართული ისტორიული მეცნიერების სათავეებთან უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის მოწაფეები იდგნენ. მათ შორის სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი და ლევან მუსხელიშვილი. სამწუხაროდ, ლევან მუსხელიშვილი ადრე გარდაიცვალა.

მაშინ ძალიან ჭირდა ისტორიაში და საკუთრივ საქართველოს ისტორიაში მუშაობა. თუმცა ივანე ჯავახიშვილის სკოლამ მოახერხა, რომ უმძიმესი კომუნისტური ზეწოლის პირობებშიც, ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში, ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის გაყალბება არ მომხდარა.

იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე სტალინის, შემდეგ კი მარქსის, ენგელსისა და ლენინის შრომები ყველგან იყო მითითებული, ეს მითითებები ფაქტობრივად იყო გარნირი ნაშრომის გასასვლელად. ეს დიდი დამსახურებაა თვით ივანე ჯავახიშვილისა და მისი მოწაფეებისა, რომელთაც ეს შექმნეს. რთული იყო მუშაობა, მაგრამ იმდენად იყვნენ მომზადებული, რომ შესანიშნავად იცოდნენ, რა მიეწერათ სქოლიოში და რაც მთავარია, შესანიშნავად იცოდნენ საქართველოს ისტორიის ის წყაროები, რომელიც იმ პერიოდისთვის არსებობდა.

შემდეგ თავადაც მომიხდა ამ პროცესებში ჩართვა. რომ გითხრათ, ძალიან რთული იყო-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მაგრამ რთული ნამდვილად იყო. რამე დებულებას რომ დავამუშავებდით, მერე ვეძებდით შესაფერის მონაკვეთებს სქოლიოში მისათითებლად.

რთული იყო ჩვენს მეზობლებთან, განსაკუთრებით, სომხებთან ურთიერთობა. მახსოვს, დამიძახა გიორგი წერეთელმა, მაშინ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, გიორგი წერეთელი კი მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მივედი, ხელში უჭირავს წიგნი და მეუბნება, ეს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ჟურნალია, წაიღებთ ახლა ამ ჟურნალს, აქ არის პარუირ მურადიანის სტატია, რომელშიც საუბარია, რომ მცხეთის ჯვარი სომხების აშენებულია და ათ დღეში თქვენი, ისტორიკოსის პოზიციიდან დაწერთ, რისი დაწერაც შეგიძლიათ, დაწერთ რუსულად, ოღონდ არავინ უნდა იცოდეს, რომ თქვენ ამას წერთ და მე მომიტანთო.

ვათენე, ვაღამე, დავწერე და მივუტანე ბატონ გიორგის. დაბრძანდითო, მითხრა და კითხვა დაიწყო. ვნერვიულობ, მაგრამ არაფერს მეუბნება. წაიკითხა, აიღო ტელეფონი, დაურეკა გიორგი ჩუბინაშვილს და ეუბნება: - გიორგი ნიკალაევიჩ, მარიკას სტატია წავიკითხე, ვფიქრობ, დაბეჭდვა შეიძლება და ახლა ის თავად მოგიტანთ ამ სტატიას და თქვენს ვერდიქტს დაველოდები.

ერთი მხრივ, შვებით ამოვისუნთქე, თუმცა უფრო მეტად ავღელდი, რადგან მაგზავნის გიორგი ჩუბინაშვილთან, რომელსაც ორი ტომი აქვს დაწერილი ჯვრის მონასტერზე.

მანაც ერთადერთი ის მითხრა, დაჯექიო და კითხვა დაიწყო.

არავითარი რეაქცია, გული მისკდება, ისევ საშინლად ვნერვიულობ. დაასრულა კითხვა, აიღო ტელეფონი და ურეკავს გიორგი წერეთელს: - გიორგი ვასილევიჩ, წავიკითხე მარიკას სტატია და შეიძლება, რომ დაიბეჭდოს. იცი, რა დამემართა? დავავლე ხელი ჩემს სტატიას და არც დავმშვიდობებივარ, ისე წავედი წერეთელთან.

გიორგი წერეთელმა სტატია დაიტოვა და მითხრა, - ამ თემაზე არავისთან არაფერს იტყვიო.

გამოხდა ხანი და მირეკავს შოთა შენგელია, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი და დიდი პატრიოტი. დამიბარა, მომცა კორექტურა ჩემი სტატიის, მითხრა, ჩემს ოთახში ჩაგკეტავ, ვიდრე კორექტურას დაასრულებ და არავინ უნდა იცოდეს სტატიის შესახებო.

ინფორმაციამ მაინც გაჟონა და სათანადო ორგანოებს შეატყობინეს.

ამ ამბის გაგრძელება მოგვიანებით ისევ გიორგი წერეთლისგან შევიტყვე.

ჩემს სტატიასთან ერთად ამ ნომერში იბეჭდებოდა ილია აბულაძის სტატია მცხეთის ჯვრის წარწერასთან დაკავშირებით, რომელსაც ეყრდნობოდა მურადიანი. ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიურ დარგში იმჟამად დევი სტურუა იყო. გამოიძახა გიორგი წერეთელი და უკვე აწყობილი ჟურნალიდან ჩემი და აბულაძის სტატიის ამოღება მოსთხოვა. გიორგი წერეთელს უთქვამს, რომ მან თავად დაუკვეთა ილია აბულაძეს ეს სტატია და ვერ ამოიღებდა. მით უმეტეს, რომ აბულაძე სტატიის გამოქვეყნებამდე გარდაიცვალა. მაშინ სტურუას უთხოვია, აბულაძის სტატია დატოვეთ და ლორთქიფანიძის ამოიღეთო. გიორგი წერეთელს განუმარტავს, რომ ეს ორი სტატია ავსებდა ერთმანეთს.

გიორგი წერეთელმა საკუთარი პოზიციის გატანა შეძლო, თუმცა ამის გამო მისთვის დიდი მადლობა არ უთქვამთ.

იმავე წელს გახლდით პარიზში და ვნახე გამოცემა "რევიუ დე არმენოლოჟი", სადაც მურადიანის იგივე სტატია ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება საქართველოს XIX-XX საუკუნის ისტორიას, ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა. მართალია, იმ პერიოდის სპეციალისტები ცდილობდნენ, სიმართლეც ეთქვათ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, - ეს იყო პოლიტიკა! (გაგრძელება)

იხილეთ ფოტოგალერეა: მარიკა ლორთქიფანიძე - საქართველოს მემატიანე

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)