"უკვე გვაქვს დიდი შეკვეთები" - ვინ აპირებს პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადის საქართველოში შემოტანას?
"რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანმა, "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ აპირებს საქართველოში შემოიტანოს კანფეტი-შოკოლადი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით იქნება შეფუთული. თავდაპირველად ეს ხუმრობა მეგონა, თუმცა...
ირაკლი ყიფიანი:
- დიახ, ნამდვილად ვაპირებთ რომ შემოვიტანოთ. ჩვენი ორგანიზაცია ხშირად ატარებს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს სხვადასხვა სოფლებში, მაგალითად, ბერშუეთში, კნოლევში, ავლევში და სხვ. ჩავდივართ იქ და ამბულატორულ მომსახურებას ვუწევთ ადგილობრივებს, ბავშვები ჩამოგვყავს თბილისში ექსკურსიაზე, ასევე ჩაგვაქვს ხოლმე ჰუმანიტარული დახმარება და ამ კანფეტებსაც ჩავიტანთ იქ და მოსახლეობას გადავცემთ. ასევე დავარიგებთ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში და სხვა. ბუნებრივია, იქნება გაყიდვაშიც. თანაც მოდის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რუსეთის მოქალაქე ქართველებს, რომ ხმა მისცენ იმ კანდიდატს, ვისი ფოტოთიც შემოგვაქვს შოკოლადი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შანსი განაგრძოს განვითარება რუსეთმა სწორედ პუტინშია. განვითარებული რუსეთი წაადგება ისევ საქართველოს, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა გადაბმულია რუსეთზე და რაც უფრო კარგად იცხოვრებს რუსი, მით უფრო კარგად იცხოვრებს ქართველი.
- თქვენს მიერ ჩამოთვლილი სოფლები, მდებარეობს ოკუპირებული სამაჩაბლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს 2008 წლის ომის სიმწარე, რამდენად ეთიკური იქნება ამ ხალხს გადასცეთ კანფეტი პუტინის გამოსახულებით?
- ამ ადამიანებთან 3-4 წელია სისტემატიურად ვატარებთ შეხვედრებს (ამის ვიდეო კადრებიც არსებობს ჩვენს ელექტრონულ პლატფორმებზე), ეს ადამიანები ძალიან მოწადინებული არიან, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს და დარეგულირდეს.
- ბატონო ირაკლი, თქვენი ძმა რომ მოეკლა ადამიანს და მკვლელის გამოსახულებიანი კანფეტი მოეცათ რა რეაქცია გექნებოდათ?
- პუტინი არაა ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების ოჯახის წევრების მკვლელი.
- შეიძლება ოჯახის წევრის არა, მაგრამ 2008 წელს გარდაცვლილი ადამიანების მკვლელი ხომაა?! პირადად მე და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც ამ გმირების გარდაცვალება ისევე სტკივათ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი ეტკინებოდათ...
- ამ სოფლების მცხოვრებნი ასე არ თვლიან, რადგან ეს ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, მოხდა პროვოცირება და დაიღვარა უდანაშაულო სისხლი.
- 2008 წელს ქართველები დაიღუპნენ რუსული ტყვიით და რა შუაშია აქ მიხეილ სააკაშვილი?!
- კი, ბატონო, ესაა ძალიან სამწუხარო, მაგრამ ახლა ვნახოთ ასეთი სიტუაცია. მე რომ მივიდე ამერიკის საელჩოსთან და "ალაჰ აკბარ" ვიყვირო, ხელში დავიჭირო სათამაშო ხელყუმბარა და სნაიპერმა მესროლოს, ამის გამო ჩემი ოჯახის წევრებს ამერიკელები უნდა ეზიზღებოდეთ? მე თუ ნაგავი ვარ და პროვოცირებას ვახდენ, ისევე როგორც მიშა სააკაშვილმა მოახდინა პროვოცირება, რატომ უნდა ეზიზღებოდეს ჩემი ოაჯხის წევრებს რუსები?!
- ბატონო ირაკლი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში რას გააკეთებდა, ეს არ იყო უცხო ქვეყნის საქმე. სამაჩაბლო არის საქართველო და რა უფლება ჰქონდა რუსეთს ჩარეოდა, გარდა ამისა რუსულმა ტყვიამ ხომ ნამდვილად მოკლა ქართველები, ესეც სააკაშვილმა ხომ არ ისროლა...
- ეს იყო მის მიერ პროვოცირებული და შეგვიძლია დავარქვათ - მიშა სააკაშვილის ტყვია, დიახ, სწორედ ასე დავარქმევ და გავიმეორებ, რომ სააკაშვილის ტყვიამ მოკლა ჩვენი ანგელოზივით ძმები, რომლებიც დღეს საფალვში წვანან.
- ანუ ახლა მე რომ თქვენი პროვოცირება მოვახდინო და თქვენ მე მომკლათ მართალი იქნებით?
- მე და თქვენ თანაბარი ძალის ვართ, მაგრამ როდესაც შენზე გაცილებით ძლიერის პროვოცირებას ახდენ, მას აქვს ამბიცია და შესაძლებლობა, ის შენ არ მოგითმენს. ჩვენ აქ ეთიკაზე არ ვსაუბრობთ, რადგან ეთიკა და პოლიტიკა ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან.
- ამერიკის პროვოცირება რომ მოახდინოს საქართველომ, ამერიკასაც ასევე გაამართლებთ?
- შედეგი დგება რაღაც ლოგიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე თუ მოვახდენთ ამერიკის პროვოცირებას, ბუნებრივია, ჩემთვის სამწუხარო იქნება, მაგრამ მათი გადმოსახედიდან ასე იქნება საჭირო, რადგან მას თავის სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს.
- თქვენ რუსეთის ინტერესებით მსჯელობთ თუ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე?
- მე ვმსჯელობ იმაზე, 2008 წელს თუ ვინ, რატომ და როგორ მოიქცა ასე, რუსეთს თავის ინტერესი აქვს, ჩვენ - ჩვენი.
- თქვენი ოჯახის წევრი რომ დაღუპულიყო 2008 წელს, იგივე აზრზე იქნებოდით?
- დიახ, იმიტომ კი არა, რომ მე უგრძნობი ვარ, არამედ იმიტომ, რომ პრაგმატულად თუ მივუდგებით, ეს არის ისე, როგორც მე გითხარით და თუ ურაპატრიოტულად მივუდგებით, ვუძახოთ ოკუპანტი და ამით ვერაფერს ვერ მოვიგებთ.
- როგორც თქვით ბაზარზეც გამოვა კანფეტები გასაყიდად, თუ არ გაიყიდა, ზარალის არ გეშინიათ?
- არ მეშინია, რადგან უკვე გვაქვს დიდი შეკვეთები. "ფეისბუკზე" გვწერენ აჭარიდან, კახეთიდან და სხვა კუთხეებიდანაც და გვთხოვენ, რომ იქაც ჩავიტანოთ. მიდის მოლაპარაკება რამდენიმე ჰიპერმარკეტთან და სხვ.
- მას მერე რაც თქვენს "ფეისბუკზე" დაწერეთ, რომ კანფეტის შემოტანას აპირებთ, კომენტარში შემოგთავაზეს პუტინის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდის შემოტანა, რომელიც რეალურად კანფეტზე გაცილებით კარგად გაიყიდება და ამაზე არ გიფიქრიათ?
- არა, პოროშენკოს, მაკკეინის და მიშა სააკაშვილის გამოსახულებიანის შემოტანას ვაპირებთ. პუტინისას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მსოფლიოს უდიდესი გამოცემებისთვის პუტინი არის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელმაც ფეხზე დააყენა ქვეყანა, რომელიც წაქცეული ჩაიბარა, მოაგვარა სირიის კონფლიქტი და სხვ.
- დარწმუნებული ვარ საზოგადოება ძალიან ნეგატიურად შეხვდება კანფეტებს, ამისთვის ხართ მზად?
- ნუ იქნებით ასე დარწმუნებული.
- სახელმწიფომ რომ აგიკრძალოთ?
- მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ამიკრძალავს და დავემორჩილები, მაგრამ კანფეტის შემოტანა როგორ უნდა ამიკრძალონ?!
პ.ს. როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, კანფეტი ოკუპირებული ზონის სიახლოვეს არსებულ ქართულ სოფლებში უნდა ჩაიტანონ და დაარიგონ. დიდი ეჭვი მაქვს, ეს დარიგების პროცესი რუსულ ტელეარხებზეც მოხვდება, ბუნებრივია ქართული პრორუსული მედიაც აიტაცებს და იტყვიან, რომ აი ხალხი, რომელმაც გამოსცადა ომის სიმწარე რა სიხარულით ხვდება პუტინს. იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება, ყურადღებას მიაქცევს ამ ფაქტს და პუტინის კანფეტებს ისე დახვდებიან, როგორც თავმოყვარე ქვეყანის მოქალაქეს შეშვენის და არავის მივცემთ საბაბს საქართველოს მოქალაქეები თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)