როგორ ვიმოგზაუროთ იაფად
სოციალურ ქსელში ტურისტული სააგენტოების შეთავაზებები მუდმივად იქცევს ყურადღებას, თუმცა გამოცდილი მოგზაურები გვირჩევენ, ჩვენით დავგეგმოთ ტური, ამით ჯიბესაც დავზოგავთ და მოგზაურობაც თავგადასავალს დაემსგავსება. არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც წინასწარ უნდა გავარკვიოთ. თუ მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად წაიკითხეთ. მაშ, ასე, გამოცდილი მოგზაურების რჩევები "კვირის პალიტრის" მკითხველს.
იაფი ავიაბილეთები
გამოცდილი მოგზაურების უმრავლესობის რჩევით, თუ თვითმფრინავის ბილეთს 6 თვით ადრე მაინც იყიდით, მისი ღირებულების 50%-ს დაზოგავთ.
ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები
ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების ხუთეულს გაყიდვების მენეჯერი ეკა ივანელაშვილი ასახელებს:
- საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, უნგრეთი - ქართველების უმრავლესობა, ძირითადად, ამ ქვეყნებში ითხოვს გამგზავრებას.
იმისათვის, რომ დაზოგოთ თანხა და ამასთან, საინტერესო და სახალისო მოგზაურობა გამოგივიდეთ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
თავგადასავლების მოყვარულ ახალგაზრდებს ვურჩევ, დაბინავდნენ ჰოსტელებში - ეს იაფიცაა და სახალისოც. ჰოსტელში მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ახალგაზრდები, მართავენ წვეულებებს. გაითვალისწინეთ, რომ ქურდობაც ხშირია, ამიტომ აირჩიეთ ისეთი ჰოსტელი, სადაც ჩანთის შესანახი კარადა გექნებათ.
თუ რამდენიმე ადამიანი იკრიბება, გირჩევთ აპარტამენტის (ბინის) ქირაობას, რადგან ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სასტუმრო. ამასთან, ყველა აპარტამენტს აქვს სამზარეულო და შეგიძლიათ თავად მოამზადოთ კერძები. რა თქმა უნდა, ჰოსტელიც და აპარტამენტიც დაბალბიუჯეტიან მგზავრებზეა გათვლილი.
თუ ამერიკაში მოგზაურობთ, იყიდეთ ბარათი (ციტყ პასს). ამ ბარათით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა, ასევე მიიღებთ ფასდაკლებებს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად. ვინც ევროპაში მოგზაურობას გეგმავს, ვურჩევ, ერთი ქალაქიდან მეორეში ავტობუსითა თუ მატარებლით მგზავრობისთვის ბილეთი უცხოეთში გამგზავრებამდე შეიძინოს.
რაც შეეხება კვებას, ცხადია, ყველა ტურისტს სურს დააგემოვნოს ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციული კერძები, მაგრამ ამისთვის ნუ შეხვალთ ცენტრალურ კაფეებსა თუ რესტორნებში, იქ ფასები ძალიან მაღალია და არც ხარისხით დარჩებით კმაყოფილი. გირჩევთ, იკითხოთ, სად შეიძლება მიირთვათ გემრიელად და იაფად.
შოპინგის მოყვარულებს ვურჩევდი დაგეგმონ მოგზაურობა ფასდაკლებების დროს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ფასდაკლება ერთსა და იმავე დროს ცხადდება - წელიწადში 4 თვეს (იანვარი-თებერვალი და ივლისი-აგვისტო).
ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი
ევროპაში მოგზაურობა ყველაზე იაფია შემდეგ ქვეყნებში: უნგრეთი, იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია. აზიის ქვეყნებში - ტაილანდი, ჩინეთი, ინდოეთი. აფრიკის ქვეყნებში - ეგვიპტე, მაროკო.
მოგზაურობა ყველაზე ძვირია: შვეიცარიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, საფრანგეთსა და ინგლისში. აზიის ქვეყნებიდან მალდივებზე, სინგაპურსა და იაპონიაში.
რაც შეეხება ამერიკის კონტინენტს, საქართველოდან მოგზაურობა ძალიან ძვირი ჯდება. ასევე ძალიან ძვირია მოგზაურობა აფრიკის კონტინენტზე - სეიშელის კუნძულებზე, მადაგასკარსა და კენიაში.
ბუდაპეშტი
ბუდაპეშტსა და პრაღაში მოგზაურობის შესახებ ბლოგერი, ბლოგ "მე მოგზაურის" ავტორი, კახა მჭედლიძე გიამბობთ:
- ბუდაპეშტში მოგზაურობა 150-200 ევროდ შეიძლება. ავიაბილეთები ზამთარში კიდევ უფრო იაფდება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
ინტერნეტით შეარჩიეთ იაფი სასტუმრო, ან 10-15-ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერი, არჩევანი დიდია.
რაც შეეხება კვებას, სუპერმარკეტებში პროდუქცია დაახლოებით იგივე ღირს, რაც თბილისში. ქალაქში მგზავრობის აბონემენტი (7-დღიანი) 15 დოლარი ჯდება. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, ერთკვირიანი იაფი მოგზაურობა გარანტირებული გექნებათ.
...1896 წელს ბუდაპეშტში მუშაობა დაიწყო მეტრომ, რომელიც პირველი იყო კონტინენტურ ევროპაში და ერთ-ერთი პირველი მთელ მსოფლიოში. ძველი დიდებისა და ტრადიციების პატივსაცემად ბუდაპეშტის სატრანსპორტო კომპანიამ უძველეს ვაგონებს ერთ გაუქმებულ სადგურზე მოუყარა თავი და მეტროს მუზეუმი მოაწყო. მუზეუმის ბილეთი 350 ფორინტი ღირს, რაც 1 ევროზე ოდნავ მეტია. თუ ფოტო-ვიდეოგადაღებაც გინდათ, 500 ფორინტიც უნდა დაამატოთ.
ბუდაპეშტის ცენტრალურმა ბაზარმა ჩემი წარმოდგენა ბაზრის შესახებ რადიკალურად შეცვალა - სისუფთავე, წესრიგი და მრავალფეროვანი პროდუქცია... აქ იყიდება ყველაზე ახალი და სუპერმარკეტებზე იაფი პროდუქცია: ხორცი, ძეხვეული, ყველი, ბოსტნეული, ხილი, თაფლი... ნახევარი კილოგრამი ქათმის ღვიძლი 400 ფორინტად ვიყიდე, რაც ჩვენი 3.35 ლარის ტოლფასია. უნგრული ტრადიციული სასმელებიდან გამორჩეული ყოფილა პალინკა, ხილისგან დამზადებული არაყი.
ბუდაპეშტს გამართული ურბანული სატრანსპორტო სისტემა აქვს. ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო, მდინარის ტრანსპორტი და საგარეუბნო მატარებლებიც კი ერთმანეთთან არის დაკავშირებული განრიგითა და ინფრასტრუქტურით... გირჩევთ, სამგზავროდ შეიძინოთ გრძელვადიანი ბილეთი, ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. მე 7-დღიანი თრეველქარდი ვიყიდე 4.950 ფორინტად (43 ლარი). არსებობს ისეთი თრეველქარდებიც, რომელშიც შედის მუზეუმები, ექსკურსიები და რესტორნებიც კი.
პრაღა
აეროპორტში 24 ლარად და 79 თეთრად შეძენილი ქუთაისი-კატოვიცეს ბილეთის რეგისტრაციის შემდეგ კატოვიცეში ჩავფრინდი და გეზი კრაკოვისკენ ავიღე. მიკროავტობუსით კრაკოვამდე მგზავრობა 12-13 ევრო ღირს. თუ ბილეთს ონლაინ შეიძენთ, 10.50 ევროს გადახდა მოგიწევთ.
კრაკოვში ორი დღე გავჩერდი და შემდეგ გეზი პრაღისკენ ავიღე. ავტობუსისა და მატარებლის ბილეთები ორი თვით ადრე შევიძინე 14,8 ევროდ. ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩეხეთის ქალაქ ბოჰუმინში მოვხვდი, შემდეგ კი მატარებლით პრაღისკენ გავეშურე. პრაღაში მოგზაურობის მსურველებს ვურჩევ ფულის გაცვლას მხოლოდ ვაგზლის მახლობლად, პოლიტპატიმრების ქუჩაზე, რადგან იქ დაცული იქნებით საკომისიო გადასახადისა ან კურსით მანიპულირებისგან. ფულის გადახურდავების შემდეგ ქალაქში გადასაადგილებლად 310 კრონად (12.5 დოლარი) 3-დღიანი სამგზავრო ბილეთი ვიყიდე. ბილეთი აუცილებლად დაარეგისტრირეთ ტრანსპორტში ასვლისთანავე. ბინა შევარჩიე ადგილმდებარეობის მიხედვით, პრაჟსკი ჰრადის (პრაღის კრემლის) მახლობლად, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო ფასიც... ორსართულიანი აპარტამენტი, რომელიც აერთიანებს ორ საძინებელს, ორ სააბაზანოს, დიდ საცხოვრებელ სივრცეს ბარითა და სამზარეულო კუთხით, პლუს ტერასა, მეგობრებმა 75 ევროდ დავიქირავეთ.თუ ჩეხური კერძები გაინტერესებთ, გირჩევთ "კოზლოვნა ლიდიცკას" - გულიაში იქ 160 კრონა ღირს (18 ლარი). თუ 15 საათამდე შეუკვეთთ ლანჩმენიუს, იმავე ფასად, ანუ 160 კრონად მიიღებთ პირველ კერძად წვნიანს, შემდეგ თქვენ მიერ არჩეულ ძირითად კერძს და პლუს სასმელს. თუ დესერტზე უარს იტყვით, იმავე მენიუში 140 კრონას გადაიხდით.
ავტოსტოპით... შვეიცარიისკენ
"99 ფრანკი"... ბეგბედერი არაფერ შუაშია, ეს ის თანხაა, რაც შვეიცარიაში ცხრადღიანი მოგზაურობისას დამეხარჯა. სიმართლე გითხრათ, 50 ფრანკზე მეტს არ ვგეგმავდი (შვეიცარიული ფრანკი დაახლოებით აშშ დოლარის ტოლია)", - სოცქსელში გიორგი გრიგალაშვილის ამ პოსტს წავაწყდი და გადავწყვიტე, გამერკვია, როგორ იმოგზაურა ევროპის ყველაზე ძვირიან ქალაქში 99 ფრანკად?
გიორგი გრიგალაშვილი: - რამდენიმე ღამე გავათენე "გუგლში" ქექვით და ავირჩიე ყველაზე იაფი და ოპტიმალური ვარიანტი. დავიწყე მზადება, ვიცოდი იქაური ფასები და ამიტომ ორი კვირის სამყოფი საჭმელი წავიღე: ძეხვი, სულგუნი, ჩურჩხელა, ხილის სხვადასხვა ჩირი, მოხალული თხილი, "სნიკერსი" და ლავაში. მხოლოდ ლავაში გამიფუჭდა, ისიც ერთ კვირაში. 99 ფრანკში არ შედის ბილეთი, რომელიც 100 დოლარად შევიძინე (ორივე გზა). მოკლედ, მოგზაურობა დავიწყე თბილისიდან ავტოსტოპით და სტამბოლამდე უფასოდ ჩავაღწიე. ჩავფრინდი ჟენევის აეროპორტში და ისევ ავტოსტოპით ჩავედი პატარა ქალაქ ლოზანამდე, სადაც ინტერნეტით გაცნობილი მასპინძელი დამხვდა. გავისეირნეთ სანაპიროზე, დავტკბით ხედებით და მეორე დღეს შემდეგი მასპინძლისკენ გავეშურე... ასე მოვიარე შვეიცარიის ულამაზესი თოვლიანი მთები... 1939 წელს აგებულ თავშესაფარში ნაირ-ნაირი კერძით გამიმასპინძლდნენ, საწოლად თივა მქონდა, ზოგან კარავს ვშლიდი. ერთი დღე ციურიხს დავუთმე... ასე დამთავრდა ჩემი მოგზაურობა უძვირეს ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენელ ფასად 9 დღე ვიმოგზაურე. ძირითადად, მატარებლით მგზავრობაში დამეხარჯა ფული...
ნინო წიფურია