"ლეილა რატომღაც დაივიწყეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა" - ქართული კინოს განუმეორებელი "ჭრიჭინა" და "მაია წყნეთელი" - კვირის პალიტრა

"ლეილა რატომღაც დაივიწყეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა" - ქართული კინოს განუმეორებელი "ჭრიჭინა" და "მაია წყნეთელი"

ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1-ლ აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ლეილა აბაშიძის მამა მიხეილ აბაშიძე მაღალჩინოსანი გახლდათ, ის 1937 წლის რეპრესიების დროს გადაასახლეს, ხოლო ლეილას დედა ციმბირში წავიდა სამუშაოდ, რათა მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო. დედა-შვილს სასტიკი კანონების გამო დაკავებული მიხეილის ნახვა ახლოდან ეკრძალებოდათ და მას მხოლოდ მავთულხლართის ღობის მიღმა ხედავდნენ.

"იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი - გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები", - იხსენებდა ლეილა აბაშიძე.

მალე ოჯახს მამის დახვრეტის ოქმი მოუვიდა, ლეილას დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

ლეილა აბაშიძე პირველად ფილმ "ქაჯანაში" გამოჩნდა, რომელშიც ქართველ კინოვარსკვლავ ნატო ვაჩნაძესთან ერთად თამაშობდა. იმ დროისთვის ის მხოლოდ 8 წლის იყო და როგორც თავად იხსენებდა რუსეთში მიღებული დაწყებითი განათლების გამო, ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თუმცა მისი ოსტატური შესრულებით მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გაოცებული იყო.

მოგვიანებით ასე ჰყვებოდა ამბავს თუ როგორ მიიღო ეს როლი:

"მამიდაჩემმაგაზეთში განცხადება ნახა - ფილმისათვის ჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახიც არ მქონდა, რა იყო კინო საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი, რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:

- გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდან- მეთქი.

- იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,

- ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან, ძალიან-მთქი! და ეტყობა იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა ჩემთან წამოდიო და თურმე ეს გახლდათ თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:

- და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა

- ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,

- რომელი? - ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით, უფროსიო - მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე".

სკოლის დასრულებამდე კიდევ ორი როლის შესრულება მოუწია ფილმებში: "აკაკის აკვანი" და "ოქროს ბილიკი".

უნიჭიერეს გოგონას პროფესიის არჩევისას ბევრი არ უფიქრია და თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1951 წელს დაამთავრა.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში "ქეთო და კოტე" და "გაზაფხული საკენში".

შემდეგ კი იყო ცნობილი ქართული ფილმები: "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ჭრიჭინა", აბეზარა" და სხვა მრავალი. ის არა მხოლოდ ქართული, არამედ საბჭოთა კინოს ვარსკვლავად იქცა.

მას ერთნაირი ნიჭიერებით გამოსდიოდა, როგორც კომედიური, ასევე დრამატული როლები. შეიძლება ითქვას, რომ მოახერხა და შექმნა ისეთი კინოგმირები, რომელთაც ქართული კინოს ისტორიაში წარუშლელი ადგილი აქვთ. შეუდარებელია მის მიერ შესრულებული მაია წყნეთელი ამავე სახელწოდების ფილმში და ძიძია "ხევისბერ გოჩაში".

ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი იყო. ის საბჭოთა კავშირის ქალი-ვარსკვლავების ხუთეულში შევიდა, ვისაც 20-მილიონიანი დასწრების რამოდენიმე ფილმი (5 ფილმი მთავარი როლით) აქვს.

დიდი წარმატების მიუხედავად, მას სამსახიობო კარიერის შეწყვეტა 40 წლის ასაკში მოუხდა. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დიდხანს აღარ იღებდნენ კინოში და თითქმის 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 ფილმში ათამაშეს, რის გამოც გული ძალინ სწყდებოდა. ის კინორეჟისორებმა რატომღაც უცებ დაივიწყეს.

1986 წელს ლანა ღოღობერიძემ ის თავის ფილმში "ორომტრიალი" მიიწვია, რომელშიც ლეილა აბაშიძემ საკუთარი თავი განასახიერა. ლანა ღოღობერიძის ფილმმა ტოკიოს კინოფესტივალზე წარმატებას მიაღწია.

2009 წლის 8 მარტს კი თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ მსახიობ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამოც გაიმართა.

"მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მითუმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის ნატო ვაჩანაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს", - განაცხადა ლეილა აბაშიძემ ვარსკვლავის გახსნის შემდეგ.

"შემოდგომის ნისლია"

ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ამბობდა: "ლეილა აბაშიძე ქართული კინოსათვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის და ეროვნულობის სახე".

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე