"საზოგადოებრივ მაუწყებელში" ახლა ბერა ივანიშვილი აფათურებს ხელებსო. ვასიკო მაღლაფერიძეც მაგათი გოშიაა"
"მე და ჩემს ძმას ადრე გვეძახდნენ ტელევიზიები, ჩვენი აზრი აინტერესებდათ, ახლა თუ ფული არ გაქვს, შენი აზრიც არავის სჭირდება"
"ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა", - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოზარდებში გაზრდილი აგრესიის თაობაზე გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც სამღვდელობის წარმომადგენლებთან ერთად, ფსიქოლოგებიც ესწრებოდნენ. ამ სიტყვებმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვესაუბრება ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია:
- პატრიარქის სიტყვებს თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. მის სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და კარგი იქნება ყური დავუგდოთ. მან ჩვენს საზოგადოებაზე თქვა, რომ რაღაც დიდი უბედურების ქვა მოგორავს, რომელმაც შეიძლება წალეკოს ყველაფერიო. ეს ქვა დიდი ხანია მოგორავს, გენაცვალე! უამრავი მაგალითია ამისა...
არადა არ გვეღირსა ნორმალური, წესიერი მთავრობა, ანუ წესიერი ხალხი, თავისი საქმის მცოდნე! ახლა მიმბაძველობა დაიწყეს და თუ ევროპაში მთავრობაში ქალს აირჩევენ, აქ აუცილებლად პრეზიდენტად უნდა დავსვათ ქალი... რაც იქ არის, ის უნდა იყოს აქაცო, რაც ძალიან სასაცილოა! საქართველოს ძალიან დიდი ტრადიციები აქვს!
თუნდაც ნუ გავცდებით მეცხრამეტე საუკუნეს, ნახონ ევროპელებმა რა მოღვაწეები, პოეტები, მწერლები გვყავდა...
როგორ ევროპულად აზროვნებდნენ. ისინი ევროპაში კი არ დარბოდნენ უვიზო რეჟიმით, აზროვნებით იყვნენ ევროპელები.
მეც 80 წელს გადაშორებული ვარ უკვე, შეიძლება ვიღაცეებმა თქვან, რომ ჩემს საქმეში პატრიარქი ვარ. ჩვენ უკან, უკან მივდივართ, დიდი ქვა კი შეუჩერებლად მოგორავს რომელიც გაგვიტანს!
მალე ჩვენ ადამიანები კი არა, ფულის, საკონცერტო დარბაზების და გადატანილ-გადმოტანილი ხეების ხალხი ვიქნებით!
ფულზე უფრო დიდი მნიშვნელობა სიტყვას და მორალს აქვს! არადა, დღეს მარტო ის ისმის, ვინ რა იყიდა!
მე სოფელ დიღომში ვცხოვრობ და აქ საოცარი ხალხი მინახავს. ძროხები ჰყავდათ, პური მოჰყავდათ (ლოკალურად დიღომს თავისი პური ჰქონდა) და ამ მშრომელ ხალხს ნეტავ გენახათ, რა მორალი ჰქონდა. ჯერ კიდევ ვიდრე ტელევიზორი შემოვიდოდა საქართველოში, მეზობლად არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
დეიდა ნინა რომ დაჯდებოდა და ბაასს დაიწყებდა, მის მოსმენას არაფერი სჯობდა! ახლა კი პატრიარქის ნახსენები ქვასავით გადაუარა რაღაც საშინელებამ ჩვენს ქვეყანას. ამაში მეც მოვყევი, შენც, თქვენი პრესაც! არიქა, საქართველო ღარიბი ქვეყანაო, - იძახიან... ამაზე უფრო ღარიბიც ვყოფილვართ, ისტორიას გადახედეთ, მაგრამ სახე, სიტყვა, ქრისტეს რწმენა არ დაგვიკარგავს!
- რატომ არ ჩანხართ აღარსად?
- მე და ჩემს ძმას - ელდარ შენგელაიას ადრე გვეძახდნენ ტელევიზიები, ჩვენი აზრი აინტერესებდათ, ახლა თუ ფულიანი კაცი არა ხარ, შენი აზრიც არავის ჭირდება. ჩვენ რაღაც საოცარი უიღბლობა გვაქვს ბოლო ხანებში. ჯერ სააკაშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში, აბსოლუტურად დეგრადირებული და მატყუარა კაცი... მერე მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველამ ხელში ავიტაცეთ, რადგან სააკაშვილს გადაუღობა გზა და პოლიტიკიდან გააგდო. თუმცა ეს კაცი სრულებით არ არის მომზადებული სახელმწიფო მართვისთვის.
საქართველოში სხვა აღარავინ დარჩა, აღარც გლეხი, არც თავადი, არც განათლებული კაცი, არც ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ნიკოლაძე... არის მხოლოდ ფულიანი, ტრაბახა ხალხი...
ნახეთ როგორ ჩატარდა არჩევნები?! მე მაშინაც ძალიან მკაცრად გამოვეხმაურე ტელევიზიით... გურჯაანში კენჭს იყრიდა ძალიან კარგი კაცი - ელგუჯა მაღრაძე და მხარი მას დავუჭირე. ის ხალხს ძალიან უყვარს. ამათ თავინთი კანდიდატი მოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი - სონღულაშვილი, რომლის მამაც მედიკო მეზვრიშვილთან მუშაობდა, მერე კახეთის გუბერნატორი გახდა და ახლა შვილის არჩევისთვის ფული მიატანინეს.
ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა ამ არჩევნებში არ ვერევიო, მაგრამ სამი კაცი მან დანიშნა. მათ შორის გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე... კომუნისტების დროს მართალია ანდრონიკაშვილებს ყველაფერი წაართვეს, მაგრამ გურჯაანში მგონია, რომ მე და ელდარს სიტყვა გვეთქმის. თქვენი ფილმებიო იძახიან და ჩვენ არავინ გვისმენს. იქ ადგილს ხომ არ ვითხოვდი?! მე ვიცი გურჯაანი თავიდან ბოლომდე, 50 ფილმი მაქვს იქ გადაღებული. დედაჩემი იქაური იყო! საამაყო ბაბუა მყავდა, ანდრონიკაშვილები არაჩვეულებრივი თავადები - ბიზანტიის იმპერატორის შთამომავლები იყვნენ... მე ეს ერთი ფაქტი მოგიყვანეთ და რამდენი ასეთი ხდება... სისულელეს სისულელეზე აკეთებენ, ბოროტებას ბოროტებაზე!
კიდევ ერთი - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საკითხი ძალიან მაღელვებს. ამგვარი ტელევიზიის იდეა პირველად ინგლისში დაიბადა. ინგლისის საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელი შეიკრიბა და დედოფალს წერილი მისწერეს, არ გვინდა კერძო ტელევიზიები, რეკლამები და მხოლოდ ფულზე ლაპარაკიო... ინგლისელებს ხომ საოცარი იუმორის გრძნობაც აქვთ და მოითხოვეს ამ ტელევიზიაში იყოს მარტო ახალი ამბები და სპორტი - ჯანსაღი ხალხი, რომ ჯანსაღ ხალხს უყურებდესო... იქ ისე მოხდა, რომ ვისაც ეგეთი ტიპის ტელევიზია სურდა, საკუთარი ნებასურვილით ფულსაც ის იხდიდა, ახლაც იხდიან. შვეიცარიაშიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. იქაც იგივე ფორმაა, რაც ინგლისში... ერთხელ ინგლისში სიტუაცია რომ გამწვავდა, ხალხი გამოვიდა და თქვეს, ჩვენ ფული გვაქვს გადახდილი და თუ გინდათ თქვენად გახადოთ ტელევიზია, ფულს აღარ გადავიხდითო. უცებ გამოფხიზლდა მთელი ინგლისის მთავრობა და ლორდთა პალატა... აქ ხალხი არაფრის გამო აღარ გამოთქვამს პროტესტს. ვერ ერკვევა ხალხი ვეღარაფერში. სააკაშვილის და მერე ივანიშვილის ხელში ყველამ ღრმად დაიძინა. სახარებაში წერია - "არა მარტო პურით ცხონდეს კაცი, არამედ სიტყვით..." ამაზე უნდა ააშენო სახელმწიფო!
ადრე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საბჭოს წევრი ვიყავი და საბუთები მქონდა ხელში, ჩვენც რომ იმ ტიპის ტელევიზია გვქონოდა, როგორიც ინგლისშია. ვერ გავიტანე, რადგან ჟვანიამ და შევარდნაძემ თქვეს ჩვენი ხალხი ღარიბია და ფულს ვერ გადაიხდისო. ეს ხომ ცბიერებაა?! მაინც ხომ ჩვენ ვიხდით იმ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფულს, მაგრამ სხვა პოზიციიდან...
კვირიკაშვილი და მისი მთავრობა თუ პროგრესული ხალხია და ევროპაში დადიან, შეეთავაზებინათ ხალხისთვის ვთქვათ, ორი ლარი გადაიხადეთ და ეს ტელევიზია თქვენი იქნება და არა ვიღაცა ვასიკო მაღლაფერიძისო... ხალხის ფულს ხარჯავენ 57 მილიონს და ამ დროს შენ არაფერს გეკითხებიან. ბოლო ხანს არაერთხელ მოვისმინე "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ახლა ბერა ივანიშვილი აფათურებს ხელებსო. ეს ისედაც აშკარად ჩანს! ვასიკო მაღლაფერიძე მაგათი გოშიაა. ჯერ ჟვანიასთან იყო, მერე მიხეილ სააკაშვილს შეუძვრა და სადღაც გუბერნატორად დანიშნა, ბოლოს ივანიშვილს მიეკედლა... მიკვირს, ევროპელები რომ ჩამოდიან და არაფერს ამბობენ. ეტყობა ატყუებენ იმათაც!
ამ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არაფერი ეშველა, ყველა ხელისუფლებამ თავისთვის წაიღო და ხალხი არ აინტერესებთ... ამ ხელისუფლებამაც ერთ ადგილას ამოიდო ეს ტელევიზია! დიდი ბოდიში თქვენთან და, ყველა მიმართულებით ასე ვართ ამოდებული!
იხილეთ ასევე: გიორგი შენგელაია - კახელი მეღვინე და დიღმელი მებოსტნე
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)