თბილისის ვიცე-მერი: "ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს"
"თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს", - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
როგორც ხმალაძე განმარტავს, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა.
"საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა ყოველმხრივ საზოგადოებრვი ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ კომპანიას ვასწავლოთ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კომპანია, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არღვევს მოქალაქეების უფლებებს და ამას შესრულება სჭირდება, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს", - განაცხადა ხმალაძემ.
როგორც ვიცე მერი აცხადებს, "სითი პარკმა" არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, მან არ მოაწყო საპარკინგე ადგილები.
"ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება იყო. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. 30% საპარკინგე ადგილების არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს,"- განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ "სითი პარკს" ვალდებულებების შესასრულებლად მერიამ ვადა რამდენჯერმე მისცა, თუმცა უშედეგოდ.
"იმაზე მეტი ვადა მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ეს ვადა უშედეგოდ გავიდა",- განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ კომპანიასთან დავა სასამართლოში გაგრძელდეს.
"შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს,"- განაცხადა ხმალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"