"სანდრო ბრეგაძის ცემის ამბავი მტკნარი სიცრუეა" - რას ამბობენ ბრეგაძის ექიმი და შსს?
20 მარტს "ქართული მარშის" წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს სანდრო ბრეგაძის ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბრეგაძე გუშინ ვაკე-საბურთლოს სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, როცა საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.
სანდრო ბრეგაძე გუშინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას "რუსთავი2"-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო აძლევდა. "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ: "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა".
როგორც შსს-ში განაცხადეს, "ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს".
რაც შეეხება ექიმის ინფორმაციას, მისი განცხადებით, სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს და მას დაზიანებები არ აღენიშნება.
"პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. პაციენტი თავისი მოთხოვნით მოთავსებულია ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ექიმმა ნინო აქიაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"