მოსკოვის Crocus City Hall-ში აცხადებენ, რომ ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაურკვეველი დროით გადაიდო
ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ 28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი უნდა გამართულიყო, რომელში ასევე მონაწილეობას მიიღებდნენ: ვალერი მელაძე, ეკა მამალაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. როგორც მუსიკალური ცენტრის საიტზე წერია კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებდა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ეს ინფორმაცია ჩვენში განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვეს. მომღერლის ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემული ბოლო კომენტარის მიხედვით, ის ავად არის და შეძრულია ტატუნაშვილის წამების ფაქტით.
მომღერლის ოჯახთან დაკავშირება, სამწუხაროდ, ვერ შევძელით, რადგან სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ამიტომ კითხვით - გამართავს თუ არა მომღერალი საიუბილეო კონცერტს? - დათო ოქიტაშვილს მივმართეთ.
დათო ოქიტაშვილი: როგორც ვიცი არ გამართავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მეც ვერ ვუკავშირდები ტელეფონი აქვს გათიშული, ორი დღის წინ ვიცოდი, რომ არ გამართავს, ამჟამად არ ვიცი შეიცვალა თუ არა რამე.
ჩვენ დავუკავშირდით საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall -ის ადმინისტრაციას, სადაც გვიპასუხეს, რომ კონცერტი გაურკვეველი დროით გადაიდო.
- ნანი ბრეგვაძის კონცერტი გადაიდო. ჯერ ზუსტად არ ვიცით როდის გაიმართება, ამ დღეებში დაგვიკავშირდით და ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით.
- ანუ 28 მარტის კონცერტი გაუქმდა?
- 28 მარტს კონცერტი არ იქნება, ბილეთების გაყიდვაც შევაჩერეთ და ველოდებით ზუსტ წერილს და ამის მიხედვით განვაახლებთ საიტზე ინფორმაციას.
ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)