ყველია თუ ვითომ ყველი?!
"სოიის ყველი საერთოდ არ არის ყველი"
სად ვიყიდით ნატურალურ ყველს? - ეს კითხვა ბევრს ისევ ადარდებს, მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლიდან შევიდა ძალაში.
ვახტანგ კობალაძე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი: - მომხმარებელი ფხიზლად უნდა იყოს და ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღოს. უმჯობესია, შევიძინოთ ეტიკეტირებული პროდუქტი, მივაქციოთ ყურადღება, რა პირობებში ინახება და იყიდება. სამწუხაროდ, დაშვებულია ისეთი პროდუქტის რეალიზაციაც, რომელსაც არა აქვს ეტიკეტი, მაგრამ გამყიდველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია, რომელიც დახლზე ექნება გამოკრული, თუ არ აქვს, უნდა მოვითხოვოთ! პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტზე არ აწერია "ყველი", დიდი ალბათობით, მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმს.
- როცა აწერია "სახაჭაპურე", "იმერული"...
- კანონი მოითხოვს, რომ ეწეროს "ყველი", თუ არ აწერია, უნდა ვივარაუდოთ, რომ არ არის ნატურალური.
- მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ხშირად ყველის მაგივრად მოიხმარს სოიისგან დამზადებულ ყველისმაგვარ პროდუქტს. სოია სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ერთია, რომ მისგან დამზადებულ ყველს ნატურალური ყველის ფასად ვყიდულობთ და მეორე, არსებობს ეჭვი, რომ სოია გენმოდიფიცირებულია.
- კანონი კრძალავს გენმოდიფიცირებული მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას. ამიტომ ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებული არ არის (დაშვებულია მხოლოდ 0,9%). თუ ეს პირობები დარღვეულია, ძალიან მაღალი ჯარიმებია დაწესებული. საზოგადოდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა აკრძალული არ არის, მაგრამ ეტიკეტზე ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული.
სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულად იღებს ნიმუშებს, ჩვენც ვამოწმებთ და უფრო ხშირად სხვა პრობლემას ვაწყდებით - ჰიგიენური ნორმების დარღვევას, ტყვიის ჭარბ შემცველობას და ა.შ.
გენმოდიფიცირებული პროდუქტები ბაზარზე არ გამოვლენილა იმ რაოდენობით, რომ ეს ქვეყნისთვის პრობლემა იყოს...
ზედაპირული დათვალიერებით რთულია ნამდვილი ყველის ამოცნობა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს როგორც ბიზნესოპერატორებს, ისე საწარმოებსაც, ასევე პროდუქტებს იკვლევს ლაბორატორიულად და მონაცემებს აქვეყნებს საიტზე - მომხმარებელი ყველაზე სანდო ინფორმაციას სწორედ ასე მიიღებს.
ანა მიქაძე, მეყველეთა გილდიის თავმჯდომარე: - რძე უნდა იყოს ლაბორატორიულად შემოწმებული და ვიცოდეთ მისი მახასიათებლები. რეგლამენტის შემოღების შემდეგ ამ მოთხოვნებს მკაცრად იცავენ მეწარმეები. ეტიკეტზე ერთი ასოც რომ გვაკლდეს, დაგვაჯარიმებენ, ამიტომ ვცდილობთ არაფერი გამოგვრჩეს... ყველა პროდუქტს ყველს ვერ უწოდებ. არაერთი ყველისმაგვარი პროდუქტი იყიდება, შეხედავ, თითქოს ყველია, მაგრამ არ არის ნატურალური რძით დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ფერიც და გემოც ყველის აქვს, ის აღდგენილ რძეზეა დამზადებული. თუ მეყველე კეთილსინდისიერია, ნაღების ცხიმს დაუმატებს, მაგრამ ხშირად უმატებენ ისეთ ცხიმებსაც, რომლებიც რძესთან რეაქციაში შედის და ტრანსცხიმებად გარდაიქმნება, ეს კი მავნეა ჯანმრთელობისთვის.
- აღდგენილი რძე ვნებს?
- არა, მაგრამ სასარგებლო თვისებები ნამდვილად არა აქვს... მოგეხსენებათ, ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს, იქ არავინ ვაჭრობს ეტიკეტირებული პროდუქტით, მაგრამ მომხმარებელი მიჩვეულია, რომ ნატურალური ყველი დახვდება და ხშირად თავს იტყუებს, რომ გლეხის ხელით ამოყვანილ ყველს ყიდულობს, მაგრამ... ასეთი ყველი დიდი ხანია იქ აღარ გამოაქვთ, რადგან საგლეხო და საკოლმეურნეო ბაზრები წარსულს ჩაჰბარდა. დღევანდელი ბაზარი უფრო არეულ-დარეულ მარკეტს ჰგავს - ყველაფერი იყიდება: მაკარონი, ზეთი, ბანანი, ანანასი, ყველი, ხორცი. რაც მარკეტებისთვის უცხოეთიდან შემოდის, მაგალითად, ირანული ბადრიჯანი, იგივე იყიდება ბაზარშიც. უვნებლობის სამსახური მოვაჭრეებს ავალდებულებს, წარმოადგინონ დოკუმენტი, ე.წ. გამოცდის ფურცელი, სადაც გაწერილია ლაბორატორიის დასკვნა, რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ასევე უნდა ეწეროს გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. შეიძლება აღიარების კოდი არ ჰქონდეს, მაგრამ ეტიკეტზე დასართავი ინფორმაცია შემადგენლობის შესახებ აუცილებლად უნდა ერთვოდეს.
- შემთხვევით მოვისმინე მოვაჭრისგან, რასაც ვყიდი, უმეტესობა სოიის ყველიაო.
- სოიის ყველი საერთოდ არ არის ყველი. ეს არის პროდუქტი, რომელსაც ჭამენ ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში, რადგან ლაქტოზის მიუღებლობა აქვთ და ვერ ინელებენ. ამიტომ ამზადებენ სოიის რძისგან და უმატებენ სანელებლებს.
- ყველისმაგვარი კიდევ რით მზადდება?
- აღდგენილი რძით, რძის ფხვნილს რომ ვუწოდებთ. რა სხვაობაა რძის ფხვნილსა და ნამდვილს შორის? რძის ფხვნილი არის მაღალ ტემპერატურაზე რძის გაუწყლოებით მიღებული მასა. როცა აშრობენ, ფხვნილად გარდაიქმნება. ამ პროცესის შედეგად ორთქლდება ვიტამინების მთელი ჯგუფი, ამინომჟავების ნაკრები - 200-მდე სასარგებლო ნივთიერება, ფხვნილში კი ამ 200-დან 2-3 სასარგებლო ნივთიერებაღა რჩება. ასეთი პროდუქტი არც გარგებთ, არც გავნებთ.
- როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყველი ყველისმაგვარისგან?
- ფხვნილისგან დამზადებული ყველი მალევე იშლება და იფხვნება. თუ მწარმოებელმა კარგად შეაზავა, ორი-სამი დღე არაფერი დაეტყობა. თუ კარგი საგემოვნო რეცეპტორები არ გაქვთ, ნამდვილისგან ვერც გაარჩევთ. ყოველ შემთხვევაში, ამ თაობას ნამდვილად გაუჭირდება - იმდენად მიჩვეულია "ჩალა ყველის" ჭამას, რომ ნატურალურის გემო არც ახსოვს.
"ორგანოლეპტიკოსები"
ამ ინტერვიუს შემდეგ გადავწყვიტე, სუპერმარკეტებსა და ბაზარს ვწვეოდი. რამდენიმე მსხვილ სუპერმარკეტში ყველისა და ყველისმაგვარის შენახვის პირობებიცა და ეტიკეტირების ნორმებიც დაცული იყო. ამის შემდეგ ვარკეთილის ბაზარში შევიარე. ჩამწკრივებულ დახლ-მაცივრებში გამოფენილ სხვადასხვა სახეობის ყველს ეტიკეტი არ ჰქონდა. ერთ-ერთ გამყიდველს მოვთხოვე პროდუქტის შესახებ ინფორმაცია და უარი არ უთქვამს, კი, დედიკო, ახლავეო, და გამომიწოდა ფარატინა ქაღალდი, რომელსაც არც ლაბორატორიის ბეჭედი ერტყა და არც მასზე დატანილი ინფორმაცია იყო სრულყოფილი (ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბაზარს 22 მარტს ვეწვიე და ამ "სარწმუნო დოკუმენტითაც" კი ყველი ვადაგასული გამოდგა - 17 მარტამდე ჰქონდა ვარგისიანობის ვადა). როცა ვკითხე, ბეჭედი რატომ არ აქვს-მეთქი, არ დაიბნა და თითით მიმანიშნა, - დედიკო, აგერ მიბრძანდი ლაბორატორიაში, ჩემი ყველი იქ გამოიკვლიეს და ბეჭედიც მათ აქვთო... ლაბორატორიაში განმიმარტეს, რომ ყველს ორგანოლეპტიკურად ამოწმებდნენ (ანუ გემოთი და ყნოსვით), ქიმიურ ანალიზს ან ფიზიკურ ხელსაწყოს კი იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ორგანოლეპტიკური კვლევის შედეგი საეჭვოა.
ვერ შეედავები, ყნოსვა-გემოს ექსპერტებს ნატურალური ყველი ყველისმაგვარში არ აერევათ!
ეკა სალაღაია