რას ამბობს სახალხო დამცველი არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველ ვიდეოზე?
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამია, ვიდეო გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს.
"კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს - მყისიერად აღიკვეთოს ვიდეო ჩანაწერის გავრცელება; დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირების და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება; შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვის და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად; გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეო ჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.
სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან.
"ასევე, მოვუწოდებთ საზოგადოებას თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.