2800 ლარის ეკონომია წელიწადში?! - რას ურჩევს ექსპერტი ქართველ მძღოლებს
ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ავტომობილი არა მხოლოდ კომფორტთან და გადაადგილების საშუალებასთან, არამედ პირველ რიგში ხარჯებთან ასოცირდება - მით უმეტეს, თბილისური საცობების გადამკიდე.
ინტერნეტში უამრავი მასალაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ავტომობილი უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური, თუმცა საკამათოა, რამდენად სანდოა ეს რჩევები. ამიტომ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ქართველ ექსპერტს დავით ჩახტაურს მივმართეთ.
- საწვავთან დაკავშირებული ხარჯები ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეს სერიოზულად ურტყამს. ამიტომ თუ ფულის დაზოგვა გვინდა, უნდა განვსაზღვროთ, რა ტიპის საწვავზე გავაკეთოთ არჩევანი. მე მძღოლებს ვურჩევ, რომ ისარგებლონ ბუნებრივი აირის საწვავით. სულ ცოტა ხნის წინ იგი მეტად პოპულარული იყო საქართველოში.
დღეს, ბენზინზე ფასების მკვეთრი მატების გამო, ინტერესი მის მიმართ ნელ-ნელა ისევ ღვივდება. ჩვენს ქვეყანაში სულ 180-მდე ბუნებრივი აირის გასამართი სადგურია, ანუ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. მძღოლების საინტერესო იქნება, რომ ავტომობილს, რომელიც 100 კმ -ზე საშუალოდ 10 ლიტრ ბენზინს წვავს, ამავე მანძილის დასაფარად დაახლოებით 12 ლიტრი თხევადი გაზი დასჭირდება, ხოლო ბუნებრივ აირი კი მხოლოდ 9 მ3-ს… ანუ, თუ დღეს ბენზინით ( 1 ლიტრი - 2,20 ლ ) ეს ავტომობილი 100 კმ-ს 22 ლარით გაივლის , თხევადი გაზით იგივე მანძილის დასაფარად 14,50 ლარი დასჭირდება, ( 1ლიტრი - 1,20 ლ ) ხოლო ბუნებრივი აირით კი მხოლოდ 12,50 ლარი ( 1მ3 - 1,39 ლ ). როგორც ხედავთ, ეკონომია ბენზინთან 9,5 ლარია და თუ მძღოლი თვეში საშუალოდ 2500 კმ–ს გადის, ბუნებრივი აირით იგი 237 ლარის ეკონომიას ნახავს. ეს კი წელიწადში 2800 ლარია.
- და დღევანდელი ტარიფებით რა ჯდება ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა?
- 1000-დან 2000 ლარამდე, ძრავის მოცულობის და ავტომობილის მოდელის მიხედვით.
- ზოგიერთისგან გამიგია, რომ ბუნებრივი აირი ძრავს აფუჭებსო...
- ყველაფერი პირიქითაა და ამას ძალიან მარტივად ავხსნი. ვინაიდან ძრავში ბუნებრივი აირი ბოლომდე იწვება, იგი დგუშებზე, სარქველებზე და სანთლებზე ჭუჭყს და ნამწვს არ ტოვებს, განსხვავებით თხევადი გაზისა, რომელსაც მოყვება კაუჩუკი და ბენზინისა, რომელსაც მოყვება ტყვია, გოგირდი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ძრავის ამ ნაწილებს აბინძურებენ. ამის შედეგად ძრავის სიცოცხლისუნარიანობა მცირდება, ხოლო სარემონტო ხარჯები კი იმატებს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მძღოლის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ბუნებრივი აირი ბენზინისა და თხევადი გაზისაგან განსხვავებით, გაცილებით თანაბრად იწვის. შესაბამისად, ძრავიც საკმაოდ უხმაუროდ და უპრობლემოდ მუშაობს. ბუნებრივი აირი ასევე არ აუარესებს ძრავის ზეთის თვისებებს და ზეთი გაცილებით მეტ ხანს ძლებს შეუცვლელად. ეს კი, რა თქმა უნდა, მძღოლისთვის დამატებითი ეკონომიაა. რაც შეეხება ეკოლოგიას - ბუნებრივი აირი დღესდღეობით ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად არის მიჩნეული. იგი სხვა საწვავებისაგან განსხვავებით არ აბინძურებს ჰაერს. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს 9-ჯერ უფრო ნაკლები გამონაბოლქვი აქვს ვიდრე ბენზინზე მომუშავეს. მისი გამონაბოლქვი არ შეიცავს არც გოგირდს და არც ტყვიას, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძლიერ საზიანოა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების პარკის გაზრდით, შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია,რაც დედაქალაქში ეკოლოგიურ სიტუაციას საგრძნობლად გამოასწორებს.
- და რამდენად უსაფრთხოა?
- ჩემი აზრით, ბუნებრივი აირი უსაფრთხო საწვავია. იგი 2- ჯერ უფრო მსუბუქია ჰაერზე. ამიტომ, მანქანის გამართვისას ან ავტომანქანის საბარგულის ახდისას, ის მყისიერად ადის ზემოთ და შემდეგ უბრალოდ იფანტება ჰაერში, რაც გამორიცხავს ფეთქებად, საფრთხის შემცველ ნაზავის წარმოქმნას განსხვავებით თხევადი გაზისა, რომელიც ჰაერზე გაცილებით მძიმეა და გუბდება საბარგულში. სწორედ ამის გამო თხევადი გაზის აფეთქების ალბათობა უფრო დიდია. ასევე, ვინაიდან ბუნებრივი აირის აალების ტემპერატურა ბენზინის და თხევადი გაზის აალების ტემპერატურაზე უფრო მაღალია, მას მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, მე-4 კლასის მაჩვენებელი, მაშინ როცა ბენზინის უსაფრთხოების მაჩვენებელი მასზე 1 საფეხურით დაბლაა, ხოლო თხევადისა კი მთელი 2 საფეხურით ქვემოთ დგას.
ამ სფეროს განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში,ასევე რუსეთში ამ დარგის განვითარებას ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, ევროკავშირში საავტომობილო ბუნებრივ აირზე აქციზის განაკვეთი 4 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბენზინზე და დიზელზე, ხოლო უკრაინასა და სომხეთში მასზე აქციზი საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება რუსეთს, იქ მიიღეს კანონი, სადაც ჩაიწერა, რომ საავტომობილო ბუნებრივი აირი ბენზინზე არსებული ყველაზე მინიმალური ფასის არაუმეტეს ნახევარი უნდა ღირდეს . ჩემი აზრით, ჩვენმა მთავრობამაც მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ დარგის განვითარებას იგივე აქციზების უკეთ დარეგულირების კუთხით. და თუ ფასი ბუნებრივ აირზე შემცირდება, სულ უფრო მეტი ავტომობილი დაიწყებს ამ საწვავით სარგებლობას. ეს კი დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. აღარ დაავადდება ამდენი ხალხი, შემცირდება ონკოლოგიურ პაციენტთა რიცხვი, დაიზოგება ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები და ა.შ
ნინა ბარათელი