"არ უნდა გვეშინოდეს უცხოსი, მაგრამ შევინარჩუნოთ და სააშკარაოზე გავიტანოთ საკუთარი" - ქართული ბიბლიოთეკები იტალიაში
"ის ემოციები, რაც ყოველდღიური, ურთულესი შრომისგან დაღლილი ამ ადამიანების სახეებს ახლდა, ის სიხარული, რაც ამ ბავშვებს ეტყობოდათ, ბადებს სურვილს, რომ უფრო მეტი და მეტი ვიშრომოთ ამ მიმართულებით", - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, ეს სიტყვები 13 მაისს ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დარბაზში, ქართული წიგნის კუთხის გახსნის შემდეგ თქვა.
პროექტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული ბიბლიოთეკებისა და წიგნის კუთხეების გახსნას გულისხმობს და რომელსაც მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" და ეროვნული ბიბლიოთეკა "ინექსფონის", "ინტელექსპრესის", "ინექსგრუპისა" და "გიუაანის" მხარდაჭერით ახორციელებს, ამჯერად ტოსკანას რეგონში განხორციელდა და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დიდი სიხარული მოუტანა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევითა და ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სამრევლოში ქართული წიგნის კუთხე უკვე არსებობს. გიორგი კეკელიძე, თავად ჩამოვიდა ფლორენციაში და პირველი ეტაპისათვის 100-მდე წიგნი ჩამოიტანა. აქედან ნახევარი, საბავშვო ლიტერატურაა. ქართული სახელმძღვანელოები გადაეცა ფლორენციაში არსებულ საკვირაო სკოლასაც.
გიორგი კეკელიძე:
- პროექტის პირველი ნაწილი, სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენასა და წიგნებით მომარაგებას გულისხმობს, ხოლო მეორე ნაწილი - საზღვარგარეთ ქართული წიგნების კუთხეების გახსნას. გვაქვს რამდენიმე მიმართულება: უშუალოდ იმ ქვეყნის ქალაქების ბიბლიოთეკებში ქართული წიგნის კუთხის გახსნა, და მეორე - სამრევლოებში, სათვისტომოებსა და საკვირაო სკოლებში ბიბლიოთეკების ან წიგნის კუთხეების მოწყობა. ამ პერიოდისათვის უკვე მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში მოვახერხეთ პროექტის განხორციელება.
- ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელი ქვეყნებიდან გაქვთ და ძირითადად რა სახის ლიტერატურა ჩაგაქვთ?
- იტალიიდან, ესპანეთიდან და საბერძნეთიდან. ალბათ, ემიგრანტების რაოდენობიდან გამომდინარე. ლიტერატურა მრავალფეროვანია და ძირითადად მკითხველის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. რთულია რესურსების განაწილება, რადგან ამ შემთხვევაში სპონსორებს და შემომწირველებს ვეფუძნებით, მაგრამ ვცდილობთ ამ ყველაფერს ერთჯერადი სახე არ ჰქონდეს და პერიოდულად შევავსოთ უკვე არსებული ბიბლიოთეკები.
ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქართველი ემიგრანტებისთვის, არამედ იმ ქვეყნებთან კულტურული ხიდის ასაშენებლად, სადაც მათ უწევთ ცხოვრება, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს ქართველებს გასატანი, საჩვენებელი და საამაყო. სწორედ ამიტომ, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ქართული წიგნი იყოს იტალიურ ენაზე ნათარგმნი. ადრე თუ გვიან, მოვახერხებთ ამას.
ივნისში რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი წიგნიცაა. მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ კომუნიკაციის საშუალება იყოს ჩვენი ძალიან დიდი კულტურა, არანაკლები იტალიურზე. არ უნდა გვეშინოდეს უცხოსი, მაგრამ შევინარჩუნოთ და სააშკარაოზე გავიტანოთ საკუთარი.
შეხვედრის დასასრულ, სტუმარმა მადლიერება გამოხატა მამა ანდრია ლაცაბიძის მიმართ ინიციატივის გამოჩენისათვის. ასევე მადლობა გადაუხადა ემიგრანტებს მზაობისა და დროის დათმობისთვის.
ბატონმა გიორგიმ გეზი ფლორენციიდან, ქართველებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ბარისკენ აიღო. "ეს, დიდი წამოწყებაა და რაც მთავარია, ამ ყველაფერს არ ექნება ერთჯერადი სახე. შეხვედრა ორმხრივი ინიციატივის შედეგად დაიგეგმა და მისი მიზანია, ამ ქალაქში, ქართული ბიბლიოთეკის მხარდაჭერა და საკვირაო სკოლის მომარაგება სახელმძღვანელოებით", - განაცხადა აღნიშნული სკოლისა და ასოციაციის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა ნინა რურუამ ჩვენთან საუბრისას.
პ.ს. თუ ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება გვინდა, უნდა ვწეროთ, ვისაუბროთ და ვიკითხოთ ქართულად, რადგან ქართველისთვის ქართული ენა, მხოლოდ ლინგვისტური ერთეული არ არის, ის ქართული გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილია და მისი დამახინჯება და თუნდაც ნაწილობრივ დავიწყება, ჩემი აზრით, ავტომატურად იწვევს "გენეტიკურ ცდომილებას".
და მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ემიგრანტი, დიდი სიხარულით ვხვდები ასეთ წამოწყებებს და მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ყოველივე ამაში.
ნინო მამუკაძე
ფლორენცია, იტალია