"თავისი 7 თვის შვილი ჯერ არც კი უნახავს. ინტერნეტით ეკონტაქტება" - რას ჰყვება ლევან გორგაძის დედა ტოჩინოშინზე?
"ძალიან გაჭირვებული ცხოვრება გავიარეთ და ლევანი განსაკუთრებულად მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა. ოჯახზე ზრუნავდა და ბევრს შრომობდა ბაღში, ტყეში, შეშის მოსატანადაც კი დადიოდა... ჩემს მშობლებს ძროხები ჰყავდათ და 14 წლის ბავშვი მთაში ბალახს თიბავდა კაცებთან ერთად. რამდენიმე წელი ასე მოჰქონდა თივა, რომ არ გვეყიდა. თივის ფული არ გვქონდა..." - ლევან გორგაძის დედა - ნუნუ მარქარაშვილი ლევანის ბავშვობაზე და დღევანდელობაზე ვრცლად გვესაუბრა...
- როგორი ბუნების ბავშვი იყო ლევანი, ბიჭები ხომ ცელქები, მოუსვენრები არიან, რთული იყო მისი აღზრდა?
- სიმართლე, რომ გითხრათ არ იყო ძალიან რთული აღსაზრდელი ბავშვი. რასაც ვეუბნებოდი, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა ყველაფერს. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ბავშვი იყო. ოჯახის წევრების მიმართ ბავშვობიდანვე მზრუნველობას იჩენდა... ძალიან ცელქი არა, მაგრამ ღონიერი ბავშვი იყო და ეს ძალ-ღონე დადებითი მიზნებისკენ მივმართეთ.
- გაიხსენეთ, რა გზა გაიარა, სანამ ამ ყველაფერს მიაღწევდა, რა შრომა, რისი მოთმენა და რისი გადატანა უხდებოდა?
- ურთულესი გზა აქვს გავლილი. სპორტის ამ სახეობას ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფა ჭირდება. ამდენს ვიდრე მიაღწევდა, მანამდე ძალიან დიდი გზა გაიარა. ვარჯიში ბავშვობიდან დაიწყო, ჯერ კიდევ ძეგვში ცხოვრებისას. თან 90-იანი წლები იყო და კარგად მოგეხსენებათ, როგორი სიდუხჭირე იყო... იმდენად მონდოებული ბავშვი იყო, რომ სრულიად გადაუჭარბებლად გეტყვით, სპორტსმენად იყო დაბადებული. სოფელში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა... შემდეგ წამოიზარდა და გულახდილად გეტყვით, ჩემი დაჟინებული თხოვნით, სამედიცინო ტექნიკუმში ჩააბარა. მეც მედიცინის მუშაკი ვარ და ჩემი პროფესია იმ გაჭირვებულ პერიოდში ძალიან დამეხმარა ბავშვების გაზრდაში. ამიტომაც მსურდა, ლევანიც ექიმი გამხდარიყო... ლევანი ტექნიკუმში რომ სწავლობდა, პარალელურად დინამოს სტადიონზე დადიოდა და ვარჯიშობდა სამბოში. სერიოზული წარმატებები ჰქონდა... ტრანსპორტი ჭირდა, მაშინ 14-15 წლის ბიჭები უფრო ბავშვურები იყვნენ და მეც დავყვებოდი ვარჯიშზე რომ მიდიოდა. მეშინოდა მისი მარტო გაშვება იმ არეულ წლებში. ხშირად იყო კურიოზული სიტუაციები, ბევრს ჩემი ძმა ეგონა, იმდენად მაღალი და დიდი იყო.
- მკაცრი მშობლები იყავით?
- ალბათ ზომიერად... ბავშვებთან ყვირილი და ცემა-ტყეპა არ მახასიათებს. ვერასოდეს გაიხსენებენ შვილები ჩემს სიმკაცრეს.
- იქნებ გაიხსენოთ მისი საქციელი როცა ყველაზე მეტად გაბრაზდით ან შეშინდით... ისიც, როდის გაგახარათ ყველაზე მეტად...
- სიხარულით ძალიან განებივრებული ვარ ლევანისგან... ყველაზე დიდი სიხარული, რაც ამ წუთას გამახსენდა, გიამბობთ: თბილისობაზე იჭიდავა ქართულ ჭიდაობაში. ჩემს გვერდით პატარა ბიჭი იჯდა, რომელიც ლევანის მოწინააღმდეგეს გულშემატკივრობდა. მოწინააღმდეგე ბევრად დიდი იყო, მაგრამ ლევანი რადგან წონით და სიმაღლით დიდი იყო, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რა ასაკისას დაეჭიდებოდა... პატარა ბიჭი ყვიროდა - მიდი მამი, შენ იციო... გაოცებული ვუყურებდი, ბავშვი უკვე 5-6 წლის იყო და მამამისს ეჭიდავებოდა ლევანი ჯერ კიდევ პატარა ასაკში. როცა ლევანმა დამაჯერებლად მოუგო, მახსოვს, რა ძალიან დიდი სიხარული განვიცადე... რაც შეეხება შიშს, ლევანს ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა ნადირობა. მეგობრებთან, მათ მამებთან და პაპებთან ერთად დადიოდა სანადიროდ. ერთხელ ძალიან შეაგვიანდათ და ის შიში არასოდეს მავიწყდება. მოგეხსენებათ, ტყეში ტელეფონები ვერ იჭერდა და ღამის სამ საათზე გარეთ ვიდექი და ველოდებოდი, მათი მანქანა ტყიდან როდის გამოვიდოდა... აი გაბრაზება კი ლევანისგან არ მახსენდება. ერთადერთხელ პატარა რომ იყო, დაახლოებით 11 წლის, მეზობლის უფროსმა ბიჭმა სიგარეტი მოაწევინა. რომ გავიგე, ძალიან ავღელდი და იმის შემდეგ სულ ვამოწმებდი. ოღონდაც ვკოცნიდი და ისე ვხვდებოდი პირში სიგარეტის სუნი ხომ არ ჰქონდა. გაგრძელება