"თბილისი გეოლოგიური საფრთხის ზღვარზე"
რამდენიმე კრიტიკული უბანია ნუცუბიძის ფერდობზე. მძიმე სიტუაციაა მამადავითის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე - იქ მშენებლობები კატეგორიულად დაუშვებელია. კრიტიკულია შეშელიძის ქუჩის მარჯვენა ფერდობი, გლდანისკენ მიმავალი გზა, ლიბანის ქუჩა ე.წ. კონიაკის დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ასასვლელი...
50 000-ზე მეტი მეწყრულ-გრავიტაციული უბანი, 3000-ზე მეტი ღვარცოფული ხევი და მდინარე - საქართველო გეოლოგიურ საფრთხეს მალავს რთული გეოგრაფიული რელიეფისა და ულამაზესი ლანდშაფტის მიღმა. სპეციალისტების თქმით, საქართველოს ყველა გეოლოგიური საფრთხის პრევენციას მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნის ბიუჯეტიც ვერ ეყოფა. ამიტომაც ჩვენი მატერიალური რესურსის გათვალისწინებით გამოიყოფა პრიორიტეტული საფრთხეები, რომელთა დიდი ნაწილი დედაქალაქის ტერიტორიაზეა თავმოყრილი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისის გეოლოგიური მდგომარეობა არც გლობალურად შესწავლილა და არც ძველი კვლევების გამოყენება უცდია ვინმეს. ამიტომაც უკონტროლოდ გაცემული სამშენებლო ნებართვებით დედაქალაქი არა მხოლოდ ბეტონის გაუვალი ჯუნგლებით დაიფარა, გეოლოგიური საფრთხით ერთიორად დამძიმდა. მთელი საქართველოს გეოლოგიური საფრთხეების შესახებ საზოგადოება დეტალურად მომავალი წლის ამ დროს შეიტყობს, როდესაც უმნიშვნელოვანესი პროექტის, გეოლოგიური რუკის დასრულება იგეგმება, მანამდე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მერაბ გაფრინდაშვილთან საუბარში ექსკლუზიურად შეიტყობთ, რუკის უკვე დამუშავებული მასალის მიხედვით, რა საფრთხეები არსებობს თბილისში.
- წელიწადში ორჯერ, გაზაფხულ-შემოდგომით, ქვეყნის ტერიტორიაზე გეოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში მზადდება 500-600-გვერდიანი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც აღნიშნულია წლის სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და მომავალი წლის პროგნოზი. ნაშრომი ეგზავნება მუნიციპალიტეტებს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, სამინისტროებს. დავიწყეთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო გეოლოგიური, მსხვილმასშტაბიანი რუკების შედგენაც, რომლებიც 10-15 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს და წარმოადგენს გეოლოგიური ქანების ასაკს, გენეზისს, ტექტონიკურ რღვევებს, რაც ხელს უწყობს სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და მრავალ კომპონენტს. ამ რუკას იყენებს გეოლოგიის ყველა მიმართულება სასარგებლო წიაღისეულის ძიებაში, სტიქიურ-გეოლოგიური მოვლენების მართვაში, მიწისქვეშა წყლების მართვაში და ა.შ.
- წლევანდელ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში რა საფრთხეებია აღნიშნული? - ამ დროისთვის ათასამდე დაძაბული უბანია შეფასებული. უპირველესად, პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება იქ, სადაც საფრთხე ადამიანს ემუქრება. შარშანწინ დამცავი ღონისძიებები 200 დაძაბულ უბანზე გატარდა. კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში, 20-30 და 100 წლის შემდეგ რომ გვექნება, იმ გარემო პირობებზე ადაპტაცია უნდა შევძლოთ. სწორედ ამისთვის გვჭირდება რუკები, რათა გრძელვადიან პერიოდში განვსაზღვროთ, სად დავსახლდეთ, სად - ინფრასტრუქტურული პროექტები მოვაწყოთ და ა.შ.
- თბილისის რუკა უკვე მოკვლეულია? - თბილისი, თავისი შემოერთებული სოფლებით, 501 კვადრატული კილომეტრია და მზადდება 25-ათასიანი მასშტაბის გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა, სადაც აღნიშნული იქნება ყველა გეოლოგიური პროცესის, მეწყრის, ღვარცოფის, ნაპირების გადარეცხვის, ქვათაცვენისა და სხვათა ანგარიში, პასპორტი, კადასტრი, სად რა ზიანი გვადგება, რა პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ. ამ დოკუმენტს დაეყრდნობა თბილისის გენერალური განვითარების გეგმა, ურბანული დაგეგმარება, ქალაქმშენებლობის, განაშენებიანების ყველა გადაწყვეტილება. თბილისის მასშტაბით ასეთი რუკა არასდროს გაკეთებულა.
- არ არსებობდა გეოლოგიური რუკა და თბილისში მშენებლობების ნებართვები გაიცემოდა. ამის შედეგად უკვე განაშენიანებულ ტერიტორიებზე საფრთხეები გამოიკვეთა? - მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელია გეოლოგიური ანგარიში. ამისთვის სამშენებლო მოედნებზე უნდა ჩატარდეს გეოტექნიკური კვლევები, თუ მდინარესთან გვაქვს საქმე - ჰიდროლოგიური კვლევებიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი სამშენებლო მოედნებზე საინჟინრო-გეოლოგიურ, გეოტექნიკურ კვლევებს არ აწარმოებს. ეს ბევრმა არ იცის და ზოგჯერ უსამართლოდ თითს ჩვენკენ იშვერენ. კორპუსების მშენებლობისთვის გეოლოგიურ დასკვნებს ამზადებენ კერძო კომპანიები, შპს-ები, სააქციო საზოგადოებები. 2005 წლის შემდეგ ამ ტიპის საქმიანობას ლიცენზირება არ სჭირდება. ყველას შეუძლია გახსნას გეოლოგიური კვლევის ორგანიზაცია. არადა, კვლევა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. კომპანიებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატი, ეკონომიკის სამინისტროში რეგისტრაცია მაინც უნდა ჰქონდეთ გავლილი. საკანონმდებლო ბაზაც სუსტია, მოძველებულია სტანდარტები, სამშენებლო წესები და ნორმები. ეკონომიკის სამინისტროში ახლა შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მოამზადებს.
- კანონმდებლობის შეცვლამდე, რუკის შედგენის პროცესში, უკვე განაშენიანებულ ტერიტორიებზე საგანგაშო სიტუაცია ჩანს? - განგაშის საფუძველი გვაქვს. მძიმე სიტუაციაა მამადავითის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე - იქ მშენებლობები კატეგორიულად დაუშვებელია. რამდენიმე კრიტიკული უბანია ნუცუბიძის ფერდობზე. კრიტიკულია შეშელიძის ქუჩის მარჯვენა ფერდობი, გლდანისკენ მიმავალი გზა, ლიბანის ქუჩა ე.წ კონიაკის დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ასასვლელი. გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა და გენგეგმა ქალაქის ხელმძღვანელობას შეაძლებინებს, სამომავლოდ ოპტიმალური შედეგი მივიღოთ, თორემ გაფუჭებულ საქმეს ვერ გამოასწორებენ.
- შეიძლება თუ არა განაშენიანება ვერეს ხეობაში? - მდინარე ვერეს ხეობა გეოლოგიური და ჰიდროლოგიური თვალსაზრისით იმდენად ურთულესი უბანია, რომ 1996 წლამდე თბილისის ფარგლებში ფუნქციონირებდა სპეციალიზებული გეოლოგიური სამსახური "მზიური".
ჭალაკალაპოტის ზონაში, ვერე იქნება თუ სხვა მდინარე, მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია.
მდინარის ხეობა შედგება კალაპოტის, ჭალის, ჭალის მაღალი ტერასის და ჭალისზედა პირველი ტერასისგან. კალაპოტში წყალი მუდმივად მიედინება, 20-40 წლის განმავლობაში კი ერთხელ მაინც დატბორავს ჭალას და მის მაღალ ტერასას. ჭალისზედა პირველი ტერასა, როგორც წესი, არასოდეს იტბორება. არც შემდეგი ტერასები.
13-14 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ძალიან ბევრი დამცავი ღონისძიება განხორციელდა. მაშინდელზე გაცილებით წინ ვართ, ასეთი კატასტროფაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ კლიმატის გლობალურ ცვლილებას, რომელიც არა მხოლოდ ვერეს ხეობაზე, მთელ დედამიწაზე მოქმედებს, ვერ გავაჩერებთ. ვერც იმას განვსაზღვრავთ აბსოლუტური სიზუსტით, იმ ადგილს, დღეს რომ არ იტბორება, რა დაემართება თუნდაც ათი წლის შემდეგ. არის მდინარეები, რომელთა კალაპოტში მყარი ნატანი მრავლად ილექება და ასეთ დროს ჭალის ზედაპირული ტერასაც კი იტბორება. ამიტომ დიდი სიფრთხილე და კვალიფიციური შეფასებითი სამუშაოებია საჭირო საორჭოფო ზონებში გადაწყვეტილების მისაღებად.
- ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ ვარაზისხევიც ისეთივე პრობლემას შექმნის, რაც ვერეს ხეობაში მოხდა. - მდინარე ვარაზისხევის ვერეს ხეობასთან შედარება აბსურდულია. ვარაზის წყალშემკრები აუზი არის 1,4 კვკმ, ვერეს ხეობის კი - 190 კვკმ. სხვაობა ძალიან თვალში საცემია. ამიტომაც შეუძლებელია, ვარაზის ხეობაში დაგროვდეს იმდენი ნალექი, რომ ვერეს მსგავსი კატასტროფა გამოიწვიოს. ყველა პარამეტრის გათვლით, წყალდიდობა კიდეც რომ მოხდეს, ქუჩაზე წყლის სიღრმე 50 სმ-ზე მეტი ვერ იქნება. 60 სმ სიმაღლეზე წყალი ვაჟა-ფშაველას გამზირზეც მოედინებოდა რამდენიმე დღის წინ, კოკისპირული წვიმების დროს სანიაღვრე არხების გაჭედვის გამო. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ ზედმეტი პანიკაც გაუგებარია. ამასთან, პრობლემურია არა მხოლოდ ვერესა და ვარაზის ხეობები, არამედ დიღმის წყალი, გლდანულა, გლდანის წყალი, ხევძმარი და სხვა პატარა მდინარეების ხეობებიც, ოღონდ ყველა პრობლემა კვალიფიციურად უნდა განვიხილოთ.
- ამბობენ, ვაკის რაიონი მცოცავ მეწყერზე მდებარეობს, ამიტომაც კომუნისტები დაუშვებლად მიიჩნევდნენ უფრო მჭიდრო განაშენიანებას, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყოო. ახლა რა სურათი გაქვთ? - გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისის გარკვეულ უბნებზე შეზღუდვები იყო და მათ მშენებლობისთვის უვარგისი ერქვა. ასეთი უბნები იყო ნუცუბიძის პლატოს მიმდებარე ფერდობები, მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში ასასვლელები, მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ტერიტორია, მზიური; მამადავითის კალთის გასწვრივაც შეზღუდვები იყო. დღესაც უნდა იკრძალებოდეს მშენებლობა გეოლოგიურად აქტიურ უბნებში, არამხოლოდ ჭალა-კალაპოტებში, უკიდურესად დახრილ ფერდობებზეც. შესაძლოა, ქანების შემადგენლობით ტერიტორია მდგრადი იყოს, მაგრამ განაშენიანების ტიპი აუცილებლად უნდა განისაზღვროს, რათა ის საშინელება არ მივიღოთ, რაც სპორტის სასახლის მიმდებარედ ხდება. ვაკეს რაც შეეხება, ყველა ადგილს თავისი დატვირთვის კოეფიციენტი აქვს. თუ ამგებ ქანებს დასაშვებზე უფრო გადავტვირთავთ, ადრე თუ გვიან კატასტროფა მოხდება. შესაძლოა, ერთ დიდ ტერიტორიაზე სხვადასხვა მშენებლობის შესახებ დასკვნას სხვადასხვა გეოლოგი გასცემდეს, ყველამ დაწეროს სიმართლე, რომ ქანი მყარია და შეესაბამება კონკრეტული მშენებლობის კოეფიციენტს, მაგრამ თუ ერთობლივი დაწოლა არ შეფასდა, შესაძლოა, სავალალო შედეგი მივიღოთ. ასეთი შეფასება კი არ ხდება. 1991 წლამდე საქართველოს გეოლოგიური სამსახური 18 000 თანამშრომელს ითვლიდა, დღეს ამ უწყებაში 65 კაცი ვართ; აქედან ნახევარი ეკონომიკის სამინისტროშია, წიაღისეულის მიმართულებით მუშაობს, ნახევარი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. სტიქიის კვლევებზე 15 კაცი მუშაობს. ჩვენ რომ ტერიტორიები დეტალურად შევაფასოთ, ძალიან დიდი რესურსი გვჭირდება, ადამიანური და ფინანსური, ამიტომაც გამოსავალი თბილისის გეოლოგიური ზონირების რუკის მომზადებაა. კვლევებს ის უნდა დაედოს საფუძვლად. ეს რუკაც ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი, მაგრამ უმნიშვნელოვანეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება შესაძლებელი გახდება.
ეკა ლომიძე