საბედისწერო 20 წამი
"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს კოსმოსის თემაზე ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA/ESTEC/Space Expo-ს თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. ამჟამად ის მთვარეზე პირველ პილოტირებულ მისია "აპოლო 11"-ზე მოგვითხრობს - ზუსტად 49 წლის წინ, 20 ივლისს, პირველად დაადგა ადამიანმა ფეხი მთვარეზე. ამ ისტორიულ მოვლენას მაშინ პირდაპირ ეთერში 450 მილიონი კაცი ადევნებდა თვალს. როგორ ჩაიარა "აპოლო 11"-ის ისტორიულმა მისიამ, დალი უბილავა-დე გრააფი გიამბობთ.
"მთვარის მარათონი"
- "მე მჯერა, რომ ჩვენს ერს აქვს ისტორიული ვალდებულება, ამ ათწლეულის დასასრულამდე მოვახერხოთ ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და მისი მშვიდობიანად უკან დაბრუნება","- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ 1961 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც რუსებმა იმავე წლის აპრილში პირველი ადამიანი - იური გაგარინი გაუშვეს კოსმოსში. ამერიკას, როგორც რუსეთის კონკურენტს კოსმოსის ათვისების პროგრამებში, სურდა ამ მოვლენის საპირწონედ გადაედგა ნაბიჯი. იმ წლებში მთვარის პროგრამები "ცივი ომის" ორი მხარის, ამერიკისა და რუსეთის სამხედრო შეჯიბრების ობიექტი გახლდათ. კენედის განცხადება იყო ერთგვარი დევიზი და მართლაც, 1969 წლის 16 ივლისს, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობისას, ამერიკამ გაუშვა "აპოლო 11" - პირველი პილოტირებული მისია მთვარეზე. ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის ლეგენდარული 39ა პლატფორმიდან დაიძრა უმძიმესი რაკეტა "სატურნ-5". მასში მოთავსებული იყო მოდულები: მთვარის ორბიტერი "კოლუმბია" და ლანდერი (დამშვები) "არწივი". ეკიპაჟში 3 ასტრონავტი შედიოდა: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი. "სატურნ-5"-მა გაიყვანა "კოლუმბია" და "არწივი" მთვარის ორბიტაზე. 20 ივლისს, დაახლოებით 100 კილომეტრ სიმაღლეზე მთვარის ზედაპირიდან "არწივი" არმსტრონგისა და ოლდრინის შემადგენლობით გამოეყო "კოლუმბიას" და დაიწყო დაშვება მთვარის ზედაპირზე. ჯგუფის ეკიპაჟის მესამე წევრი, მაიკლ კოლინზი დარჩა "კოლუმბიაში", რომელიც მთვარის ორბიტაზე მოძრაობდა და იქ ელოდა კოლეგების დაბრუნებას. არმსტრონგი და ოლდრინი "არწივით" დაეშვნენ მთვარის განათებულ მხარეს მდებარე კრატერზე, ე.წ."სიმშვიდის ზღვაში.
ოცი წამის სამყოფი საწვავი
- საინტერესო პერიპეტიებით სავსე მოგზაურობა ჰქონდა "აპოლო 11"-ს. მე მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით. წარმოიდგინეთ ეს ხდება 60-იან წლებში, როდესაც ტექნიკა ჯერაც ძალიან პრიმიტიულია დღევანდელთან შედარებით.
მთვარის ზედაპირზე დაშვებამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე ასტრონავტებმა აღმოაჩინეს, რომ დაგეგმილ ადგილას დაშვება ვერ ხერხდებოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ იქ უზარმაზარი ლოდები ეწყო. მეთაურმა არმსტრონგმა გადაწყვიტა, ფრენა გაეგრძელებინა, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სამუშაო პროტოკოლს - ზედმიწევნით გათვლილი საწვავის გადახარჯვა შექმნიდა საშიშროებას, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ. ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრი კი ჯიუტად მოითხოვდა სასწრაფოდ დაშვებას მთვარეზე. როგორც იქნა, დაგეგმილიდან რამდენიმე კილომეტრში "არწივი" რბილად დაეშვა. ცენტრის ინფორმაციით, იმ მომენტისთვის ასტრონავტების განკარგულებაში იყო მხოლოდ 20 წამისთვის საკმარისი საწვავი მთვარიდან ასაფრენად, ანუ "არწივში" მობრუნებულებს 20 წამში უნდა მოეხერხებინათ მთვარიდან აფრენა და "კოლუმბიამდე" მიღწევა. არსებობდა დიდი ალბათობა, რომ მათ ეს ვერ მოეხერხებინათ 20 წამში, რაც ნიშნავს, რომ სამუდამოდ დარჩებოდნენ მთვარეზე. მთელი მსოფლიო, რომელიც ამას თვალს პირდაპირი ეთერით ადევნებდა, რა თქმა უნდა, დეტალების საქმის კურსში არ იყო. ეს მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გახდა ცნობილი...
"არწივიდან" მთვარეზე პირველი არმსტრონგი გადმოვიდა, მას მიჰყვა ბაზ ოლდრინი და შეუდგნენ პროტოკოლით გათვალისწინებულ სამუშაოს შესრულებას. პირველად ამერიკის დროშა დაამაგრეს, რის შემდეგაც მათთან ხაზზე გავიდა ამერიკის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, საუბარი ასტრონავტებთან დაახლოებით ერთ წუთი გრძელდებოდა, ნიქსონმა ისინი გაამხნევა.
შემდეგ მათ ლაზერული რეფლექტორები განათავსეს მთვარეზე. სწორედ მათი მეშვეობით ნასამ გაზომა მანძილი მთვარესა და დედამიწას შორის და აღმოაჩინა, რომ ის წელიწადში დაახლოებით 4 სანტიმეტრით იზრდება. უმნიშვნელოვანესი დავალება იყო ზედაპირის ნიმუშების მოგროვებაც, რაც სარისკო იყო, რადგან მთვარეზე მტვრის ნაწილაკებიც კი, არათუ ქვა-ღორღი, გაცილებით ბასრია, ვიდრე დედამიწაზე (დედამიწაზე ატმოსფეროს გავლენით გაცილებით გლუვდება) და ამიტომ პატარა ნაკაწრიც კი ასტრონავტების სკაფანდრზე სიკვდილის ტოლფასი იყო. ასტრონავტებმა ფრთხილად, დაახლოებით 60 მეტრის რადიუსში მოაგროვეს მთვარის ზედაპირის ნიმუშები - მტვერი, ქვები, 22 კგ არტეფაქტები.
ბოლოს არმსტრონგმა და ოლდრინმა 100-მდე ფერადი ფოტო გადაიღეს და დაბრუნდნენ "არწივშDი". მთელი ამერიკა, განსაკუთრებით კი ნასა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სუნთქვაშეკრული ელოდა გამოფრენის მომენტს. მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციას მზად ჰქონდა მოქმედების გეგმა, ანუ ნეკროლოგის შინაარსის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლის ტექსტიც კი, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იყო იმის დიდი ალბათობა, რომ ასტრონავტები ვერასოდეს დაბრუნდებოდნენ დედამიწაზე.
"არწივში" საწვავის უკმარისობას კიდევ ერთი უბედურება დაერთო - ასაფრენად მომზადების დროს, ასტრონავტებმა აღმოაჩინეს, რომ ძრავის ჩასართავი ღილაკი ბუდეში ჩატეხილიყო. ეს პრობლემა მარტივად გადაწყვიტეს უბრალო კალმის გამოყენებით და ღილაკის ფუნქცია უმარტივესმა კალამმა შეასრულა (ამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი). საბედნიეროდ, კოსმონავტებმა მოახერხეს მთვარის ზედაპირიდან განსაზღვრულ დროში აფრენა და 21 ივლისს ისევ შეუერთდნენ კოლინზს, 24 ივლისს კი სამივე ასტრონავტი "კოლუმბიით" დაეშვა ატლანტის ოკეანეში, სადაც მაშველ ბრიგადებთან ერთად მათ თვით პრეზიდენტი ნიქსონი ელოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საწვავი საკმარისი ყოფილა 45 წამისთვის(!).
მანათობელი ობიექტი
"აპოლო-11"-ის ეკიპაჟის წევრებმა ამ დროისთვის უკვე დაღუპულ რუს ასტრონავტებს - იური გაგარინსა და ვლადიმირ კომაროვს პატივი მიაგეს და მთვარეზე ჩაიტანეს მათი სამხრეები, ასევე ამერიკელი ასტრონავტების "აპოლო 1"-ის მისიის მონაწილეების, ვირჯილ გრისონის, ედუარდ უაითისა და როჯერ ჩაფის ნივთები.
მოგვიანებით "აპოლო 11"-ის წევრები იგონებდნენ, რომ მათ მუდამ თან სდევდათ რაღაც მანათობელი ობიექტი. ამაზე საუბარი მაშინ არ შეიძლებოდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ეს იყო ამოუცნობი ობიექტი.
"აპოლო 11"-ის ეკიპაჟის წევრებს უფლება ჰქონდათ წაეღოთ რამდენიმე პირადი ნივთი. ნილ არმსტრონგს წაუღია დვორჟაკის მეცხრე სიმფონია და გზაში უსმენდა.
ლეგენდარული "აპოლო 11"-ის მისიით დაწყებული "აპოლოს" პროგრამის 6 მისიის ფარგლებში, მთვარეზე 12 ამერიკელი ასტრონავტი გაფრინდა.
ტრანზიტული სადგური
პილოტირებული ეკიპაჟის გაგზავნა და მშვიდობიანად უკან დაბრუნება მარსზე დაახლოებით 2030 წლისთვისაა ნავარაუდევი, მაგრამ მთვარეზე ადამიანის მორიგი ვიზიტი კიდევ უფრო ადრე იგეგმება. "აპოლო 17"-ით დასრულდა მთვარის პროგრამების ერა. ნასას ბრწყინვალე შედეგები აქვს მთვარის პილოტირებულ მისიებში. მის კონკურენტს, მაშინდელ საბჭოთა კავშირს კი, არაპილოტირებულ მისიებში: "აპოლო 11"-მდე 10 წლით ადრე, 1959 წლის ოქტომბერში, საბჭოთა კავშირმა მთვარეზე გაუშვა არაპილოტირებული მისია "ლუნა-3", რომელმაც გადაიღო მთვარის ჩრდილოვანი მხარის პირველი ფოტოები, 1966-ში - "ლუნა 9", 1970 წელს კი "ლუნა 17". სწორედ "ლუნა 17"-ის ფარგლებში პირველი რობოტი "ლუნახოდი" გადასვეს მთვარეზე, რომელმაც მთვარის ზედაპირზე რამდენიმე კილომეტრი გაიარა. ამ რობოტის საშუალებით დაახლოებით 400 გრამი მთვარის მტვერი ჩამოიტანეს დედამიწაზე. 46 წელია, რაც მთვარეზე პილოტირებული მისიები არ ჩატარებულა.
ამ დროისთვის მთვარის პროგრამების აღდგენით დაინტერესებული არიან არა მხოლოდ აშშ და რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც: ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, კანადა, ბრაზილია, რა თქმა უნდა, ევროპის კოსმოსური სააგენტოც. ძალიან მალე, დაახლოებით 10-15 წელიწადში, მთვარე უნდა გახდეს ე.წ. ტრანზიტული სადგური, ანუ მთვარიდან გაუშვებენ რაკეტებს მარსისა და სხვა პლანეტებისკენ. გარდა ამისა, მთვარის მტვერი მდიდარია ენერგიის ალტერნატიული წყაროთი. მთვარის პროგრამების განახლება დაიწყება ახალი თაობის კოსმოსური სადგურით, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულ კოსმოსურ სადგურს და რომელიც არა ისევ დედამიწის ორბიტაზე, არამედ მთვარის ორბიტაზე განთავსდება.
ნინო წიფურია