გმირების სისხლი შინდისფრად ყვაოდა შინდისთან
"ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"
ცეცხლის შეწყვეტა რომ უბრძანეს, იმ დღეს ყველა მათგანს დაურეკავს სახლში, საღამოს შინ ვიქნებითო
გორის რაიონის სოფელ შინდისს ორი წელია თავისი გმირები ჰყავს. ცოტა ხნის წინ მემორიალიც დაუდგეს, ისე, როგორც შეეძლოთ სოფლის მკვიდრთ, პომპეზურობის გარეშე. შინდისელების თქმით, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა და ქვეყანას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენა.
"ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.
"მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, "ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის "მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. "არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა.
"ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - მიამბობენ თვალცრემლიანი შინდისელები.
"ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", -”ამ ლექსის ავტორი 11 აგვისტოს დაღუპულთაგან ერთ-ერთია.
მაშინ 21 წლის იყო მიხეილ დვალიშვილი. ლექსებს წერდა და როგორც ხშირად ამბობდა, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა. იმ დღეს დარწმუნდა, რომ ალექსანდრე ონიანს, რუსლან წულაძეს, ზვიად კაცაძეს, ილია გაბუნიას, რომან ზოიძეს, კახა კოშაძეს, ემზარ წილოსანს, ილია შეყლაშვილს, თემურ ბერიძეს, ფელიქს კაკაურიძესა და ვეფხვია ჯიშკარიანს მასთან ყველაზე მეტად სწორედ ეს "სიგიჟე" აერთიანებდა.
ერთი წამით არ უფიქრიათ უკან დახევა, როდესაც მრავალრიცხოვან მტერს გადაეყარნენ. არ შემდრკალან, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს.
5 ბიჭი კოლონის პირველივე მანქანაში ჩაკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, უთუოდ ასეული ებრძოდა. ვინ არიან, ადამიანები თუ ქაჯები, ვერ გაგვიგიაო, ღმუოდნენ თურმე რუსები, სანამ დაფლეთილი თორმეტი ვაჟკაცის ცხედარი არ ნახეს.
მიხეილ დვალიშვილმა თითქოს იწინასწარმეტყველა ეს ტრაგედია. 10 აგვისტოს ბრძოლის ველზე წარმოთქვა: "ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ".
ცეცხლის შეწყვეტა რომ უბრძანეს, იმ დღეს ყველა მათგანს დაურეკავს სახლში, საღამოს შინ ვიქნებითო. ამის შემდეგ 9 დღე და ღამე ეყარა გვამები ღია ცის ქვეშ. მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი მათი გადმოსვენება.
მზაკვრული მახე
შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით გამოჩენილან სოფელში და ძველი რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასაც არაფრად აგდებდნენ. სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანა და ამით გასასვლელები ჩაკეტეს. ბევრმა უშველა თავს ბატალიონიდან, მომავალი გმირები მტერს შეაკვდნენ.
შეეძლოთ გარიდებოდნენ, გასაქცევი გზა ჰქონდათ, მაგრამ თვითონვე მოიჭრეს. რკინიგზის მეორე მხარეს გადავიდნენ და ხელჩართული ომი გაუმართეს მტერს. როცა ტყვია-წამალი გამოელიათ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ონიანმა თავის აფეთქება. მისი დაღუპვის შემდეგ რუსებმა დაღუპულებსა და დაჭრილებთან მიახლოება გაბედეს და საკონტროლო ჯერი გადაატარეს.
არადა, მაშინ ყველა არ ყოფილა მკვდარი. შინდისთან ბრძოლას 20 ჯარისკაციდან მხოლოდ სამი გადაურჩა, ისიც შინდისელების გმირობით. სოფლელებს ბრძოლის ველიდან მოუპარავთ საცერივით დაცხრილული ბიჭები. ერთ-ერთს, ოთარ კალმახელიძეს, შინდისელი ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტა, რამდენიმე დღე თავის სახლში მალავდა, შემდეგ კი მედპერსონალს ჩააბარა.
დამარცხებული გამარჯვებული
ომის დასრულებიდან მალე "კვირის პალიტრამ" დაბეჭდა ინტერვიუ რუს ჯარისკაც საშა დროზდოვთან, რომელიც როგორც თავად ამბობდა, ამ ბრძოლის უშუალო მონაწილე ყოფილა:”ცხინვალში ვიყავით, როდესაც შეგვატყობინეს, ცხინვალის გასასვლელთან, ერთ-ერთ სოფელში, ჩვენს ბატალიონს დამატებითი რაზმი ესაჭიროებაო. ბრძოლის ველზე მეთაური ღრიალებდა, არ ვიცი, ესენი ადამიანები არიან თუ ქაჯები, ერთი საათია ასეთ დღეში ვართო.
ჩვენ ჩავებით ბრძოლაში, როცა ყველაფერი დამთავრდა, მერეღა შევიტყვეთ, რომ სულ თორმეტი კაცი გვებრძოდა. ვინც ჩვენ გადაგვირჩა, თავისი ხელით მოისწრაფეს სიცოცხლე, თავი აიფეთქესო. ჩემმა მეთაურმა მათი ნახვის შემდეგ დანანებით ჩაილაპარაკა, ნეტავი ასეთი გმირები და ვაჟკაცები იქ მყოლოდაო, მივხვდი, რომ ჩეჩნეთს გულისხმობდა, ჩეჩნეთში ნაომარი იყო ჩვენი მეთაურიო...”
ამბობენ, მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლოო. ან რა უნდა წაეღოთ? ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა. მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიუსვენებიათ, ყველაფერი თან ჰქონია: იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც.
ომის წინათმგრძნობელნი
მიხეილ დვალიშვილი ერთ-ერთ ლექსში ამბობს: "რა გავაკეთეთ ამ ქვეყანაზე? არაფერი და ამ არაფერს ცხოვრება გვიშლის". 21 წლის ბიჭს რა უნდა მოესწრო?
რუსლან წულაძე შესანიშნავად ხატავდა თურმე, სულ ტანკები და ბრძოლის სცენები ჰქონია დახატული. ბავშვობიდანვე ამბობდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე და ომში მოვკვდეო; მის რუს დედას, ქალბატონ ლიდიას, თურმე ხშირად აშინებდა უცნაური ლაპარაკით, - დედა, შენ საქართველოში იმიტომ ჩამოხვედი, რომ მე გაგეჩინე, გაგეზარდე, მერე კი მე ომში მომკლავენო.
დაღუპულთა შორის ყველაზე უფროსი, ფელიქს კაკაურიძე, მუსიკოსი ყოფილა. ყველაზე მაღალი კი ილია გაბუნია - 2 მეტრი და 15 სანტიმეტრი იყო. შინდისელები ამბობენ, იმ ადგილას, სადაც ის დაეცა, ბალახი დღემდე არ ამოსულა, მიწაზე მისი სხეულია ამოტვიფრულიო; მისი ბიჭიც მეომრობას აპირებს. მარლენ ბარამიას ორი პატარა გოგონა დარჩა. აფხაზეთიდან დევნილი ყოფილა. თურმე პატარაობისას დასცინოდნენ, ლტოლვილოო, და ისიც ტირილით მივარდებოდა მამას, ხომ ქართველი ვარო? ყრმობის გასაყარზე დაუქადია, ჯარში წავალ და ჩემს მიწას თავად დავიბრუნებო.
ემზარ წილოსანს ერთი წლის ბიჭი და 20 დღის გოგონა დარჩა; შმაგი კუპატაძემ გვარის გამგრძელებელი ვერა, მაგრამ დიდი ტკივილი და სიამაყე დატოვა ოჯახში; თეიმურაზ ბერიძეს ორი სუსტი ჯანმრთელობის ბავშვი დარჩენია. მათ მკურნალობას ძალიან დიდი თანხა სჭირდებაო, მაგრამ... (ეს, ალბათ, ცალკე თემაა); ლევან მელქაძემ სამშობიაროში დატოვა ცოლი და მხოლოდ ერთხელ მოასწრო შვილის ნახვა; მიშიკო დვალიშვილი, ზვიად კაცაძე, შმაგი კუპატაძე და ნიკოლოზ ფორჩხიძე დასაოჯახებლად ემზადებოდნენ.
"თუ გადავხედავთ საქართველოს უმდიდრეს წარსულს, ქვეყნის აწმყოზე ბევრი კითხვა დაგვებადება, რად გაღარიბდა საქართველო, მისი მთა-ბარი, მის მთლიანობას საზღვრის ბზარი რად ეკადრება?"- ეს მიხეილის ლექსია, მაგრამ იმ ჩვიდმეტი და აგვისტოს ომში დაღუპული ყველა ჯარისკაცის კითხვაა, რომელზეც ჩვენ გვაქვს პასუხი გასაცემი.