"ჰერმესის" დირექტორი გამიბრაზდა და შეხვედრა ჩაშალა" - ვინ არის ქართველი ტოპმოდელი, რომელიც Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა - კვირის პალიტრა

"ჰერმესის" დირექტორი გამიბრაზდა და შეხვედრა ჩაშალა" - ვინ არის ქართველი ტოპმოდელი, რომელიც Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა

იტალიაში, კომოს ტბის სანაპიროზე Dolce&Gabbana-ს ბოლო ჩვენება გაიმართა. იტალიური ექსტრავაგანტურობის ქალი, მდიდრული აქსესუარები და მკვეთრი ფერები - არც ამჯერად უღალატეს დომენიკომ და სტეფანომ გლამურულ სტილს. ეს ჩვენება გამორჩეული იყო იმითაც, რომ მსოფლიოს წამყვანი მოდელების უფროსი თაობა მონაწილეობდა: "სფეის იქსის" დამფუძნებლის ილონ მასკის დედა - მეი მასკი, ნაომი კემპბელი, ევა ჰერციგოვა, ჰელენა კრისტენსენი, მათ გვერდით კი პოდიუმზე იდგა ქართველი მოდელი, 23 წლის თათია ახალაია.

ფოტოგალერეა

თათია საერთაშორისო სამოდელო კონკურს Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და IC Model Management-ის ტოპმოდელია. თანამშრომლობს ისეთ დიზაინერებსა და სამოდელო სახლებთან, როგორიც არიან: რობერტო კავალი, ემილიო პუჩი, "ჰერმესი", "მიუ მიუ", ნარცისო როდრიგესი, ჯონათან საუნდერსი და სხვები. თათია ექსკლუზიურად მოგვითხრობს ჩვენებასა და ტოპმოდელების ყოველდღიურობაზე.

"ალტა მოდა" კომოს ტბაზე

- Dolce&Gabbana-ს უკანასკნელი "ალტა მოდას" ჩვენება ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი იყო. ეს, ალბათ კომოს ტბის ულამაზესი ბუნების და ზღაპრული კოლექციის სინთეზმაც განაპირობა. ეს უფრო პერფორმანსი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ჩვენება. დიდი პატივია ნაომი ქემპბელთან, ევა ჰერციგოვასა და ჰელენა კრისტენსენთან ერთად პოდიუმზე გავლა. მარტივია მათთან ურთიერთობა, არ არიან ქედმაღლები, მაგრამ ნაომი მაინც გამონაკლისია, ის განცალკევებით იყო სხვა მოდელებისგან, გარდა ჩვენების ფინალისა, როცა ყველანი ვიდექით დიზაინერების გვერდით. სტეფანო და დომენიკო ძალიან თბილი, მეგობრული ადამიანები არიან. განსაკუთრებით, დომენიკო. გუნდი, რომელიც მათთან მუშაობს ძალიან შეკრულია, აქ ექსცესები არ ხდება.

Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზე პირველად შარშან მოვხვდი. ქასთინგდირექტორს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შევხვდი და რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს იტალიურ სააგენტოს სთხოვა, ჩავსულიყავი მორგებაზე ჩვენებისთვის, მათ კი ია კიწმარიშვილს გააგებინეს. მას შემდეგ ბევრჯერ ვითანამშრომლე ბრენდთან, ტანსაცმლის შექმნაში ვმონაწილეობდი, ერთ-ერთი ხაზის კატალოგისა და ლუქბუქის გადაღებაშიც.

დიდი ბრენდების ქასთინგზე უამრავი გოგო იყრის თავს. ქასთინგს ისე არ უნდა მიუდგე, როგორც კონკურსს. არასდროს მიფიქრია, რომ ერთმანეთზე უკეთესები ან უარესები ვართ. უბრალოდ ყველა დიზაინერს თავისი ხედვა აქვს და კოლექციისთვის ტიპაჟებსაც აქედან გამომდინარე არჩევს. შესაბამისად, არ ვიძაბები, არც კომუნიკაცია მიჭირს და არც უადგილოდ თავის გამოჩენა მახასიათებს. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მეტისმეტი ფამილიარობა არავის მოსწონს.

მაღალი მოდის კვირეულებზე სტანდარტები ძალიან მაღალია, ეს ეხება როგორც სიმაღლეს, ასევე პარამეტრებს. ქასთინგზე მნიშვნელოვანია, რომ მოდელს ყველაფერი მოუხდეს და მოერგოს. ბოლო დროს ინდივიდუალიზმს აფასებენ, დიზაინერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათი ხასიათი კი ბრენდის კონცეფციაზეც აისახება.

Dolce&Gabbana იტალიასთან, ადამიანურ ურთიერთობებსა და სიცოცხლის ხალისთან ასოცირდება, მაშინ, როცა "მიუ მიუსა" და "პრადას" ქასთინგზეც კი იგრძნობა დაძაბულობა, სივრცის დეფიციტი. Céline-თან მუშაობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირა უშუალოდ დიზაინერსა და სტილისტთან ვმუშაობდი, მაინც ვერ აღვიქვამდი მათ ჩვეულებრივ ადამიანებად, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ისინი თითქოს ცალკე განზომილებაში არიან. არასდროს მინახავს ისინი სამუშაო ოთახიდან გამოსული ან ვინმესთან მოლაპარაკე.

"ჰერმესის" დირექტორი გამიბრაზდა და შეხვედრა ჩაშალა"

პირველად პარიზში ორიენტაცია ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, შეხვედრაზე მივდიოდი "ჰერმესის" ჩვენებისთვის. დიზაინერს უნდა შევხვედროდი. გზაში დავიკარგე და გადავწყვიტე ტაქსით წავსულიყავი. თურმე ძალიან ახლოს ვყოფილვარ დანიშნულების ადგილთან, მაგრამ მძღოლმა იეშმაკა და შემოვლითი გზებით მთელი პარიზი მომატარა. ამასობაში დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ქასთინგდირექტორი გაბრაზებულა და აღარ დამელოდებოდა. ვერ გეტყვით, რომ გული დამწყდა, რადგან ტაქსით მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ ლეპტოპი, ურომლისოდაც შეხვედრაზე მისვლას აზრი არ ჰქონდა, მარკეტში დამრჩენია და იმ დროს, როცა "ჰერმესიდან" დამირეკეს, ვნატრობდი, ნეტავ ყველაფერი ჩაიშალოს-მეთქი. სამაგიეროდ, მარკეტში ჩემი სახელი კარგად ისწავლეს.

აღფრთოვანებული პოლ სარიჯი

რობერტო კავალისთან შეხვედრა არ მქონია. ის აღარ უდგას ბრენდს სათავეში, მხოლოდ სტუმრებს შორის არის. ახლა დიზაინერი პოლ სარიჯია ბრენდის დირექტორი. პოლს ჩვენებისთვის ტანსაცმლის მორგების დროს შევხვდი.

ჩვენების შემდეგ რამდენიმე დღეში იტალიის სააგენტომ გამაგებინა, რომ დიზაინერს ძალიან მოვწონებივარ პოდიუმზე, რის შემდეგაც მონაწილეობა მივიღე კავალის კატალოგის გადაღებებში, ედითორიალში და მომდევნო სეზონის ჩვენებაზეც.

ჟურნალისტიკა და მაღალი მოდა

თბილისის უნივერსიტეტში ვსწავლობ ჟურნალისტიკის და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ძალიან მიწყობენ ხელს და გამოცდების თარიღების შეცვლაც შემიძლია. მინდა საზღვარგარეთ განვაგრძო სწავლა. თავდაპირველად, სამართალზე ჩავაბარე. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი პირველი მოგზაურობა და სამოდელო სფეროთი დაინტერესება, ამიტომ გადავიტანე საბუთები ჟურნალისტიკაზე.

მაღალ მოდას აქვს თავისი სტანდარტები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სილამაზის ფორმულა არ არსებობს. ყველა ადამიანშია საინტერესო და განსაკუთრებული. მთავარია, ვიცოდეთ ძლიერი მხარეების წარმოჩენა.

ბოლოს მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას გულშემატკივრობისთვის.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო წიფურია