"მამა დედას ჩამოსაყვანად აბრუნდა... მერე ბომბი ჩამოვარდა..."
2008 წლის 8 აგვისტო, დილის 9 საათი. გორის ცაზე რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ. პირველი საჰაერო იერიში ვერხვების დასახლებაზე მიაქვთ. აფეთქების ხმა... ცეცხლის ალში გახვეული სახლებიდან თავზარდაცემული ადამიანები გარბიან.
ზვიად რაზმაძე 7 წლის შვილთან და შვიდი თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ჯერ სახლშია. აფეთქების სიმძლავრემ მათი ბინის კარი ჩარაზა და გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ. ზვიადი შვილს კისერზე ისვამს, მესამე სართულის აივნიდან ბუნებრივი აირის მილით ბიჭუნა ეზოში ჩაჰყავს და ავტოფარეხში მალავს: "აქ იდექი, არსად წახვიდე, დედიკოს ჩამოვიყვან და აქაურობას გავეცლებით..." ეს მამა-შვილის უკანასკნელი საუბარია... მერე ზვიადი მილით უკან აცოცებას ცდილობს, მაგრამ ამ დროს ჭურვი რაზმაძეების კორპუსს ეცემა. ზვიადის უსულო სხეული მესამე სართულის აივნიდან მიწაზე ეცემა... მოგვიანებით მის საძებნელად მისული ძმა ზვიადის ცხედარს პოულობს და რაზმაძეების შეხვედრის სულისშემძვრელი კადრი აგვისტოს ომის სიმბოლოდ იქცევა. ამ ფოტოსურათმა მსოფლიო შეძრა.
მანამდე კი...
დაჭრილი შვიდი თვის ორსული ზვიადის მეუღლე ალმოდებულ სახლში დახმარებას ითხოვს. მეზობლები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ამტვრევენ კარს და მუცელში ანასხლეტებმოხვედრილი ახალგაზრდა ქალი ეზოში, სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩაჰყავთ... გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ, მაგრამ... მაკა მესროფაშვილი 27 წლის იყო...
აფეთქების სიმძლავრემ 7 წლის დიტო შორს გადააგდო. მეზობელმა იპოვა და ისიც გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იქ, სადაც მისი გარდაცვლილი მშობლები იყნენ... მძიმედ დაჭრილი ბავშვი გადარჩა.
ომის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს მეორე გმირი, ზვიადის ძმა ზაზა რაზმაძე, 2014 წელს დენის მაღალმა ძაბვამ იმსხვერპლა.
გავა წლები და ზაზა და ზვიად რაზმაძეების დედა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ ტრაგიკულ დღეს ასე გაიხსენებს:""ერედვიდან 1993 წელს წამოვედით. მოვახერხეთ და ბინა ვიყიდეთ. ზაზა და ზვიადი პროფილაქტიკაში ერთად მუშაობდნენ... 4 აგვისტოს თბილისში გამიშვა ზვიადმა, ჩემი დის სანახავად, თან შვილიშვილები მიმყავდა. იმ დროს გორში საშიშროება არ იგრძნობოდა. მერე ზაზამ დამირეკა, არეულობაა, აქეთ არ წამოხვიდე, მე ვაგონში დავიძინებ, ზვიადი და მისი ცოლ-შვილი კი სიდედრთან, სოფელ ხელთუბანში წავიდნენო. 8 აგვისტოს ზვიადს ღამის 12 საათზე ველაპარაკე. ტელევიზორში დავინახე, ჩემი სახლი იწვოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა და თავს ვარწმუნებდი, არა, ეს ჩემი სახლი არ არის-მეთქი. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი, მაკა, 7 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ის იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ. ჩვენს კორპუსში იმ დროს ოთხი ფეხმძიმე ცხოვრობდა და ვტიროდი, ნეტავ, რომელია-მეთქი? თურმე, ზაზამ იქ რომ გამოიარა, დაინახა, სახლი იწვოდა და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდა... ოჯახის წევრებს ეძებდა... ჭრელი მაისურით იცნო გარდაცვლილი ძმა და ლამის გაგიჟდა... მაკა თურმე, ჯერ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ ოთხი საათი იცოცხლა. სიკვდილის წინ უთქვამს, სად არის ზვიადი? დიტოს მიმიხედეთო."
"ხუთი წლის წინ ბიძაც დავკარგე"
დიტო ახლა 17 წლისაა და პაპა-ბებიასთან გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში იზრდება. ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე აქამდე არასდროს ულაპარაკია. ომის შემდეგ პირველად "კვირის პალიტრასთან""არღვევს დუმილს და იმ დღეს იხსენებს, რომელმაც მშობლები და ბავშვური ოცნებები წაართვა.
დიტო რაზმაძე: "სახლში ვიყავით, დაბომბვა რომ დაიწყო. მამამ კორპუსზე მიმაგრებული გაზის მილით ეზოში ჩამიყვანა, მერე კი დედას ჩამოსაყვანად უკან აბრუნდა... მერე ბომბი ჩამოვარდა... მეტი არაფერი მახსოვს. სამი თვე ვიწექი კლინიკაში.
ჩემი სახლისკენ გახედვაც არ მინდა. ჩემი მეორე მშობლები პაპა და ბებია არიან. დედ-მამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ფიქრებით სულ ჩემთან არიან. ყველაზე მეტად მიმძიმს დღესასწაულები, მათი დაბადების დღეები, გარდაცვალების დღე, აღდგომა...
ძალიან დამეხმარა ფონდი "იავნანა". ყოველ წელს დავდივარ საზღვარგარეთ საზაფხულო სკოლებში. იქ მეძლევა შესაძლებლობა, ვისწავლო და თან ექსკურსიებზე ვიარო. ომის შემდეგ თავის არეში ანასხლეტები ჩამრჩა, საშინელი ტკივილები მქონდა. ყველა პროცედურა და მედიკამენტები ფონდმა დამიფინანსა და ეს დღემდე გრძელდება.
ხუთი წლის წინ ბიძაც დავკარგე. დენმა დაარტყა. სავაჭრო ჯიხურის მოწყობას ცდილობდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ახლა მე-12 კლასში ვარ. ძალიან მინდა საავიაციო ფაკულტეტზე ჩაბარება საზღვარგარეთ. იმედია, გამომივა."
იმ დღის გახსენება დღემდე უჭირს დიტოს პაპა-ბებიას. დრო ტკივილს ვერ აშუშებს, პირიქით, უფრო ამძაფრებს...
ამირან მესროპაშვილი, მაკას მამა: "არეულობა რომ დაიწყო, ჩემი ქალიშვილიც და სიძეც ჩვენთან იყვნენ. მათი ბინა სამხედრო კორპუსში იყო და შემეშინდა დაბომბვის. სიძემ მითხრა, რაც მოსახდენია, მაინც მოხდებაო და წასასვლელად მოემზადა. მერე ჩემს შვილს მივუბრუნდი, შენ სადღა მიდიხარ-მეთქი. მაკა შვიდი თვის ორსული იყო. მიპასუხა, სადაც ჩემი ქმარი იქნება, მეც იქ უნდა ვიყოო. მეორე დილას დავურეკე და მითხრა, ზვიადი მოემზადება და მოვალთ შენთანო. ცოტა ხნის შემდეგ აფეთქების ხმა გაისმა. გავიხედე და ჩემების კორპუსი იწვოდა... რამდენიმე წუთში ზვიადის ძმა მოვიდა. როცა გაიგო, რომ ზვიადი და მაკა თავიანთ სახლში იყვნენ, გაგიჟებული უკან გაბრუნდა. მეც სასწრაფოდ მათკენ წავედი. ეზოში მისულს სიძე გარდაცვლილი დამხვდა. ცეცხლმოკიდებულ მათ მანქანას შევხედე, მაკა და დიტო ხომ არ იწვიან-მეთქი. მათი ბინა ცეცხლში იყო გახვეული. გავიგე, რომ ჰოსპიტალში წაეყვანათ მაკა. კლინიკაში მისულმა დავინახე, საოპერაციოში რომ შეჰყავდათ. სამი საათის შემდეგ კი მითხრეს, გარდაიცვალაო. ჯერ სიძე მოვასვენე სახლში, მერე - მაკა. საუბედუროდ, ვერც მისი მუცლადმყოფი შვილი გადარჩა. ჰოსპიტალში იწვა ჩემი შვილიშვილიც. დიტო აფეთქების სიმძლავრემ შორს გადააგდო და ამან გადაარჩინა. თავის, კიდურების, ზურგის არეში ჰქონდა ტრავმები."
როცა გორი და სოფლები დაიცალა, ხელთუბანში მესროპაშვილები ზვიადისა და მაკას ცხედრებს დასტიროდნენ... მეორე დღეს გზა სოფლის სასაფლაოსკენ შიშით აიარეს და ცოლ-ქმარი ნაუცბათევად გათხრილ სამარეს მიაბარეს.
ამირან მესროპაშვილი: "მიცვალებულები მეორე დღესვე დავკრძალეთ. მეშინოდა, დაუსაფლავებელი არ დარჩენილიყვნენ. სოფელში ხუთი კაცი იყო დარჩენილი და საფლავი მათ გათხარეს. მერე, ქართული წესისამებრ, შენდობა ვათქმევინე და თბილისში წავედით.
ოთხი შვილის მამა ვიყავი. ახლა შვილებს ვერ ვაქცევ ყურადღებას ისე, როგორც დიტოს. მას მშობლები აღარ ჰყავს და ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. ჩემი სიძე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მეამაყებოდა. დღესაც კი, სადაც მის სახელს ვახსენებთ, ყველა სიყვარულით იხსენიებს.
ჩვენთვის ყველაზე მძიმე აგვისტოა. ახლაც იქ ვმუშაობ და ჩემი შვილისა და სიძის სახლს ახლაც ვუყურებ. ჩემი ქალიშვილის გაკეთებული ზამთრის მარაგი - კომპოტები, კონსერვები და მურაბები ახლაც ხელუხლებელია მათ სარდაფში, ვერ ვეკარებით. ისევ ისე აწყვია, როგორც ათი წლის წინ მაკამ დაალაგა."
ზვიადისა და მაკას უკანასკნელ სამყოფელზე რამდენიმე წლის წინ ატმის ხე ამოვიდა. ორივეს განსაკუთრებულად უყვარდა ეს ხილი. ახლა მათ საფლავს ნაყოფით დახუნძლული ატამი ჩრდილავს...
ნინო მესროპაშვილი, დიტოს ბებია: "პირველი შვილი იყო მაკა და პირველი შვილიშვილია დიტო. როცა ჰოსპიტალში მივედი, შენობაში ვერ შევედი. თითქოს ვგრძნობდი, რაც მელოდა. ვიცოდი, ზვიადის შემდეგ მაკაც აღარ გვეყოლებოდა. მახსოვს საშინელი კადრები - მანქანებიდან სისხლი იღვრებოდა, დაჭრილი ბიჭები მოჰყავდათ... ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. მერე გავიგე, რომ მაკა აღარ მყავდა. ის მეორე ბიჭს ელოდებოდა. ჩემს სიძეს ისე უხაროდა, ორი ბიჭის მამა ვიქნებიო...
დიტო სულ მეკითხება, ბები, ძაძები როდის უნდა გაიხადო და როდის უნდა შეწყვიტო გლოვაო?! ვერ იტანს ჩემს თვალზე ცრემლს. მე კი ერთი პასუხი მაქვს: მის ქორწილში გავიხდი შავს და ისე ვიმხიარულებ, როგორც არასდროს... ამ დაპირებას აუცილებლად შევუსრულებ.
ამბობენ, დრო მკურნალიაო... მე კი უფრო და უფრო მიმძაფრდება მონატრება. ჩემი შვილის ნაცხოვრებ ბინაში ძალიან იშვიათად, მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს შევდივარ. არც მე და არც დიტოს იქ მისვლა არ გვინდა. ვოცნებობ, მე უკანასკნელი შვილმკვდარი დედა ვიყო."
P.S. დიტო ომის შვილია. ის, ჯერ კიდევ დაბადებამდე, სამაჩაბლოს ომმა ერედვიდან დევნილად აქცია, მერე, აგვისტოს ომმა კი - ობლად. დიტოს ხშირად ნახავთ დედ-მამის საფლავზე, აყვავებული ატმის ხის ჩრდილქვეშ... ის ომის შვილია... აგვისტოს ომის შვილი... დროს, როცა ბრძოლა მთავრდება, ჩვენ მშვიდობას ვეძახით. მშვიდობა ცეცხლის შეწყვეტის და მომდევნო მსხვერპლის არიდების დროა, მაგრამ დიტოს ოჯახში ომი არ დამთავრებულა, იქ მშვიდობის და ომის ერთნაირად ეშინიათ. იქ მშვიდობა 2008 წელს დასრულდა, ოჯახური ბრძოლა გარდაცვლილთა მოგონებებთან კი ახლაც გრძელდება... დიტო? დიტომ იცის, რომ ღირსეულად უნდა ატაროს ომის შვილის სტატუსი... რომ უნდა დადგეს ისეთი კაცი, როგორზეც მისი მშობლები ოცნებობდნენ...
თორნიკე ყაჯრიშვილი