"ჩხარტიშვილთან, სუფრაზე მე გახლდით თამადა... ბერა დავლოცეთ, ბატონი ბიძინა ძალიან გახარებულია"
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და ირაკლი ჩუბინიშვილის ლაპარაკია აღბეჭდილი. ოქუაშვილის მტკიცებით, საუბარი, რომელიც 2 წლის წინ შედგა, თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილებას შეეხება. საუბრისას ახსენებენ ბიძინა ივანიშვილსაც. ამავე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ სტუმრობდა ვანო ჩხარტიშვილს ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილი. როგორც ირკვევა, ამ თავყრილობას ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელიც ესწრებოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ შეხვედრა არასწორად გაშუქდა და როგორც გვითხრა, ჟურნალისტების ტენდენციურობით ძალიან აღშფოთებულია:
- ბიძინა ივანიშვილს რაღას ერჩიან ვერ ვხვდები... ხუთი საათი იმყოფებოდნენ ვანო ჩხარტიშვილთანო და ვარაუდობენ, რომ თითქოს ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებული ჩანაწერების გამო... ჩემი ხომ გჯერათ, ხალხო? - ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით გურიაში ფოლკლორის ცენტრის გასახსნელად. საუკეთესო ცენტრი აშენდა ოზურგეთში, რომლის ასაშენებლად ზრუნვა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დავიწყეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია მთელი საქართველოსთვის! უცხოელ სტუმრებს მოვიწვევთ, საერთაშორისო ფესტივალები გაიმართება და მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება! ძალიან მიკვირს, ამ "რუსთავი 2"-ის, ამ ტელევიზიაში ქართველები არ არიან, კაცო?! ყველასთვის დიდი საქმე გაკეთდა დღეს ოზურგეთში, ესენი კიდევ რას ავრცელებენ?!
- რადგან ხუთი საათი იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი სტუმრად ვანო ჩხარტიშვილთან, ეჭვი გაჩნდა, რომ ეს ფარულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა...
- ვინ იყო კაცო ხუთი საათი? ორი-სამი საათი თუ იქნებოდა, შინაურული შეკრება გვქონდა. თუნდაც მთელი კვირა იქ ყოფილიყო, რა მაგათი საქმეა?! ბავშვივით ხომ ვერ დავიწყებ დედის დაფიცებას, რომ იქ ნამდვილად ფოლკლორის ცენტრის გახსნა ვიზეიმეთ?! საერთოდ არ ყოფილა "იბერიის" ხსენება, კაცობას, ჩემს ქვეყანას გეფიცებით! ამბობენ მოიტყუეს თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს! შვილებს გეფიცებით იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით... "ბასიანის" ბიჭები იყვნენ ჩვენთან ერთად. ბიძინა ცოტა გვიან შემოგვიერთდა... ჩვენთვის რომ ეთქვათ, რომ "იბერიის" წილებზე საუბარი სდომოდათ, მე რისთვის დამისწრებდნენ, რა შუაში ვიყავი?! ისე კარგი გამახსენეთ, თუ ასე ყველა ითხოვს, მეც მოვითხოვ "იბერიიდან" და წამოვიღებ წილებს... ვაი დედასაა!
ასეთი ცენტრი თბილისში არ გვაქვს, სასწაული რამ გაკეთდა და ეს უნდა გვიხაროდეს ყველას! ბიძინა ივანიშვილისთვის კულტურა და ფოლკლორი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და იმიტომ დაესწრო გახსნას! ბიძინა არის სამების ამშენებელი და რამდენი რამ გადაარჩინა საქართველოში?! ცოლ-შვილის სიცოცხლე სასწორზე დადო! ხელოვანი ადამიანების ყველაზე დიდი დამფასებელია ბიძინა, ეს სწყინთ ალბათ და იმიტომ ემტერებიან! არ ეკადრებათ ასეთი ტყუილები ჟურნალისტებს! ვარაუდებიო, ამათმა ვარაუდებმა არ მომკლა, კაცო!?
მოსკოვში ვიყავით კონცერტებით და ანათემას გადამცეს, ახლა კიდევ ჭორებს იგონებენ! ჟურნალისტი მომდევდა ჭიშკართან რომ გამოვედით, ყელგამოწვდილი მეხვეწებოდა კომენტარს და ამ სიბოროტისთვის კაცო?! ლაპარაკიც სირცხვილია ამ ყველაფერზე!
- ალბათ სუფრაც იყო, სადაც თამადა თქვენ იქნებოდით?
- დიახ, ნამდვილად მე გახლდით თამადა... ოღონდ წამლებს ვსვამ და ღვინო ვერ დავლიე. ბიძინა ივანიშვილის ვაჟი - ბერა დავლოცეთ, რომელიც ახლა გაბედნიერდა...
- მოსწონს ბიძინა ივანიშვილს ბერას საცოლე?
- ძალიან გახარებულია, აქებდა გადასარევი ოჯახიშვილიაო... ბიძინა დამწვარია საქართველოსთვის და მთელმა ქვეყანამ უნდა დავუფასოთ!
(სპეციალურად საიტისთვის)