ვინ არის ბიჭუნა, რომლის ემოციურად შესრულებული საქართველოს ჰიმნი ინტერნეტჰიტად იქცა?
შეიძლება ითქვას, რომ ქართული ინტერნეტსივრცის ვარსკვლავად იქცა პირველკლასელი ბიჭუნა, რომლის მიერ ჰიმნის ემოციური შესრულების ვიდეოკადრები დიდი პოპულარობით სარგებლობს და მარტო სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ნახევარმილიონამდე მომხმარებელმა ნახა. უკვე რამდენიმე დღეა ვიდეო არც წამყვანი ვიდეოპორტალების მთავარი გვერდებიდან ჩამოდის. როგორც გავარკვიეთ, საოცრად არტისტული ბიჭუნა სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" მოსწავლე საბა ბახტაძეა, რომელიც წელს პირველად წავიდა სკოლაში და ყველასთვის მოულოდნელად, ერთბაშად სუპერპოპულარულ მოსწავლედ იქცა.
როგორც საბას დედამ, მაია მიქავამ გვითხრა, ოჯახის წევრებს მისგან ეს ქცევა არ გაჰკვირვებიათ.
- საბას პირველი რეაქცია იყო ჰიმნის მოსმენის დროს ის, რაც ვნახეთ, თუ მანამდეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა? - ზოგადად, ძალიან არტისტული ბავშვია და მისგან შეჩვეული ვართ მსახიობურ ოსტატობას, თუმცა სკოლაში წასვლის პირველ დღეს ასეთი რამ პირველად გააკეთა. მე ვერც ვხედავდი რას შვრებოდა, მის უკან ვიდექი. სხვა მშობელს გადაუღია ვიდეო, რომელიც მერე სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვიდეო ჯერ სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს, მათემატიკის მასწავლებელს დაუდია დახურულ ჯგუფში. მთელი კვირა იცინოდნენ სკოლაში, არადა, მე არ მქონდა ნანახი და ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა. ბოლოს ერთმა მშობელმა მითხრა და ვთხოვე ჯგუფში დავემატებინე, რომ მენახა, რას აკეთებდა ჩემი შვილი. ამის შემდეგ მთხოვეს გაესაჯაროებინათ სკოლის გვერდზე და მეც დავრთე ნება. უამრავმა ადამიანმა ნახა საბას გამოსვლა და კომენატრებში ისიც კი წავიკითხე, რომ ყრუ-მუნჯი ეგონათ. თუმცა ეს ასე არ არის. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როგორ გაუჩნდათ ეს აზრი, როცა ჩვეულებრივ სკოლაში ხდება ეს ამბავი. ყრუ-მუნჯი ბავშვებისთვის ხომ ცალკე არსებობს სპეციალური სკოლა.
- რა რეაქცია ჰქონდა ინტერნეტსივრცე, რომ მოიცვა მისმა ვიდეომ? - გაუხარდა ძალიან. პირველად ის იკითხა, "ბალეშიკი" ბევრი მყავსო? - რუსულად ვამბობ ხოლმე რაღაც სიტყვებს და აქედან დაიმახსოვრა ეს სიტყვა ეტყობა.
ის უფრო ადარდებდა, რამდენი გამომწერი ჰყავდა.
იხილეთ ვიდეო