"ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს... ივანიშვილის გარემოცვაში ხშირად არ არის ის ხალხი, ვინც ამას იმსახურებს"
"ჩემს ნათლულს ლოცვებში მოვიხსენიებ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!"
ცნობილი მომღერალი თამარ ჭოხონელიძე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას არასდროს ერიდებოდა, ამჯერად დავინტერესდით რას ფიქრობს 28 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩვენებზე, მასთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- აშკარად უკმაყოფილო იყავით წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნებით"... რას მიიჩნევთ მათ ყველაზე დიდ შეცდომად?
- უკმაყოფილება და მათ წინააღმდეგ ყოფნა სრულიად გასამიჯნი საკითხებია... უკმაყოფილება შეიძლება დედამ გამოთქვას და საყვედური მითხრას, მაგრამ ჩემს სასიკეთოდ იქნება...
მაშინ, როდესაც მე "ქართულ ოცნებას" გარკვეული მესიჯები გაზეთის საშუალებით გავუგზავნე, პასუხი მივიღე, ბიძინა ივანიშვილი მაინც არ წაიკითხავს, არ წააკითხებენო... აბსოლუტურად საინფორმაციო ვაკუუმში იყო ეს კაცი და ძალიან ბევრი გაუფუჭა გარემოცვამ! ამიტომაც ჩემი წერილი დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"... მე ყველაფერს იმიტომ ვწერდი, მათი მხარდამჭერი ვიყავი და ჩემს ინტერესებშიც შედიოდა შეცდომები გამოესწორებინათ.
მათი ერთ-ერთი პირველი შეცდომა ის იყო, რომ ხალხი მოატყუეს! "ნაციონალები" დატოვეს ყველგან და დააწინაურეს კიდეც! ისევ ძველებურად და კიდევ უფრო მეტად ბობოქრობდნენ თავის ამბიციებით! ასე, რომ არაფერი არ შეცვლილა, რასაც ესენი კოჰაბიტაციას ეძახდნენ, სინამდვილეში დიდი შეცდომა იყო! სოციალური მდგომარეობა არ შეცვლილა და ამას ვწერდი პირველ რიგში!
ერთადერთი რაც შეიცვალა, ეს იყო ციხეებში არსებული ვითარება! ეს რომ არ ვთქვათ, ძალიან დიდი უსინდისობა იქნება! მადლობაც ვუთხარი ტელევიზიის საშუალებით – კახი კახიშვილს! თავად ვნახე პატიმრები ციხეებში და ჩანდა იქედან ის ხალხი ღირსეულად გამოვიდოდა და არა კიდევ უფრო გაბოროტებული! "ნაციონალებმა" ამ მხრივ ენით აუწერელი სისაძაგლეები ჩაიდინეს! ასევე ამ ხელისუფლების მიღწევა იყო ჯანდაცვის სისტემა და ც ჰეპატიტის პროგრამა!
სოციალური მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა! ამდენი მშიერი ბავშვი და სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომლებსაც სულელური მიზეზით უხსნიან დახმარებას! გაზრდილია კრიმინალი! არასრულწლოვანი ბავშვები ცნობილ ბრენდებს ძარცვავენ, იმის მომხრე არ ვარ არასრულწლოვანი ციხეებში გამოამწყვდიონ, მაგრამ რაღაც მექანიზმით თუ არ შეაჩერეს, მკვლელობასაც ჩაიდინეს!
ამას ვეუბნებოდი და ვეუბნები "ქართულ ოცნებას" და ამიხსენით, რატომ ვარ მათი მტერი? რიგითი მოქალაქე ვხედავ ამ ყველაფერს და ვამბობ და მტრის ხატად რატომ უნდა მაქციონ?! თუმცა, თავის დროზე სიმართლის თქმისთვის "ნაციონალებმა" უფრო გვაქციეს მტრებად... აქ ის განსხვავებაა, რომ სრული იგნორია, პასუხს არავინ გცემს, არავინ არაფრად გაგდებს, რაც შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს...
ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი დრო ყველაფერი წაიკითხოს, მას საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებენ, თორემ ამ ზომამდე არ მივიდოდა ყველაფერი, მან რომ რეალური სურათი იცოდეს და ყველაფერს არ უმალავდნენ! ყველა სათავისოდ იყენებდა და იყენებს მასთან ურთიერთობას! ხალხი კი ბრძენია და არავის პატიობს შეცდომებს და გარკვეულწილად მე ამ შედეგს ველოდი, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღეს! უფრო გამაღიზიანებელი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ზედმეტი თავდაჯერებულობა!
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და ვარ კახი კალაძის, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად ბევრს აკეთებს დედაქალაქისთვის და ხალხს სულ საქმის კურსში აყენებს. ჩვენ კარგიც უნდა აღვნიშნოთ და ნაკლზეც უნდა ვილაპარაკოთ!
- ცნობილია, რომ ბერა ივანიშვილის ნათლია ხართ, ივანიშვილები ქორწილისთვის ემზადებიან, საინტერესოა, ბერას ნათლია თუ მიიპატიჟეს? - ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს, მაგრამ რატომ უნდა ატყდეს ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, ვერ ვხვდები?!. ბერას დაქორწინების შესახებ თქვენგან - ჟურნალისტებისგან გავიგე და თქვენივე საშუალებით ვულოცავ! სამწუხაროდ, ბერასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მას მხოლოდ აქციებზე ვხედავდი, მესმის ხოლმე სიახლეები მის ნიჭთან და შემოქმედებასთან დაკავშირებით და ყოველთვის ძალიან მიხარია. არცერთ ჩემს ნათლულს არ ვაკლებ სითბოს და ყურადღებას ნამდვილად... ბერასთვის ერთადერთი რაც შემიძლია, ლოცვებში მოვიხსენიო და ასე გამოვხატო ჩემი სიყვარული და ზრუნვა მის მიმართ. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ოჯახს ახლობელი ადამიანები ჩამოაშორეს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა წლების განმავლობაში და ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით... სამაგიეროდ ის ხალხი იქნება, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათი დიდი კეთილისმსურველები არიან. ალბათ დადგება დრო, როცა ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა თუნდაც ბერას მხრიდან... მე ნამდვილად ვერ ვიაქტიურებ და მივეძალები, ერთადერთი რაც შემიძლია, მთელი გულით მას ყოველივე საუკეთესო ვუსურვო!
- როდის და რატომ დაიწყო თქვენი ასეთი დისტანციური ურთიერთობა?
- დიდი ხანია, ჯერ კიდევ 2012 წლამდე ბევრად ადრე... მიუხედავად ყველაფრისა, მე მათი გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ ასე იყო საჭირო! ახალი სისხლი და ძალა უნდა მოსულიყო!
როდესაც ჩემი ვარსკვლავის გახსნა იყო, ძალიან დიდი სურვილი მქონდა მთელი ოჯახი დასწრებოდნენ. ისიც ვიცი, რომ ბილეთები ჰქონდათ, თუმცა გავიგე, რომ ბატონი ბიძინა ავად გახდაო... არადა პარალელურად საპატრიარქოდან გამომიგზავნეს ფოტო, სადაც იგი უწმინდესთან შეხვედრაზე ბრძანდებოდა. პატრიარქიც უნდა მობრძანებულიყო, მაგრამ ვიღაცეები წყვეტენ ჩვენს ურთიერთობებს და ძალიან მაინტერესებს ვინ არის ის ხალხი... როგორც მოგახსენეთ, მე მითხრეს ბატონი ბიძინა მაღალი სიცხით წევსო და ამ დროს იგი საპატრიარქოში იყო შეხვედრაზე.
ჩვენ დიდი ახლობლობა გვაკავშირებდა და როგორც მე, ასევე მთელი ჩვენი ოჯახი უაღესად მადლიერი ვართ ბიძინა ივანიშვილის. ჩვენს ოცი წლის წინანდელ ურთიერთობას ვგულისხმობ: მისგან მხოლოდ სიკეთე მახსოვს. არათუ ჩვენს ოჯახს სცემდა პატივს, არამედ უამრავ ოჯახს და იმ ხალხს, რომლებსაც საერთოდ არ იცნობდა... სამწუხაროდ, ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ მის გარემოცვაში ყოველთვის არ იყო ის ხალხი, ვინც ნამდვილად იმსახურებდა. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გარემოცვის ბრალია ჩვენი ურთიერთობა ასე რომ გაცივდა! არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ძალიან გაოცებული ვარ და რასაკვირველია, უაღრესად გულნატკენი! მიზეზთა გამო ასეთი კარგი ბიჭი, როგორიც ბერაა, ჩემთან ახლო ურთიერთობაში ვერ აღმოჩნდა.
- თქვენს პირად ცხოვრებაზეც რომ გვესაუბროთ... როგორც ვიცით, სასიხარულო სიახლე გაქვთ - მეუღლეს შეურიგდით...
- დიახ, იყო მწვავე პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც მე თვითონ გადავდგი ნაბიჯი და წერტილი დავუსვი ჩვენს ურთიერთობას, რასაც თავის მიზეზები ჰქონდა... მაგრამ გავაცნობიერეთ ერთმაც და მეორემაც, რომ ჩვენი ღირებულებები ყველაფერზე მაღლა დგას. მხოლოდ ერთ და ორ ადამიანზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული, არიან შვილები, შვილიშვილები... აღარ მოვერიდეთ ხალხში ერთად გამოჩენას, თორემ დიდი ხანია ჩვენი ურთიერთობა ასეა!
(სპეციალურად საიტისთვის)