"გუ­შინ და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვარ... მე ასე ვიცი დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით. თუ არას­წო­რია, მი­მი­თი­თეთ და ბო­დიშს მო­ვიხ­დი..." - კვირის პალიტრა

"გუ­შინ და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვარ... მე ასე ვიცი დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით. თუ არას­წო­რია, მი­მი­თი­თეთ და ბო­დიშს მო­ვიხ­დი..."

იური მეჩითოვის სკანდალურ ინტერვიუს, რომელიც ფოტოგრაფმა Al Jazeera-ს მისცა, ფეისბუკ-სივრცეში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ალ-ჯაზირას ფილმში, საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ფოტოგრაფმა საბჭოთა წარსულზე საუბრისას 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ტრაგედიის დღეს ხალხი "დაიღუპა ასფიქსიის გამო... არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები".

"პალიტრანიუსის" გადაცემა Newsroom-ის ეთერში მეჩითოვმა პირველი კომენტარი გააკეთა აგორებულ სკანდალზე. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს ადამიანები მომწამვლელი აირით დაიღუპნენ და არა რუსი სამხედროების ძალადობით:

"იმის შესახებ რომ ხალხი ასფიქსიით დაიღუპა, არსებობს სამედიცინო დასკვნები. მე ამ დოკუმენტაციას ვეცნობოდი 29 წლის წინ, როდესაც ეს დიდი უბედურება და ტრაგედია მოხდა. მე ვეცნობოდი მასალებს... ასე იყო იმ დოკუმენტებით, რასაც მე ვეცნობოდი... ეს დოკუმენტები კი იყო დამოუკიდებელი კომისიის მიერ შედგენილი, რომელსაც ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა" - თქვა მეჩითოვმა.

წამყვანის კითხვაზე კი, რომ ეს დასკვნები საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო მომზადებული და როგორ გააკეთა დასკვნები მათზე დაყრდნობით, ფოტოგრაფმა უპასუხა:

"მაშინ ამოქმედდა დამოუკიდებელი კომისია, იქ იყო მაშინ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი მენაღარიშვილი, რომელიც ძალიან ვაჟკაცურად იქცეოდა და პრაქტიკულად დადეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო. არავის არაფერი დაუმალავს. რატომღაც ყველას ჯარის "გაშავება" უნდოდა, როგორც ჩანს, ეს იყო ტრენდი და ამ ტრენდის გამოყენებისთვის ყველაფერი გაკეთდა... რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული ბასრი იარაღი, იყო დაჭრილი ჩვენი ვაჟკაცები, რომლებიც იბრძოდნენ და მათ პირადად ვიცნობ...

(სოციალურ ქსელში) იმიტომ აღშფოთდნენ, რომ შექმნილია მითი. როდესაც დააძალებ, 30 წელი ერთსა და იმავეს ეუბნები ხალხს, რომ დაგვჩეხეს ნიჩბებით და ასეთი რაღაცა... მე როცა მეკითხებიან ვპასუხობ იმას, რაც ვიცი, თუ უნდა ავყვე საერთო დინებას? ეს ჩემი აზრია, რომელიც დაფუძნებულია დოკუმენტებზე, პირად საუბრებზე და ჩემს გამოცდილებაზე. შეიძლება სხვას სხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლის. რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ ვიღაც ჯარისკაცი დასდევდა დაუძლურებულ ქალბატონებს და უნდა მოეკლა ისინი? როდესაც მანდ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ებრძოდნენ მათ და იმათ არ მიიღეს სასიკვდილო ჭრილობები.

იყო ჩამოსული Al Jazeera და მე ამომირჩიეს, ისინი მოვიდნენ ჩემთან, როგორც ამ მოვლენების მონაწილესთან, როგორც თვითმხილველთან და მემატიანესთან. მე მაქვს ეს ყველაფერი გადაღებული: როგორ იწყებოდა, როგორ იყო გლოვა, დასაფლავება ამ უბედურების, ამ ყველაფერზე მე ცრემლი მიღვრია... ეს ადამიანები ჩახოცეს, როდესაც ადგილი არ დაუტოვეს გასაქცევი, როდესაც შეიქმნა ჭყლეტა, როდესაც გამოყენებული იყო გაზი, რა თქმა უნდა ჩახოცეს. მე რას მედავებიან? მე ასე ვიცი დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არასწორია, მიმითითეთ და ბოდიშს მოვიხდი...

მე გუშინ დაბადებული არ ვარ იმ გოგოშკებივით, რომლებიც მირეკავენ და მწეწავენ, დიდ პატრიოტებად მოაქვთ თავი - პატრიოტობა იმაში არ არის, რომ აყვე ყველას, პატრიოტობა იმაშია, რომ საქმე აკეთო საქართველოსთვის" - აღნიშნა იური მეჩითოვმა გადაცემა Newsroom-ის ეთერში.

იხილეთ ასევე: "ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩითოვს, ხართ "ნაცები" ან მათი მხარდამჭერები!"

იხილეთ ვიდეო