"ბაბუას ბრალად დასდეს აგენტობა... ერთ დღესაც, ბებიას აღარც სუფთა პერანგი გამოართვეს და აღარც გამონაცვალი დაუბრუნეს, შინსახკომში დაიბარეს, ქმარს შეგახვედრებთო, იქ მისული კი დააპატიმრეს" - კვირის პალიტრა

"ბაბუას ბრალად დასდეს აგენტობა... ერთ დღესაც, ბებიას აღარც სუფთა პერანგი გამოართვეს და აღარც გამონაცვალი დაუბრუნეს, შინსახკომში დაიბარეს, ქმარს შეგახვედრებთო, იქ მისული კი დააპატიმრეს"

"ბაბუას ბრალად დასდეს გერმანიის აგენტობა და გერმანიაში ყოფნისას ქართველ სტუდენტებს შორის კონტრრევოლუციური განწყობის გაღვივება"

რუსეთში იშვა ბოლშევიზმისა და კომუნიზმის იდეა, რომელიც კარგად ცნობილი, თუმცა, პრიმიტიული პროპაგანდით მოედო სხვადასხვა რესპუბლიკას. ლოზუნგმა,"ყველაფერი ხალხსო, საქართველომდეც მოაღწია. გამდიდრებას მოწყურებულმა ქართველებმა წითლებს გზა დაუთმეს და დამოუკიდებლობის იდეა ჩანასახშივე მოსპეს.

გაწითლდა საქართველო, განადგურდა მოაზროვნე ადამიანთა დიდი ნაწილი, სულს ღაფავდა ქართული სახელმწიფო...

კონსტანტინე ყანდარელი 1902 წელს დაიბადა. მას ოთხი ძმა და ორი და ჰყავდა. ოჯახი წარმოშობით საგარეჯოდან იყო. ერთი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. კონსტანტინე გიმნაზიაში სწავლის პარალელურად მუშაობდა. მისი უფროსი ძმა ლადო გერმანიაში იღებდა უმაღლეს განათლებას.

რა გზა გაიარა ყანდარელების ოჯახმა, რა გახდა რეპრესიის მიზეზი და როგორია, იყო რეპრესირებული გმირის შთამომავალი? - ამ კითხვებს კონსტანტინე ყანდარელის შვილიშვილები, ნინო და ქეთევან კორძახიები უპასუხებენ. კონსტანტინეს ქალიშვილს ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვს მამის განვლილი გზა და გადასახლებულ დედასთან განშორების ათი წელი...

ნინო კორძახია: "ბაბუას უფროსი ძმა ლადო გასაბჭოებამდე გერმანიაში გაუშვა ეროვნულმა მთავრობამ სასწავლებლად, რათა უკან დაბრუნებულს წვლილი შეეტანა საქართველოს აღორძინებაში. კონსტანტინემაც რამდენჯერმე მიმართა საბჭოთა მთავრობას ამავე მოტივით და რაკი დარწმუნდა, რომ არ გაუშვებდნენ, მეგობართან ერთად თურქეთის გავლით გაიპარა. მაშინ ბაბუა 27 წლის იყო.

მან გერმანიაში დაამთავრა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და 1929 წელს ძმასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მალე სერგო ორჯონიკიძის სახელობის მანქანათმშენებელი ქარხნის დირექტორად დანიშნეს."

კონსტანტინე ყანდარელი

გერმანიის "აგენტი"

კონსტანტინემ 1929 წელს, გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, ულამაზეს ელენეზე იქორწინა. ქალ-ვაჟი შეეძინათ, ელენე ბავშვებს ზრდიდა, კონსტანტინე მუშაობდა. გარდა მანქანათმშენებლობის ქარხნის დირექტორობისა, იყო ჟურნალ "ტექნიკა და შრომის" რედაქტორიც.

ამასობაში დადგა დიდი ტერორის ხანა. 1937 წელს ათასობით დაპატიმრებულს შორის აღმოჩნდა კონსტანტინეც.

ნინო კორძახია: "ბაბუა 1937 წლის 1-ლ მაისს, ღამე დააპატიმრეს. შინსახკომელებს შეეშალათ სადარბაზო და მეზობელთან შევიდნენ, ისინი კობაიძეები იყვნენ. ოჯახის უფროსი უკვე ემზადებოდა წასასვლელად და ბოლოს პასპორტი რომ ჩამოართვეს, მაშინ აღმოაჩინეს, რომ შეცდნენ და ამის შემდეგ მოვიდნენ ბაბუასთან.

ბაბუას ბრალად დასდეს გერმანიის აგენტობა და გერმანიაში ყოფნისას ქართველ სტუდენტებს შორის კონტრრევოლუციური განწყობის გაღვივება".

თინა ყანდარელი, კონსტანტინე ყანდარელის ქალიშვილი: "მამა იშვიათად იყო სახლში. კარგად მახსოვს მის დასაპატიმრებლად მოსული კაცები. მერე დედა ატმოლინკსში გადაასახლეს. ის დღეც მახსოვს, რომ დაბრუნდა. მეზობლები ისხდნენ და მათ შორის უცხო ქალი იყო, თურმე დედაჩემი ყოფილა."

პატიმრის სისხლიანი პერანგები

მარტოდ დარჩენილი ელენე ყოველდღე აკითხავდა ქმარს ციხეში ამანათებითა და სუფთა პერანგებით. გზავნილებს იღებდნენ და ელენესთვის ეს იყო სიგნალი, რომ კონსტანტინე ცოცხალი იყო.

ქეთევან კორძახია: "ბებია გვიყვებოდა, ციხიდან სისხლიან პერანგებს მატანდნენო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბაბუას აწამებდნენ. ერთ დღესაც ბებიას აღარც სუფთა პერანგი გამოართვეს და აღარც გამონაცვალი დაუბრუნეს, მაგრამ ერთხელაც შინსახკომში დაიბარეს, ქმარს შეგახვედრებთო."

ნინო კორძახია: "შინსახკომში მისული კი დააპატიმრეს. ეს იყო 1937 წლის 27 ოქტომბერს. 29 დეკემბერს გაასამართლეს და 1938 წლის თებერვალში "სამშობლოს ღალატისთვის" ყაზახეთში რვა წლით გადაასახლეს. იქვე დაუმატეს ორი წელი."

"ხალხის მტრის" ცოლი

მისთვისაც ისეთივე მძიმე იყო ყაზახური ცხოვრება, როგორც უამრავი "ხალხის მტრის" ცოლებისთვის.

ქეთევან კორძახია: "ბებიას მონათხრობიდან ვიცი ის ამბები, რაც ქალებს ბანაკში გადახდენიათ. კარგად მახსოვს როგორ ჰყვებოდა ფეხმძიმე ქალზე, რომელსაც ბოლო დღეებში მოუწია თურმე ეტაპით მგზავრობამ. ქალები რომ დააბინავეს, იმისათვის რომ ჩვილისთვის რამე ჩაეცმიათ, თურმე ქალებს ფანჯრის მინა ჩაუმსხვრევიათ, ნამსხვრევებით თავიანთი პერანგები დაუჭრიათ, რომ ჩვილი გაეხვიათ. სამწუხაროდ, დედაცა და ბავშვიც დაღუპულან..."

ნინო კორძახია: "ერთხელ შევესწარი გადასახლებული ქალების შეკრებას. საუბრობდნენ შიმშილზე, მონატრებულ ოჯახებსა და ვირზე, რომელიც თურმე ერთხელაც გაქრა. მერე გაურკვევიათ, ვირი დაუკლავთ და სასადილოში სადილი მოუმზადებიათ. სანამ ბებია ცოცხალი იყო, ამ ამბებზე იშვიათად ლაპარაკობდა, ალბათ, ეშინოდა, შვილიშვილებს პრობლემა არ შევუქმნაო".

10 წლის შემდეგ, შინ დაბრუნება

1948 წელს ელენე სამშობლოში დაბრუნდა. ვინ იცის, გადასახლება უფრო მძიმე იყო გატანჯული ქალისთვის თუ უკან დაბრუნება. დედა შვილებმა ვერ იცნეს... არც კომუნისტებმა დართეს დედაქალაქში, შვილებთან ახლოს ცხოვრების უფლება და ელენე მარნეულში დასახლდა.

თითქმის ოცი წელი ოჯახმა არაფერი იცოდა კონსტანტინეს შესახებ. თუმცა დადგა ის შემზარავი დღეც, როცა რეაბილიტაციის ცნობა მიიღეს - დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო თქვენი ოჯახი რეაბილიტირებულიაო... მაშინ გაიგეს, რომ კონსტანტინე ყანდარელი თავის დაბადების დღეს, 13 სექტემბერს დახვრიტეს.

კომუნისტებმა ყანდარელებს ქონება ჩამოართვეს და ერთ პატარა ოთახში შეასახლეს. ქალბატონმა ელენემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები იმ ბინის ერთ ოთახში გაატარა, სადაც ოდესღაც ბედნიერად ცხოვრობდა მეუღლესა და შვილებთან ერთად.

ნინო კორძახია: "ბებია 1985 წელს გარდაიცვალა. ბაბუას ოჯახი მელიქ აზარიანცის სახლში ცხოვრობდა. დღესაც ავხედავ ხოლმე მის ფანჯრებს, როცა რუსთაველის პროსპექტზე მივდივარ."

ნინო კორძახია: "ბებია ძალიან ლამაზი ქალი იყო. მამამისი რკინიგზელი ყოფილა და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მარტოდ დარჩენილმა ბებიის დედამ მღვდლის ოჯახში ძიძად დაიწყო მუშაობა, მისი ხუთი ობოლი შვილი უნდა გაეზარდა და მათთან ერთად თავისი ქალიშვილი, ანუ ბებიაჩემი. ბავშვები ჩემს დიდ ბებიას დედას ეძახდნენ, იმდენად უყვარდათ.

ის მღვდელი, ქრისტეფორე ციცქიშვილი, წლების შემდეგ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გახდა".

თორნიკე ყაჯრიშვილი