როდის დავსახლდებით კოსმოსში
"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. ამა წლის 20 ნოემბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 20 წელი შეუსრულდა. ვისი დამსახურებაა ამ სადგურის არსებობა, როგორ გვიბრუნდება დედამიწელებს კოსმოსში ინვესტირებული მილიონები და რა სირთულეები ელოდება ილონ მასკის მიერ მარსზე 2023 წელს დაგეგმილ პილოტირებულ მისიას?
ამ საკითხებზე დალი უბილავა-დე გრააფი გიამბობთ.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლისაა
საერთაშორისო კოსმოსური სადგური უდიდესი და უძვირესი პროექტია, რაც კი აქამდე შექმნილა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. ის დაახლოებით სტადიონისხელა კონსტრუქციაა და დაახლოებით 400 ტონას იწონის. დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ სიმაღლის ორბიტაზეა განთავსებული, მეოცე წელიწადია, უწყვეტად მოძრაობს დაახლოებით 28 000 კმ/სთ სიჩქარით და დღეში 16-ჯერ შემოუვლის დედამიწას. თითო შემოვლას 90 წუთს ანდომებს. აქედან ყოველი 45 წუთი დღე-ღამის მონაცვლეობაა. კოსმოსური მეცნიერების უსწრაფესი განვითარება 1960-70-იანი წლების ცივი ომის დამსახურებაა. საბჭოთა კავშირ-ამერიკის სამხედრო შეჯიბრება კოსმოსში ძვირად ღირებულ ექსპერიმენტებს, კვლევებსა და შემდგომ განვითარებას ითხოვდა. ამერიკელებსა და რუსებს თავიანთი კოსმოსური სადგურები ჰქონდათ, ამ ქვეყნების პილოტირებული მისიებიც მათივე კოსმოსურ სადგურებზე მუშაობდნენ და საკუთარ ხომალდებს - "სფეის შათლისა" და "სოიუზს" გზავნიდნენ. კვლევები მიმდინარეობდა კოსმოსურ სადგურებზე "სალუტი", "მირი" (საბჭოთა კავშირი) და "სქაილები" (აშშ). მაშინდელი კოსმოსური სადგურებიდან ყველაზე გამძლე "მირი" აღმოჩნდა - 15 წელი იმუშავა, თუმცა მერე დრო მოჭამა...
1990-იან წლებში, პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების გამო, საბჭოთა კოსმონავტიკაც დაშლის პირას აღმოჩნდა. ამერიკისა და რუსეთის მაშინდელ მეთაურებს, რეიგანსა და გორბაჩოვს ეკუთვნით დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნებისა და გაერთიანების იდეა, თუმცა ამას წინ უსწრებდა 1975 წელს რუსულ-ამერიკული პროგრამა "სოიუზ-აპოლო", როცა კოსმოსში პილოტირებული კოსმოსური ხომალდები - "სოიუზი" და "აპოლო" შეერთდა. თანამშრომლობა რუსული "მირის" ფარგლებშიც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების ნების გარეშე კოსმოსური პროგრამების დაფინანსება და განხორციელება შეუძლებელია. ამერიკის კონგრესში დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნების იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და კენჭისყრისას მხოლოდ ერთი ხმით აჯობეს მომხრეებმა.
1998 წლის 20 ნოემბერს რუსების რაკეტა "პროტონმა" თანამედროვე კოსმოსური სადგურის პირველი მოდული "ზარია" განათავსა დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რასაც რამდენიმე თვეში მიჰყვა ამერიკული "იუნითი"; 2000 წელს მათ მესამე მოდული "ზვეზდა" მიემატა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო პილოტირებული მისიებიც კოსმოსურ სადგურზე. მოგვიანებით პროექტში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს, იაპონიისა და კანადის სახით. დღეს კოსმოსური სადგური ერთადერთი ადგილია კოსმოსში, სადაც მუდამ იმყოფება ადამიანი.
პამპერსი ასტრონავტებისთვის კოსმოსური კვლევები პროექტში მონაწილე ქვეყნების ბიუჯეტიდან, ანუ მოსახლეობის გადასახადებიდან ფინანსდება. დღეს ის ფინანსები, რაც კი ადამიანს ოდესმე კოსმოსური მეცნიერების განვითარების საქმეში ჩაუდვია, ექვსმაგად არის ამოღებული. იგულისხმება ჩვენი ცხოვრების დონე, მედიცინისა თუ მეცნიერების ახალ-ახალი მიღწევები, ტექნოლოგიები. ამის მარტივი მაგალითია პამპერსი, რომელიც თავის დროზე კოსმონავტებისთვის გამოიგონეს. ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა, გვარად პამპერსმა, შეისყიდა წარმოების უფლება და ასტრონავტებისთვის გამოგონილი სიახლე დედამიწაზე ჩვილის მოვლისთვის დანერგა. ასევე ჭურჭელი, რომელიც ტეფლონით არის დაფარული და კერძის მომზადებას აადვილებს (არ მიიწვავს, ზეთი არ სჭირდება), კოსმონავტებისთვის იყო შექმნილი. ლაზერის მეტრმზომები, რომლებიც დამონტაჟებულია ავტობანებზე და ქვეყნების ბიუჯეტში მილიარდობით ფული შეაქვს, პირველად კოსმოსური პროექტებისთვის შეიქმნა. ლაზერის მეტრმზომების გარეშე დღეს მშენებლობები წარმოუდგენელია...
სახლი კოსმოსში
კოსმოსურ სადგურზე არსებული მოდულებიდან ერთ-ერთი უმთავრესია რუსული "ზვეზდა". მასში განლაგებულია ადამიანის არსებობისთვის საჭირო მიკროინფრასტრუქტურა - სამზარეულო, საძინებლები, სპორტული ინვენტარი და ა.შ. და მთელი კოსმოსური სადგურის ორბიტის კორექციასთან დაკავშირებული სისტემები. კოსმოსური სადგური ვაკუუმში მუშაობს, თუმცა ეს აბსოლუტური ვაკუუმი მაინც არ არის. მასში არსებული ჰაერის მოლეკულების გამო და იმავდროულად, დედამიწის მიზიდულობის ძალის გამო სადგურის ორბიტა ქვემოთ იწევს და სწორედ ამისთვის არის საჭირო დროდადრო მისი ორბიტის კორექტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა მოხდება. კოსმოსურ სადგურზე განლაგებული ყველა მოდული ავტონომიურია, რაც ნიშნავს, რომ ავარიული სიტუაციისას ასტრონავტებს შეუძლიათ მისი დანარჩენებისგან იზოლირება. დღევანდელი კოსმოსური სადგური არის არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის შედევრი, არამედ ადამიანისთვის სახლი კოსმოსში. კოსმოსში საზღვრები არ არის, ასტრონავტები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი მოდულიდან მეორეში. 400-ტონიანი სადგურის გამართული მუშაობისთვის საჭიროა დიდძალი ენერგია, რასაც ის მზის ბატარეების მეშვეობით იღებს. მისი მზის პანელები ყოველ 45 წუთში ანუ დღის მონაკვეთის განმავლობაში იტენება და მომდევნო 45 წუთი, ანუ ღამის განმავლობაში იყენებენ. კოსმოსური სადგურის მზის ბატარეების საერთო ფართობი დაახლოებით შვიდი კალათბურთის მოედნის ხელაა. დღის განმავლობაში ისინი მზის სხივების შესაბამისად ტრიალდება.
შემდეგი თაობის კოსმოსური სადგურის განთავსება იგეგმება არა იმავე, 400 კმ სიმაღლის ორბიტაზე, არამედ მთვარის ორბიტაზე, ანუ ჩვენგან ასეულობით ათასი კმ-ის მოშორებით და მომავალ ასტრონავტებს იქ მოუწევთ მუშაობა. მისი კონცეპტუალური სახელია "დიფ სფეის გეით ვეი" და თანამედროვე კოსმოსური სადგურისგან განსხვავებით, სრულიად ავტონომიური იქნება. ამჟამად, კოსმოსური სადგურის 20-წლიანი არსებობის ისტორიაში მეორედ, კოსმოსურ სადგურს ჰყავს ევროპელი მეთაური, გერმანელი ალექსანდრე გერსტი, რომლის მისიაც ივნისში დაიწყო და რამდენიმე კვირაში უკან დაბრუნდება. დღევანდელი ნორმებით კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების მუშაობის ხანგრძლივობა ექვსი თვეა. უწონობაში სხეულის ძვალ-კუნთოვანი სისტემა ყოველთვიურად 3%-ით ქვეითდება. გარდა ამისა, მაღალია რადიაციის დონეც. ზოგადად, კოსმოსში რაც უფრო მაღლა მივდივართ, რადიაცია მატულობს და ეს არის გადაულახავი ბარიერი მარსის პროგრამებისთვისაც. სანამ ადამიანი მარსამდე ჩააღწევს, გზაში იმხელა დასხივებას მიიღებს, რომ მარსზე ჩასვლისას უკვე მძიმედ იქნება დაავადებული, ამიტომ კოსმოსურ სადგურზე ტარდება კვლევები ადამიანის სხეულის ადაპტაციაზე უწონობის, მაღალი რადიაციისა თუ დაბალი ატმოსფერული წნევის დროს... გარდა ამისა, მიმდინარეობს ცდები უწონობაში მცენარეებისა და ცხოველების მოყვანა-მოშენების პრობლემებზე. ეს ყველაფერი კი გათვლილია მთვარეზე, მარსსა თუ სხვა ციურ სხეულებზე (განიხილება ასტეროიდებიც) ადამიანისთვის ცხოვრების პირობების შესაქმნელად. დღეს მეცნიერები მთვარისა და მარსის ნიადაგის სიმულირებას ცდილობენ და სპეციალური ქიმიური ფორმულის მქონე ნიადაგში ცდებს ატარებენ. მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ კოსმოსური სადგურის, არამედ დედამიწაზე არსებულ ლაბორატორიებშიც.
წავალთ მარსზე 2023-ში?
მარსს ატმოსფერო აკრავს, მაგრამ იქ ადამიანის არსებობისთვის ბუნებრივი პირობები არ არის. დედამიწის ატმოსფერო უფრო მკვრივია და მასში აირები სრულიად სხვა შემადგენლობითაა. გარდა ამისა, მარსის ატმოსფეროში წნევა ისეთი დაბალია, ლამის ვაკუუმს უტოლდება, რადიაცია კი რამდენიმე ასეულით მეტია, ვიდრე დედამიწაზე. დედამიწელებისთვის მარსის ზედაპირზე გავლა კოსმოსური სკაფანდრის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მარსზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მარსის მიწისქვეშა კატაკომბებში უნდა განთავსდეს. არსებობს სხვა, ნაკლებად რეალური ალტერნატივაც ხელოვნური მაგნიტური ველის სიმულირების სახით.
ასე რომ, ჩვენი პლანეტა უნიკალური და კომფორტული ადგილია, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე. დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნას, სუპერვულკანის ამოფრქვევას, კლიმატის გლობალურ ცვლილებებს შეუძლია ბოლო მოუღოს ცივილიზაციას. არის სხვა სახის საშიშროებებიც, მათ შორის - ჭარბი მოსახლეობა, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონით იზრდება... დღეს კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ახალი ტერიტორიების ათვისება და ამიტომ გეზი კოსმოსისკენ უნდა ავიღოთ. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგიც არაერთგზის აცხადებდა, რომ ადამიანმა უახლოეს 30 წელიწადში უნდა დაიწყოს დედამიწის განტვირთვა, რაც სხვა კოსმოსური ობიექტების, მათ შორის - მარსის ათვისებას გულისხმობს. ვნახოთ, ვინ იქნება პირველი და 21-ე საუკუნეში ვინ დადგამს პირველად ფეხს სხვა ციურ სხეულებზე. წამყვანი კოსმოსური ორგანიზაციების გარდა, ამ პროგრამებზე კერძო ორგანიზაციებიც მუშაობენ. ილონ მასკი 2023 წელს მარსზე ადამიანების გამგზავრებას გეგმავს, თუმცა ჯერ მარსის რაკეტაც არ არის მზად. მარსზე გასაფრენმა რაკეტამ სულ სხვა სიჩქარე უნდა განავითაროს, რომ მარსის ორბიტაზე გავიდეს, ანუ ეს იქნება უპრეცედენტოდ მძიმეწონიანი რაკეტა, შესაბამისად, უზარმაზარი ბიუჯეტით (დღეს მარსზე 1კგ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ანგარიშობენ დაახლოებით 150.000 ევროს). ყველაზე მძიმე რაკეტა, რაც კი დღემდე შექმნილა, "სატურნი-5" იყო, რომლითაც მთვარეზე ამერიკული "აპოლოს" მისიები იგზავნებოდა. დაველოდოთ 21-ე საუკუნის პირველ ადამიანებს, რომლებიც ფეხს დაადგამენ მთვარესა და მარსზე.