"როგორ შეიძლება "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან ვინ მოაბრუნებს?!"
საარჩევნო პროცესის დასასრულს მიუახლოვდა. ექსპერტთა დიდი ნაწილის თქმით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ნეგატიური პოლიტიკური პროცესი ქვეყნის ისტორიაში, რომლის დროსაც არაერთი წითელი ხაზი გადაკვეთეს პოლიტიკოსებმა თუ მედიის წარმომადგენლებმა. უამრავი სიბინძურე ამოტივტივდა, რამაც ამომრჩეველი დააბნია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აღიარებულმა ხელოვანებმა თავიანთი მოსაზრება გაგვიზიარეს...
თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:
- როგორ შეიძლება "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან ვინ მოაბრუნებს, ან მაშინ რა უნდოდა სააკაშვილს, როცა იყო?! პოლიტიკაზე არ მსურს საუბარი და დამანებეთ თავი!
თემურ წიკლაური, მომღერალი: - ყველა ხელისუფლება ერთნაირია... წაკითხული გექნებათ რომის იმპერიის ხელისუფლებაზე, ეგვიპტის ფარაონებზე... ზუსტად ასეთები იყვნენ ისინიც. მე ასე ვფიქრობ, რომ არათუ დღევანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის, საერთოდ ხელისუფალთა შორის არ არის არანაირი განსხვავება! ამიტომ არც მინდა მაგათი "მოღვაწეობის" შეფასება...
იმედა კახიანი, მსახიობი:
- "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, ამის იმდენი მიზეზია, ჩამოთვლა გამიჭირდება... ყველაზე მეტად რაც მაშფოთებდა და მაღიზიანებდა მათი მმართველობის დროს, საერთოდ არ იყო ადამიანის უფლებები დაცული, ადამიანი უარყოფილი იყო!
მართალია ჩემი ახლო ნათესავებისთვის არ წაურთმევიათ ბიზნესი და ციხეებში არ ჩაუყრიათ, მაგრამ ქვეყანაში რაც ხდებოდა, კარგად ვიცი! ვისაც რა უნდოდა მაგ დაჯგუფებიდან, იმას ჩადიოდა! ეს არის ჩემი ყველაზე დიდი აღშფოთების და წინააღმდეგობის მიზეზი! არასოდეს დამავიწყდება სულხან მოლაშვილის სახე! მის კადრებს რომ ნახავს ადამიანი, მითხარით რა ჭკუაზე დადგება?! ადამიანებს ღირსებას ართმევდნენ! კაცს, რომ კაცობას წაართმევ, ბევრად ჯობია მოკლა, ვიდრე ისევ აცოცხლო! ამბობენ, შევცდითო და ადამიანების დახოცვა შეცდომაა კაცო?! 26 მაისს რაც მოხდა, თურმე შეცდომა ყოფილა?!
- 26 მაისის ტრაგედიის შემდეგ თქვენი შვილიშვილის, ნინი ბადურაშვილის ნამღერ ჰიმნს, ჩვენში საკმაოდ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა... გულწრფელად რომ გვითხრათ, დღეს თქვენც ხომ არ ნანობთ?
- ნინიმ პირველად მე მითხრა ჰიმნის შესასრულებლად რომ იყო მიწვეული... ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა ემღერა! ყველას არ აქვს ბედნიერება ჰიმნი შეასრულოს და ჰიმნი ყველგან უნდა იმღერო - მტერთან, მოძულესთან, მოყვარესთან... შენ ჰიმნს მღერი, კი არ ართობ ადამიანებს! სიმღერას ქართველი კაცი მხოლოდ ლხინში არ ასრულებს! გვინახავს როგორ მღერიან სვანები დასაფლავებაზე სვანურ ზარს... როგორი სევდიანია და სულისშემძვრელი მათი ზარი!
- არჩევნების მეორე ტური კარზე მოგვადგა, როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილს ღიად უჭერთ მხარს...
- სალომე ზურაბიშვილზე ძალიან კარგი აზრის ვარ! იგი შთამომავალია ისეთი ადამიანების, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ ანადგურებდნენ, რომ თავიანთი სამშობლო ძალიან უყვარდათ! ისინი საქართველოდან გაიქცნენ, თორემ აქ ცოცხლი ვერ გადარჩებოდნენ!
რაც შეხება ომის დაწყებას, ძალიან კარგად ვიცი, 7-8 თვე რუსები რომ ჩვენ სოფლებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ, მაგრამ მასიური შეტევა და ღამე თავდასხმა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა! რუსეთის პროვოკაციაზე მიხეილ სააკაშვილი წამოეგო. ზუსტად ასეთ დროს სჭირდება სახელმწიფოს მეთაურს სიბრძნე, რასაც ქართველი მეფეები აკეთებდნენ! ისტორიაში ყველგან ჩაიწერება, რომ საქართველომ ტერიტორიების 20% მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაკარგა, იმედი მაქვს, დროებით... ქართველი მეფეები ყველაფერს დიპლომატიით და მოლაპარეკებით აღწევდნენ და რაღად უნდა ლაპარაკი, რომ მიხეილ სააკაშვილი უვარგისი ხელმძღვანელი იყო!
გრიგოლ ვაშაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ უგანათლებულესი კაცია! შესანიშნავი ოჯახი აქვს და ბევრი რამით სიმპათიას იმსახურებს... ცალკე რომ იყოს, მეც მისი მხარდამჭერი ვიქნებოდი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მონა-მორჩილზე საერთოდ ლაპარაკიც აღარ მინდა!
(სპეციალურად საიტისთვის)