"ჩემი წილი საქართველო აქ არის - ჩემი ხელითა და კუნძებით შექმნილ ამ ქოხში"
"ერთ კარგ ბიჭზე უნდა მოგიყვეთ, - შუადღეს მიხვალ, შუაღამეს, მშიერი თუ მაძღარი, შემოგღიმებს, "ფეჩს" შეუკეთებს, ჩაიდანს შემოდგამს, ლუკმას გაგიყოფს, დაგიჯდება და მოგიყვება ამბებს საქართველოზე. ისე შეგიყოლიებს, ისე მოგაწონებს აუცილებლად დაბრუნდები იქ, ზღვის დონიდან 1620 მეტრის სიმაღლზე, გომბორის ქოხ-სამკითხველოში, იქაურებს "გიოს "ბიბლუსი" რომ შეურქმევიათ..." – ასე გაგვაგებინა პოეტმა მარიამ ხუცურაულმა, მართლაც კარგი ბიჭის გიორგი პატარაშვილის ამბავი.
ჰოდა, მეც გადავწყვიტე, გომბორის უღელტეხილზე, პატარა ქოხში მოწყობილ ჩაისა და წიგნის სახლში, ე. წ. "გიოს ბიბლუსში" დამერეკა და ჯერჯერობით შორიდან მაინც გამეცნო მარიამის ნაქები ყმაწვილი.
- აქეთა მხარეს რომ მოხვდებით, უკეთესი ინტერვიუ გამოგვივა. ტელეფონით ისე ვერც გესაუბრებით და ვერც თქვენ შეგექმნებათ სათანადო წარმოდგენაო, - მითხრა გიორგიმ, მაგრამ მასთან საუბარს მაინც ვერ შეველიე და "სათანადო წარმოდგენა" რომ შემქმნოდა, გომბორის უღელტეხილს ამჯერად ვირტუალურად ავუყევი - ცხადია, არ გამჭირვებია, ბევრჯერ გამივლია, მით უფრო, რომ ბოლო მგზავრობიდან ერთი თვეც არ გასულა; შემდეგ კი, ინტერვიუს პარალელურად, გიორგის "ფეისბუკგვერდზე" მისი ქოხის, იქიდან დანახული მთებისა და გიორგის სტუმრების ფოტოებს ვათვალიერებდი. ეგ კი არა, ქოხის ოთახებიც კი "შემოვიარე" და, ლამის, სტუმრებსაც "შევუერთდი" ლხინში, გიორგი კი, სერიოზულად, თუმცა ჩემთვის კარგად ნაცნობი და ძვირფასი ფშაური იუმორით მოსაუბრე, ზღაპარივით მიამბობდა ქოხისა და მისი პატრონის ამბავს.
- პირველად 2013 წელს გავაკეთე პატარა, მარტივი ქოხი, მაგრამ იქ მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ვიყავი. მასში გასათბობი საშუალებაც არაფერი მქონდა. მერე, 2015-ში თავიდან გავაკეთე პატარა დასასვენებელი ადგილი. მეგობრები დამეხმარნენ, კუნძებით დავდგით ქოხი და გადავხურეთ. გვინდოდა, ეს ადგილი ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო. სტუმარს ვთავაზობდით მცენარეულ ჩაის, ყავასა და ნამცხვრებს. იგი ერთი წლის წინ, 4 ნოემბერს დაიწვა და შარშან უკვე ეს ხის ქოხი გავაკეთე. მასში ორი ოთახია. მართალია, გასათბობად ღუმელი მინთია, მაგრამ წინა შემთხვევის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გავაძლირე. ჩემი ოჯახი სოფელ გომბორში ცხოვრობს, მაგრამ მე აქ ვარ, ზამთარ-ზაფხულ აქ ვცხოვრობ. თუ სადმე გასასვლელი ვარ, ან ძმას ვტოვებ ხოლმე, ან მეგობარს, იმის მიხედვით, რომელს სცალია. ძირითადად, ტურისტები მოდიან ხოლმე, მათზე მაქვს გათვლა და, რა თქმა უნდა - ადგილობრივ უსაქმურებზეც, მაგრამ (იცინის)...
- გიორგი, რამდენი წლის ხართ?
- 31-ის.
- თქვენს ქოხში პატარა ბიბლიოთეკაც გაქვთ, რომელსაც ჩემი მეგობარი პოეტის - მარიამ ხუცურაულის საახლობლო ხუმრობით, თურმე, "გომბორის ბიბლუსს" უწოდებს. ეს, სავარაუდოდ, ჩვენი მედიასახლის მაღაზიათა უდიდეს და პოპულარულ ქსელს - "ბიბლუსს" უკავშირდება. თქვენ კი, ბიბლიოთეკას ისე არ გააკეთებდით, წიგნის კითხვა რომ არ გიყვარდეთ. არადა, მგონი, უმაღლესი სასწავლებელი არ გაქვთ დამთავრებული... თუ - ვცდები?
- მართალია, არ ცდებით. მხოლოდ საშუალო სკოლა დავამთავრე, რა... დამამთავრებინეს. ბიბლიოთეკა კი წინა ქოხშიც მქონდა და ახლაც მაქვს. სოციალურ ქსელში დავწერე, ძველ ქოხთან ერთად წიგნებიც დამეწვა-მეთქი და ახალი ბიბლიოთეკის შექმნაში სწორედ მარიამი დამეხმარა. კლასიკოსი თუ თანამედროვე მწერლების ბევრი წიგნი მომიტანა. ყველამ იცის, წიგნები ძალიან რომ მიყვარს და ვინც ჩაივლის ან ამოივლის, გზად წიგნებსაც მიტოვებს, მჩუქნის. ზოგი წიგნი სახლიდან მოვიტანე, ზოგიც - ვიყიდე და უკვე მცირე ბიბლიოთეკაც მაქვს. ადრე გამოდიოდა ჟურნალი "ნიანგი" და მამაჩემს ისე უყვარდა, ინახავდა კიდეც. სახლიდან ის ჟურნალებიც წამოვიღე და, სხვათა შორის, ბევრი ინტერესდება. ამ წუთას უცხოელი სტუმრები მყავს და ვიდრე თქვენ გელაპარაკებით, ერთ-ერთი სწორედ "ნიანგს" ათვალიერებს. ალბათ, კომიქსებმა და ნახატებმა დააინტერესა.
- თქვენ რომელი მწერალი გიყვართ ყველაზე მეტად?
- დოსტოევსკი მიყვარს, ძალიან.
- საკმაოდ რთული მწერალი... ალბათ, სწავლა გეზარებოდათ, მაგრამ კითხვა გიყვარდათ...
- სკოლაში წიგნებსაც არ ვკითხულობდი. კითხვა ბოლოს დავიწყე, - მეთქი, შეიძლება კარგი რაღაცები წერია-მეთქი, გადავშალე და დავიწყე. ჯერ ერთი მომეწონა, მერე - მეორე და ა.შ.
- პირველი რომელი იყო, შემდეგის წაკითხვა რომ მოგანდომათ?
- პირველი ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" იყო. წინა ქოხი რომ გავაკეთე, მაშინ წავიკითხე. ნუ, მანამდე პატარ-პატარა რაღაცებიც მქონდა წაკითხული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო. მის მერე დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" წავიკითხე. ამჟამად დიდად არ მცალია კითხვისთვის, მაგრამ თავისუფალი დრო როცა მაქვს, თუ მეორე საქმეში არ ვარ - "სუფრის აკადემიაზე" არ ვზივარ, აუცილებლად ვკითხულობ.
- როგორც ვიცი, ლექსებიც ძალიან გიყვართ, მგონი, თავადაც წერთ...
- ლექსები? ლექსები ჩემი სტიქიაა... ვწერ კიდეც, ხანდახან, ჩემთვის, მაგრამ პოეტობაზე პრეტენზია არ მაქვს, პოეზიის პატივისმცემელი კი, ძალიან ვარ... ოღონდ წაკითხვა არ მთხოვოთ... მართლა ინტერვიუზე მეგონება თავი (იცინის)... ლექსები ვიცი სუფრასთან, როცა მეთქმევინება, - მაშინ.
- ალბათ, "მოღრუბლული" საღამოებიც გაქვთ, მარტო რომ ხართ, სევდიანი...
- ასეთ დროს ვანთებ სანთლებს და - ვკითხულობ. აბა, ელექტროენერგია არ მაქვს - "დავრგე და არა ხარობს..." ისე, სურვილიც არ მაქვს, მქონდეს. ასე უფრო რომანტიკული გარემოა - სანთელი, ღუმელი, ფეჩზე გახუხული პური, "დუხოვკაში" შემწვარი კარტოფილი, ერბო, დამბალ-ხაჭო, ცოტა ჭაჭა, ცოტა - ჟიპიტაური და... ეს გარემო სტუმრებსაც ძალიან მოსწონთ, მით უფრო, რომ ამ პურმარილზე თავად ვეპატიჟებით სტუმრებს, როგორც ძველ დროს ხდებოდა - სტუმრის დანახვა რომ უხაროდათ და შინ ეპატიჟებოდნენ ჩვენი წინაპრები...
- შესანიშნავ ფოტოებს იღებთ. გავიგე, თქვენი ფოტოებით კალენდარიც გაგიკეთებიათ...
- კალენდრის იდეა მარიამს ეკუთვნის და მის დაბეჭდვაშიც სწორედ მარიამის წვლილია. ზოგადად, ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს, რაც მომეწონება, ყველაფერს ვიღებ, მერე კი - "ფეისბუკზე" ვტვირთავ. კალენდარის თითოეულ თვეს ტექსტიც მოჰყვება - ყველაფერი საქართველოზეა, ანბანით დაწყებული...
ჩემი წილი საქართველო კი ამ ადგილას არის, მარტივად, მაგრამ კრეატიულად, საკუთარი ხელითა და კუნძებით შექმნილ ამ ქოხში და მის მიმდებარედ. მე, ხომ, ბიზნესისთვის არ მომიწყვია აქაურობა! მიმაჩნია, რომ ამ ქოხიდან ძალიან ლამაზი, საინტერესო ხედი მოსჩანს, ჩემი სახლის სტუმრები კი ყველანაირი ადამიანები არიან, სხვადასხვა პროფესიისა და ფენის, ქართველებიც და უცხოელებიც, კარგებიც და ცუდებიც, სევდიანებიც და ხალისიანებიც, მაგრამ - თავისებურად საინტერესოები.
მათთან ურთიერთობით ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ, მათ შორის, ადამიანებისა და ზოგადად - ავ-კარგის გარჩევასაც. ენის ბარიერიც კი გადავლახე - ინგლისური არასდროს მცოდნია, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებ, რუსული შედარებით უკეთ ვიცოდი და ახლა ცოტათი გავაუმჯობესე, გააჩნია იმასაც, რამდენი მაქვს დალეული - თუ ბევრის დალევა მომიხდა, ყველა ენაზე ვლაპარაკობ და რაც მთავარია, მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს (იცინის)... აქაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია - ვიწვალე და ვიშრომე, ბევრი ოფლიც დავღვარე და ცოტა - ცრემლიც, აქ სასმელით სავსე ჭიქაც დამქცევია და წასულების მოსაგონარიც მითქვამს... სიყვარულიც გაინტერესებთ? - უკეთესზე უკეთესი რომ მოდის, ძნელია არჩევა... ვნახოთ, დავაკვირდები კარგად. ჯერჯერობით საქმეები მაქვს და, ალბათ, სალოცავებიც მიცავს, შარში რომ არ ვეხვევი ან... ასეც ვიტყოდი: სიყვარულსა მალვა უნდა... გამგებმა გაიგოს! ყველას გილოცავთ ახალ წელსა და შობას, იცოცხლეთ, მრავალს დაესწარით, ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და მთლიან საქართველოს.
(სპეციალურად საიტისთვის)