"სესხი არასოდეს ამიღია, არ მიყვარს"
"ასტროლოგიურ პროგნოზზე კი არა, თავად ადამიანზეა დამოკიდებული, თუ როგორი წელი ექნება"
დღესდღეობით, ასტროლოგია ძალიან პოპულარულია. ადამიანების გარკვეული კატეგორია წლის ასტროლოგიურ პროგნოზს გულდასმით ეცნობა, დღის განრიგსაც კი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გეგმავს, თუმცა ბევრისთვის ეს საკითხი ღიმილის მომგვრელია - ასტროლოგიურ პროგნოზს სერიოზულად არ აღიქვამს... ცნობილი ადამიანების ცხოვრების მაგალითზე გაგაცნობთ, რამდენად სანდოა ასტროლოგიური პროგნოზი: რას უწინასწარმეტყველებდნენ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 2018 წელს და რეალურად რა მოხდა?..
სოფო გელოვანი (ვერძი):
- მადლობა 2018 წელს, რადგან ის ძალიან კარგი იყო! რაც მთავარია, ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები ჯანმრთელად იყვნენ. შემოქმედებითი თვალსაზრისითაც ყველაფერი ძალიან კარგად იყო.
- წელს ბევრი შრომა დაგჭირდა? ასტროლოგიური პროგნოზი გაფრთხილებდა, სერიოზული შრომისთვის მოემზადეო... - კი, ძალიან კარგ პროექტებს საფუძველი ჩაეყარა და იმედია, 2019 წელს ასევე კარგად გაგრძელდება...
ნინო ძოწენიძე (კურო):
- სტაბილური წელი მქონდა - ისეთი, როგორიც დავიმსახურე. მიმაჩნია, რომ ასტროლოგიურ პროგნოზზე კი არა, თავად ადამიანზეა დამოკიდებული, თუ როგორი წელი ექნება.
- ასტროლოგიური პროგნოზით, ინვესტიციებისთვის კარგი წელი უნდა გქონოდათ... - მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ ინვესტირებას 2019 წელს ვაპირებ.
- სესხებისგან გათავისუფლდებითო, გიწინასწარმეტყველებდნენ... - სესხი არასოდეს ამიღია - არ მიყვარს. ამ საკითხში ჩემი პრაგმატულობა ვლინდება - კურო მიწაზე მყარად დგას. ზედმეტი რამ, რაც ფანტაზიებში გამიყვანს, არ მომწონს. დღეს თუ საშუალება მაქვს, ვიყიდი, თუ - არა, ამის გამო ვერ გავრისკავ, რადგან ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შეგრძნება განსაკუთრებულად ნაკლებია. ამიტომ ხანგრძლივ სესხზე ლაპარაკი ზედმეტია - არ მიყვარს, როცა დაძაბული ვარ.
- შესაძლოა, მეუღლე დააწინაურონო. ამის შესახებ რას გვეტყვით? - მეუღლემ თავის კარიერაში ახალი ამბები დაიწყო: ფილმი გადაიღო, რომელშიც დიდი, შემდგარი მსახიობები და ძალიან კარგი ბავშვები მონაწილეობენ. ჩემს მეუღლეს არავინ აწინაურებს: საქმეში საკუთარი თავის რეალიზებას თავად ახდენს - ისევე, როგორც მე.
- წლის დასაწყისში ისეთი ცვლილებები თუ მოხდა, რომელმაც ურთიერთობებზე ზეგავლენა მოახდინა?
- არა. ძალიან კარგი სამეგობრო მყავს. საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ. ჩემთვის ვინც ღირებული და ფასეულია, ყველა გვერდით მყავს და ყოველთვის ასე იქნება. ადამიანების დაკარგვა არ მიყვარს, თუ, რა თქმა უნდა, თავს არ დამაკარგვინებენ.
თაკო კორინთელი (ტყუპი):
- მთელი წელი ისე ვერ გაივლიდა, რომ მხოლოდ ბედნიერი ეპიზოდები ყოფილიყო, მაგრამ ძირითადად, 2018 წელი ჩემთვის პოზიტიური იყო, თავისი ხინჯებით. სხვათა შორის, ასტროლოგიურ პროგნოზს გავეცანი და ტყუპისთვის აქტიური, გაბრწყინებული, "გასაგიჟებული" წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი და "ბრჭყვიალა", რაც 2018 წელს მოხდა, ის იყო, რომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" აღმოვჩნდი. ამ პერიოდმა ჩემი ცხოვრება ისე გააფერადა, რომ უბრალოდ, ვერ აღვწერ.
- როგორც ასტროლოგები გიწინასწარმეტყველებდნენ, მტრები და ოპონენტები შემაწუხებლები უნდა გამხდარიყვნენ... - მტრები ჭარბად და ეფექტურად დავინახე - საკმაოდ ბევრნი ყოფილან, მაგრამ ვერაფერს მაკლებენ.
- კი, მათ ეფექტურად უნდა გამკლავებოდი - ასე გიწინასწარმეტყველებდნენ... - სხვათა შორის, მათთან გამკლავებისთვის ძალისხმევა საერთოდ არ მჭირდება. ისინი ვერაფერს დამიშავებენ, რადგან ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ. შესაბამისად, არაფრის გაკეთება არ მომიწევს. უბრალოდ, ჩემთვის ვარ...
გვანცა დარასელია (ქალწული): - ძალიან კარგი წელი მქონდა: კარგ ადამიანებთან ვურთიერთობდი, კარგ ადგილებზე ვიყავი და კარგი მოვლენებიც იყო. უპირველეს ყოვლისა, ეს წელი იმით გამოირჩეოდა, რომ საცხოვრებლად მცხეთაში გადმოვედით - 2018 წელმა ახალი სახლი შეგვძინა...
სალომე ჭაჭუა (კირჩხიბი):
- მრავალფეროვანი წელი მქონდა, რადგან ბევრი ვიმოგზაურე. 2018 წელი ჩემთვის თვითმფრინავთან ასოცირდება. ბევრი ტურნირი მქონდა. საქმის მხრივ, ძალიან დატვირთული ვიყავი. 2018-მა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან უამრავი რამე ვისწავლე, ბევრი ახალი "ტრენერი" შევიძინე და ძალიან კარგად განვვითარდი - ყოველ შემთხვევაში, თავს ასე ვგრძნობ. ნაყოფიერი წელი მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ვცდილობ, ყოველი წელი, თვე, დღე მაქსიმალურად გამოვიყენო. წინ წავიდე და ა.შ.
- შენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აფრთხილებდნენ - რაც უფრო ნაკლებს მოელი, მით უფრო კარგი წელი გექნებაო... - მეტს არასდროს ველი - იმას ვჯერდები, რაც დღეს არის. უბრალოდ, ერთ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს - შინაგანად ასეთი ვარ: მინდა, რაღაც ვისწავლო, ვიმუშაო... სულ ვფუსფუსებ. შესაბამისად, მერე კარგი რაღაცები მოდის და მოდის...
- ბიზნესშემოთავაზების ან მემკვიდრეობით დატოვებული ქონების სახით, მოულოდნელი შესაძლებლობების გამოჩენასაც გიწინასწარმეტყველებდნენ... - ბიზნესი არ დამიწყია, თუმცა ოჯახში, მემკვიდრეობით დატოვებული რაც გვქონდა, იმით რაღაც საქმეს ვაკეთებთ.
- ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რის გამოც საყვარელ ადამიანებთან ნაკლებ დროს გაატარებთო... - ვაიმე, სამწუხაროდ, დროის უკმარისობას მართლა განვიცდი. მეგობრები ჩემთან, სამსახურში ხშირად მოდიან, რომ იქ მაინც მნახონ.
ნინო მუმლაძე (ლომი): - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შემქმნია, მადლობა ღმერთს. ფინანსური ზრდა არ მქონია, სამწუხაროდ. პირიქით, რისი იმედიც მქონდა, იმანაც არ გაამართლა, თეატრში ხელფასი კიდევ 10%-ით შეგვიმცირეს. ერთადერთი, რაც კარგია, ახალ გადაცემაზე მუშაობა დავიწყე, თუმცა მის განვითარებაზეც ვფიქრობ, რადგან ფინანსურად ისეთი მომგებიანი ვერ გამოდგა, როგორიც მეგონა...
ასტროლოგიური პროგნოზით, ნინოს ცხოვრებაში ბიზნესის ზრდა და ჯანმრთელობის პრობლემები იყო მოსალოდნელი.
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ასტროლოგები აფრთხილებდნენ - ეს პერიოდი სახლის საყიდლად თქვენთვის კარგი არ იქნებაო, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი კიდევ ერთხელ რწმუნდები - ჰოროსკოპი სერიოზულად არ უნდა აღიქვა...
"მასტერი", გიორგი პავლიაშვილი (თხის რქა): - მართალია, წელს კლიპი არ გადამიღია, მაგრამ საკმაოდ ვიაქტიურე - 25-ზე მეტი სიმღერა გამოვუშვი... მუსიკალური ბენდი ავიყვანე. კონცერტების გამართვას მათთან ერთად ვაპირებ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, რაღაცები ძალიან გავასერიოზულე, მერე კი რაღაცები ამერია... დავშორდით, რაც ჯერ ისევ კვალივით მაქვს დარჩენილი.
- წელს ასტროლოგები ფარული ნიჭის გამოვლენას გიწინასწარმეტყველებდნენ... - წელს ბიზნესში პირველი ნაბიჯები გადავდგი... საბოლოო ჯამში, 2018-ის მადლობელი ვარ.
ნინი გრძელიშვილი (სასწორი):
- ბევრი სიახლე იყო: კარიერული - ნაკლებად, უფრო - პირადული. მეგობრების მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა, ბევრი ადამიანი დავკარგე, მაგრამ - ისინი, ვინც დასაკარგი იყო. ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი შევიძინე კიდეც. ნორმალური, სტაბილური წელი იყო.
- მარტიდან ივლისამდე სწრაფი გადაწყვეტილებები არ მიიღოთო, გაფრთხილებდნენ ასტროლოგები. - საერთოდ, მერყევი ხასიათი მაქვს. შეიძლება, რაღაც გადავწყვიტო, მაგრამ მეორე დღეს ვინანო. ამ მხრივ, გამონაკლისი ეს წელიც არ ყოფილა.
- შესაძლოა, ძველი მეტოქე გამოჩნდეს და საფრთხე შეგიქმნათო, წერდნენ... - მსგავსი არაფერი მახსენდება. ვინმე კონკრეტულს მეტოქედ ვერც აღვიქვამ, ვერც კარიერაში და ვერც - პირად ცხოვრებაში.
- ასტროლოგიური პროგნოზით, მთავრობისგან რაღაც დახმარების მიღება იყო მოსალოდნელი... - უნივერსიტეტში სტიპენდია ავიღე, თუკი ეს მთავრობის დახმარებად შეიძლება ჩაითვალოს (იცინის). საბოლოო ჯამში, საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი მქონდა - ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ალბათ, მომავალში ბევრ რამეს შეცვლის ჩემს ცხოვრებაში.
ამიკო ჩოხარაძე (ღრიანკალი):
- 2018 წელი ჩემთვის ბევრი სიახლის მომტანი გახლდათ. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ წლის მიწურულს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვმონაწილეობ. ძალიან კმაყოფილი ვარ - ამ წელიწადმა კარგად ჩაიარა. მიმაჩნია, რომ ადამიანი თავად წყვეტს, მისი ცხოვრება როგორი უნდა იყოს: როგორ ნაბიჯსაც გადადგამს, მისი დღეც ისე განვითარდება...
გოგა გველესიანი (მშვილდოსანი):
- ასტროლოგიურ პროგნოზს გასართობად ვეცნობი. მიხეილ ცაგარელმა მითხრა, - მორიელის ნიშნის ქვეშ ხარ დაბადებულიო, თუმცა ჩემი დაბადების თარიღი არ იცოდა. ვუპასუხე, - შეცდით-მეთქი. როცა გაიგო, რომ 23 ნოემბერს, დილის 10 საათზე ვარ დაბადებული, მითხრა, - ეგ მორიელისა და მშვილდოსნის საზღვარია, უფრო მორიელი ხარო. როგორც მითხრეს, არსებობდა ზოდიაქოს მე-13 ნიშანი, რომელიც მერე გაქრა და სწორედ ამ ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული... 2018 წელი ჩემი ოთხფეხა მეგობრებისთვის წარმატებული იყო: გაბიმ ჩემპიონთა ყველა კლასი დახურა (ბარლის მანამდე უკვე დახურული ჰქონდა). ცხადია, ამას წარმატებად მივიჩნევ, რადგან ჩემი შრომა და ენერგიაა "ჩადებული"... კარიერის მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ კარგი წელი მქონდა: რობერტ სტურუამ თეატრიდან აბსოლუტურად მოულოდნელად და უსამართლოდ გამიშვა, მიუხედავად იმისა, რომ ორ სპექტაკლში ვიყავი დაკავებული. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი იყო. რა თქმა უნდა, ეს ჩემს ცხოვრებას ფინანსურად ძალიან დაეტყო: საერთოდ, რა მელის და როგორ ვიქნები, არ ვიცი...
ანა სანაია (მერწყული):
- წელს ჩემი დისშვილი გაჩნდა, ამ სასიამოვნო ფაქტმა ყველაფერი დამავიწყა. კარიერის მხრივაც საინტერესო წელი იყო: ჩვენი ჯგუფის პიესამ "თუმანიშვილის ვაშლი" აიღო.
- ასტროლოგები ყურადღებისკენ მოგიწოდებდნენ, რადგან საზღვარგარეთიდან შემოთავაზებები იყო მოსალოდნელი... - კი, შემოთავაზება იყო. უარი არ მითქვამს. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა...
- შემოსავლების სხვა წყაროს მოძებნითო, პროგნოზირებდნენ... - ალბათ, ამაზე დაფიქრება მომიწევს, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი მიპოვია.
ხატია მელქაძე (თევზები):
- ნაყოფიერი წელი იყო: თეატრში როლები, პრემიერები მქონდა, პირად ცხოვრებაში - სიმშვიდე და სიყვარული. ასტროლოგიურ პროგნოზს 2018 წლის დასაწყისშივე გავეცანი და ვიცოდი, რომ მშვიდი წელი მელოდა. მართლაც ასეთი იყო: არც ძალიან კარგი, არც - ძალიან ცუდი...
ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"