"მსახიობი რომ ვყოფილიყავი, მუდამ სოფიკოს ჩრდილში მომიწევდა ყოფნა" - ვინ არის ჭიაურელების ცნობილი შტოს მშვენიერი წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

"მსახიობი რომ ვყოფილიყავი, მუდამ სოფიკოს ჩრდილში მომიწევდა ყოფნა" - ვინ არის ჭიაურელების ცნობილი შტოს მშვენიერი წარმომადგენელი?

"სოფიკოს სიურპრიზები უყვარდა, ერთხელ დაბადების დღე ვერაზე, ეზოში გადამიხადა, მანამდე კი ზომები ამიღო და 2 საათში ისეთი კაბა შემიკერა, რომ ყველა აღფრთოვანდა"

კინოდოკუმენტალისტი ნინო ჭიაურელი ჭიაურელების ცნობილი შტოს წარმომადგენელია, მიშა ჭიაურელი-უმცროსის ქალიშვილს დიდი მიშა ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე არ ახსოვს, მაგრამ სოფიკო ჭიაურელთან არაერთი თბილი მოგონება აკავშირებს. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტი ისრაელის ქართველ-ებრაელთა ცხოვრებით დაინტერესდა და ამან, შეიძლება ითქვას, ნინოს კარიერაც კი შეცვალა. ოჯახურ ტრადიციებსა და გეგმებზე ნინო ჭიაურელი გვესაუბრა:

ფოტოგალერეა

- დიდ მიშა ჭიაურელსა და ვერიკო ანჯაფარიძეზე მამა და სოფიკო მიამბობდნენ. სოფიკო ბაბუაჩემის, ოთარის უმცროსი და იყო (ბაბუა 49 წლისა გარდაცვლილა). სოფიკოს თითქმის ყოველ ახალ წელს ვსტუმრობდი. ეს დღესასწაული ორივეს განსაკუთრებულად გვიყვარდა. საახალწლო სუფრისთვის, როგორც წესი, ყველაფერს საკუთარი ხელით ამზადებდა. პატარები სიხარულით ვეხმარებოდით, დავარბენინებდით თეფშებს წინ და უკან, მერე კი იწყებოდა ნამდვილი ხელოვნების ზეიმი - მღეროდნენ, უკრავდნენ და ცეკვავდნენ...

სოფიკოს სიურპრიზები უყვარდა, ერთხელ დაბადების დღე ვერაზე, ეზოში გადამიხადა, მანამდე კი ზომები ამიღო და 2 საათში ისეთი კაბა შემიკერა, რომ ყველა აღფრთოვანდა. მსახიობობა მინდოდა და ეს სოფიკოს რომ ვუთხარი, გამიბრაზდა, მე რას მიყურებ შენო. ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, მსახიობი რომ ვყოფილიყავი, მუდამ სოფიკოს ჩრდილში მომიწევდა ყოფნა, იმიტომ, რომ იშვიათია ისეთი მსახიობი, როგორიც სოფიკო ჭიაურელი იყო. მამასთან, მიშა ჭიაურელ-უმცროსთან ერთად

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე ჟურნალისტიკის განხრით. მერე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის გავლა მინდოდა, მაგრამ მაინც რეჟისორობა გადავწყვიტე. 5 წელი ვიმუშავე დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სხვადასხვა პროექტზე: საავტორო დოკუმენტურ ფილმზე "ერთი დღე ლადო ათანელთან" , შემდეგ იყო დოკუმენტური ფილმები "26 საუკუნე ერთად" და "გაბოს შვილები". სტოკჰოლმში ყოფნისას "ვიკინგ ინგვარის საგის" ფრაგმენტი ვთარგმნე, რომელიც ვიკინგების საქართველოში მოგზაურობას ეხებოდა. შემდეგში ეს მასალა საფუძვლად დაედო ფილმს "ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა".

- მამას გოგოაო, თქვენზე მითხრეს... - მამა ჩემი საუკეთესო მესაიდუმლე და მრჩეველია. მის გვერდით ვერ მოიწყენ.

- გაიხსენეთ რომელიმე პროექტი, რომელზეც ერთად იმუშავეთ. - 2014 წელს ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისა და თანაარსებობის იუბილე აღინიშნა. ამ ღონისძიების გადასაღებად მთავრობამ მამაჩემს დოკუმენტური ფილმი "26 საუკუნე ერთად" დაუკვეთა. მე ამ პროექტის პროდიუსერი და თარჯიმანი ვიყავი. ისრაელში ჩასვლამდე ორი დღით ადრე ისრაელ-პალესტინის ცნობილი ომი დაიწყო. როდესაც პალესტინის რაკეტები მოფრინავდნენ ისრაელისკენ, ისრაელიც უშვებდა მათ გასანადგურებელ რაკეტებს. ერთ-ერთი განგაშის დროს თავშესაფრიდან ტელეფონით ვიღებდი რაკეტების განადგურებას და მამაჩემი გიჟივით გამოვარდა, ჩხუბით შემიყვანა უკან, თუმცა შემდეგ ის ფირი ფილმში გამოიყენა.

- როგორც ვიცი, ამ მოგზაურობამ თქვენი გეგმებიც შეცვალა. - იცით, რამ გამაოცა? ებრაელებმა ყვითელ სილაზე ნამდვილი ედემის ბაღი შექმნეს: შენდება ახალ-ახალი ქალაქები, გამწვანებით, გზებით... ნებისმიერი მოქალაქე ყოველმხრივ არის სოციალურად დაცული, უვლიან მარტოხელა მოხუცებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჯარში გაწვეულებს შორის თითქმის იმდენივე ქალია, რამდენიც მამაკაცი, სამხედრო სამსახურის გავლა აუცილებელია და ამით ამაყობენ. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ისრაელს დაემსგავსოს.

გეგმები კი მართლაც შემეცვალა. ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი გავიცანი. მათ ისრაელში ჩაიტანეს საქართველოს სიყვარული და უდიდესი მადლიერების გრძნობა. ისრაელში არის რამდენიმე ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. მათ შორის თამაზ ციციაშვილის "ქართული ნაციონალური ბალეტი", ამ სახელის ტარების უფლება თავად თენგიზ სუხიშვილმა მისცა. თამაზ ციციაშვილი ანსამბლ "სუხიშვილების" სოლისტი იყო. ბავშვები, რომლებიც ისრაელში დაიბადნენ, ამ ანსამბლებში სწავლობენ ქართულ ენას. მიუხედავად ამისა, ქართული ენა ისრაელში იკარგება. არადა, თუ ჩვენი ებრაელების შთამომავლები ქართულ ენას დაკარგავენ, დაგვრჩება მხოლოდ ლეგენდა ქართველებისა და ებრაელების მეგობრობაზე.

აშდოდის პირველმა ვიცე-მერმა მოშე ბოთერაშვილმა ააშენა ქართველ ებრაელთა სულიერების სახლი, თბილისში კი მისი ფილიალი იქნება. ამ ორგანიზაციას კავშირი ექნება არა მარტო ისრაელსა და საქართველოში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან, არამედ იმათთანაც, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ასე რომ, კინოდოკუმენტალისტიკა დროებით გვერდზე გადავდე, ახლა ქართველ ებრაელებთან ერთად ვეცდები, რომ ქართული ენა, საქართველოს სიყვარული არ ჩაქრეს ისრაელის ქართველ ებრაელთა თაობებში.

იხილეთ ფოტოგალერეა