"უბედნიერესი იყო ნათია ახალმოსახლეობით, მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, როგორ იფიქრებდა, რომ ეს ბინა იმსხვერპლებდა"
ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მოხდა. სავარაუდოდ, ბინაში დაგროვილი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც ენით აღუწერელი უბედურება დატრიალდა. დაღუპულია 4 ადამიანი, მათგან სამი - ერთი ოჯახის წევრია. როგორც ირკვევა, გაზი მინდია ფირალიშვილის საცხოვრებელ ბინაში დაგროვდა და ამას მოყვა ძლიერი აფეთქება. ადგილზე დაიღუპნენ მინდიას მეუღლე ნათია ციცვიძე და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული.
ფირალიშვილების სახლში 3 მცირეწლოვანი იზრდებოდა. უმძიმესმა კადრებმა რომელიც "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფმა ტრაგედიის წუთებში გადაიღო, ყველა შოკში ჩააგდო, ეს ის კადრებია, როცა მამამ აფეთქებული სახლიდან გამოიყვანა თავისი 5 წლის გოგონა, ჯერ ის უსინჯავდა სუნთქვას თავის პატარას, მერე სხვამ გამოართვა ბავშვი და ის ცდილობდა გაეგო ცოცხალი იყო თუ არა. მერე ისევ უკან შებრუნდა მინდია, რომელსაც ბინიდან სხვა პატარები უნდა გამოეყვანა.
ბინაში ტყუპები იყვნენ, 2 წლინახვრის და-ძმა. უმძიმესი იყო ტყუპისცალის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში სხვა დაშავებულებთან ერთად სასწრაფოდ გადაყვანეს. როგორც ახლობლები გვიყვებიან, გზაში პატარას გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და პატარა ნიკოლოზი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უმძიმესი სურათი დამხვდა შემთხვევის ადგილზე მისულს. გადაკეტილი ქუჩები, გადაჭედილი ხალხი და სამართალდამცავებით სავსე ქუჩები, ამ დროს შევნიშნე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ემოციებს ვერ იკავებდა. მის გვერდით მისი მეგობრები და ახლობლები იდგნენ. "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის გადაღებული კადრებით ვიცანი და მათ მივუახლოვდი მამაკაცს, რომელიც მინდია ფირალიშვილი აღმოჩნდა, ვკითხე, ამ ფოტოში თქვენ ხართ და ეს ბავშვი ხელში რომ უჭირავს ის მამაკაცი ვინ არის, ბავშვი როგორ არის-მეთქი. ეს ჩემი შვილიაო, - მითხრა შეშფოთებულმა, ბავშვი გადარჩა, მაგრამ ჩემი მეორე შვილი ხროტინებდა ხელში რომ მეჭირაო. მამას შვილების მდგომარეობა აინტერესებდა, ბოლთას სცემდა, დამწვარი ჰქონდა თმები და კისერი.
"ჩემს სახლში მოხდა აფეთქება, სახლში ახალი მოსული ვიყავი, საშინელმა ძალამ გარეთ გამომაგდო, სასწრაფოდ სახლში შევბრუნდი... ჩემი სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან... , - უყვებოდა მინდია ახლობლებს.
ყველგან ეძებდნენ ნათიას დას ნინოს, საავადმყოფოებში გადარეკეს ახლობლებმა, მაგრამ ვერაფერი გაიგეს, მინდიას მეგობარმა მითხრა, ნათია რომ გარდაცვლილია, ეს ვიცით, რადგან მინდიამ თავად ნახა სახლში გარდაცვლილი მეუღლეო.
ნათია ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო, მომხდარით შოკირებულები არიან მისი მეგობრები. ამბობენ, რომ სიცოცხლით სავსე გოგო იყო და ძალიან ბედნიერი ახალ სახლში რომ გადავიდა. "უბედნიერესი იყო ნათია ახალმოსახლეობით, სამ ანგელოზივით შვილს ზრდიდა, მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა და გამორჩეული მეგობარიც იყო... ამასთანავე უყვარდა თავისი საქმე, თავგადაკლული პედაგოგი იყო... როგორ იფიქრებდა, რომ ეს ბინა იმსხვერპლებდა... მიჭირს დაჯერება, რომ ცოცხალი აღარ არის"...
ნათიას ორი და და ერთი ძმა ჰყავდა. არსებული ინფორმაციით, ერთი და მასთან ერთად გარდაიცვალა. "მინდია დარტყმის ტალღამ გარეთ გამოაგდო რკინის კარებიანად, მერე შებრუნდა უკან და გამოიყვანა დანარჩენები, ის კადრები რომ გავრცელდა ბავშვი რომ უჭირავთ ხელში, უფროსი გოგოა, ვის უჭირავს ხელში არ ვიცით, ეტყობა, რომ გამოიყვანა ვიღაცამ გამოართვა, ეს ანასტასიაა - უფროსი, ორი ტყუპი პატარები არიან... პატარა ბინა ჰქონდათ, მაქსიმუმ 60 კვადრატული, მაგარამ ყველაფერი საკუთარი შრომით შექმნეს, ბედნიერები იყვნენ... ცენტრალური გათბობა დაამონტაჟეს, ყველაფერი მყუდროდ მოაწყვეს, - ქვაბი შემიფუთე წყალი არ გამიყინოსო, - დამირეკა მინდიამ ორი დღით ადრე... და ეს საშინელებაც დატრიალდა", - გვითხრა მინდიას მეგობარმა გიამ.
მინდიას შვილის გარდაცვალებას ვერავინ ეუბნებოდა, ბოლოს მოძღვარმა იტვირთა მისთვის ამ უმძიმესი ამბის თქმა...
"კვირის პალიტრა" მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
(სპეციალურად საიტისთვის)