"ორი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, აღარ მყავს" - რას ამბობს მამაკაცი, რომლის ცოლ-შვილიც ფონიჭალის აფეთქებამ შეიწირა
"ვერასოდეს დავუშვებდი, რომ სახლში დატოვებულ ცოლ-შვილს რაიმე პრობლემა შეექმნებოდა"
ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში მომხდარი ტრაგედიიდან 3 თვე გავიდა. დღის 11 საათი ხდებოდა, როცა საშინელი აფეთქებისა და ნგრევის ხმა გაისმა და კორპუსის სამი სართული მთლიანად ჩამოიშალა. მაშველებმა ამწის დახმარებით მეორე სართულიდან სამი მობინადრე ამოიყვანეს, სამივეს ძლიერი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. აზერბაიჯანელი 44 წლის მამაკაცი, 24 წლის ქალიშვილი და 6 წლის ბავშვი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ბინა მესამე სართულზე ჰქონდათ ნაქირავები.
სავარაუდოდ, სწორედ მათ ბინაში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია ძლიერი აფეთქება და ორი სართული ძირს ჩაიტანა. შედეგი უმძიმესი იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქვედა სართულზე მცხოვრები დედა-შვილის ცხედრები იპოვეს, მთელი საქართველო გლოვობდა ცერცვაძეების ოჯახის ტრაგედიას. ამ დრომდე უცნობია სოფო ყაველაშვილი და მისი პატარა ნიკოლოზი ვინმეს დაუდევრობას შეეწირა თუ არა ან შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება.
სამწუხაროდ, ამ დრომდე გამოძიებას მიზეზები არ დაუდგენია. არადა, ოჯახი მოუთმენლად ელის გამოძიების შედეგს. მაშინ ყველა საუბრობდა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ მომხდარიყო ქვეყანაში, როგორც ჩანს, სათანადო სამსახურებს მიავიწყდა ეს პრობლემა და 3 თვის თავზე კიდევ ერთი საშინელი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი და ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაზი ფირალიშვილების გვერდით მეზობლის სახლში ჟონავდა, იქ მოხდა აფეთქება, რასაც მეზობლები შეეწირნენ.
დიდი დიღმის ტრაგედიის შემდეგ "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი მიეცა პასუხისგებაში, მათ საქმის არაჯეროვან შესრულებას ედავებიან, 3 თვე გავიდა ზემო ფონიჭალის შემზარავი ფაქტიდან და ამ დრომდე გამოძიება წინ არ წასულა - თურმე ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ დევს საქმეში.
ფონიჭალაში გარდაცვლილი დედა- შვილი ჭიათურაში დაკრძალეს. სამი თვეა ცოლ-შვილის დაღუპვით განადგურებული ხვიჩა ცერცვაძე ყოველ დღე ელოდება გამოძიების შედეგს, მაგრამ ამად. არაოდ. მთელი სანათესაო ამბობს, რომ წყვილს ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. სოფო მზრუნველი, კეთილშობილი გოგო იყო, რომელსაც პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა, ძალიან კარგი მეუღლე ჰყავდა. წყვილს ოთხი წელი შვილი არ ჰყავდათ, მერე ნიკოლოზი გაჩნდა, წლის და ორი თვის ნიკოლოზი ოჯახის დიდი სიხარული იყო, ბედნიერად უნდა ეცხოვრათ და უცებ თავზე ცა ჩამოექათ.
ჩვენ დავუკავშირდით ხვიჩა ცერცვაძეს, მას საუბარი მომხდარზე ძალიან უჭირს. დიდი დიღმის ტრაგედიამ კი უფრო გაუმძაფრა ტკივილი და ამბობს, რომ პირველ რიგში უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს. ახლა მას ყველაზე მეტად ესმის მინდია ფირალიშვილის, რომელმაც მის მსგავსად ცოლი და პატარა შვილი დაკარგა.
ხვიჩა ცერცვაძე: - დღემდე შოკში ვარ. ძალიან მიჭირს ლაპარაკი ამ თემაზე, ეს ჩემი ტკივილი, ჩემი ტრაგედიაა, ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან, განადგურებული ადამიანი ვარ.
- სამართალდამცავები რას გეუბნებიან? - გამომძიებელები მეუბნებიან, რომ იძიებენ მომხდარს და შედეგებს მერე მაცნობებენ, ველოდები მაგათ პასუხს, თავს ზემოთ ძალა არ მაქვს. რა პასუხი იქნება, რა იქნება, რა დასკვნას დადებენ, არ ვიცი. ამბობენ 6 თვე დასჭირდება გამოძიებასო, მე არც იურისტი ვარ და არც პროკურორი, ამიტომ არც ის ვიცი ამდენი დრო სჭირდება თუ არა საერთოდ ამ საქმის გამოძიებას. არც წინასწარი მონაცემები უთქვამთ, დადგენილია მხოლოდ ის, რომ ჩვენი ზედა სართულის მეზობელთან იყო პრობლემა, იქ აფეთქდა გაზი. წინასწარ არ შეგვიძლია რაიმეს თქმაო ამბობს, - გამომძიებელი.
არ მეგონა, ამდენი ხანი რომ დროში გაიწელებოდა გამოძიება. მე ის ინტერესი მაქვს გაირკვეს სიმართლე, თუ ვინმე დასასჯელია და ვინმეს ბრალეულობით მოხდა ეს საშინელება, მინდა დროულად დაისაჯოს. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ექსპერტიზის დასკვნა უნდა დაიდოსო. იმედია, სწორ დასკვნას დადებენ. "ყაზტრანსგაზი" ემსახურებოდა ჩვენს ბინას, მე არ ვიცი ზუსტად საიდან გაჟონა გაზმა. რომ მივედი იმ საღამოს სახლში გაზის სუნი არ მიგრძვნია, არც იმ დილით არანაირი გაზის სუნი არ ყოფილა.
- მესმის რთულია, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ ის ტრაგიკული დღე...
- იმ დილით სახლიდან სამსახურში წავედი. დილით ადრე მივდიოდი ხოლმე, 7 საათი იქნებოდა ალბათ ბინიდან რომ გამოვედი. ჩემი მეუღლესაც ეღვიძა უკვე და ჩვენს შვილსაც, თუმცა ადრე იყო ძალიან და ორივე საწოლში დავტოვე. მათზე ლაპარაკი არ შემიძლია, ძალიან მიჭირს, ახლა არ ვარ მზად გიამბოთ ჩემი და სოფოს ერთად გატარებულ ცხოვრებაზე... ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. მსგავსი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს და ასე უაზროდ არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები. ისინი ყოველ წუთას თვალწინ მიდგანან. დავდივარ ეკლესიებში, მოძღვრებისმესაუბრებიან და მათი საუბარი და ლოცვა ოდნავ მაძლევს შვებას... ცოლ-შვილი ამომიწყდა და როგორ უნდა ვიყო.
- დიდი დიღმის ტრაგედია თქვენი ტრაგედიის მსგავსია, ეს ამბავი რომ ნახეთ ტელევიზიით რა რეაქცია გქონდათ?
- არც მინახავს, ვერ შევძლებდი ამ კადრების ნახვას. სხვებისგან რომ ვისმენდი მომხდარს, მაშინაც ძალიან ცუდად ვიყავი. ერთი წუთითაც არ მავიწყდებიან ჩემები. ორ უსაყვარლეს ადამიანს რომ დაკარგავ, რა ჭკუაზე უნდა იყო, ორი სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, აღარ მყავს. სად უნდა იყო ადამიანი უფრო უსაფრთხოდ ვიდრე სახლში, ვერასოდეს ვერ დავუშვებდი, რომ სახლში დატოვებულ ცოლ-შვილს რაიმე პრობლემა შეექმნებოდა, ფიქრადაც ვერ გავივლიდი ასეთ რამეს. სულ მეგონა ყველაზე უსაფრთხო ჩემი სახლი იყო ჩემი ცოლ-შვილისთვის და უცებ ეს მოხდა. გაუსაძლისია ტკივილი, ვუსამძიმრებ დიდ დიღომში დაღუპულების ოჯახის წევრებს...