"მოწუწუნე ერად ვიქეცით"
ამ ცოტა ხნის წინ პოეტ ტარიელ ხარხელაურს საქართველოს მთავრობისგან "მთის შვილის" წოდების ჯილდო გადაეცა. ბატონი ტარიელი მართლაც იმსახურებს ამ სტატუსს, რადგან თითქმის დაცარიელებულ სოფელში მაინც რჩება და იქ არსებულ მძიმე ყოფას სხვა მაცხოვრებლებივით ბარში არ გაურბის.
ბატონ ტარიელს შინ - თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში ვესტუმრეთ, "მთის შვილის" წოდების მიღება მივულოცეთ და სხვა რაზე ვესაუბრებოდით, თუ არა მთაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ხალხზე, რომელიც გაურბის არც თუ ისე სახარბიელო ყოფას და ბარში პოულობს თავშესაფარს... ამასობაში მთა იცლება.
ტარიელ ხარხელაური: - ქალაქმა ჩაყლაპა დღეს მთის მოსახლეობა. აქედან მიდიან, უკან კი არავინ მოდის. აქაური ყოფა აშინებთ, აშინებთ იმიტომ, რომ სიძნელეებს გაურბიან და მთის ხალხის იმუნიტეტიც სირთულეებთან ბრძოლისას ეცემა.
მე დიდი სამამულო ომის შემდგომი თაობა ვარ, იმჟამად არ არსებობდა ოჯახი ერთი გარდაცვლილი წევრი მაინც რომ არ ჰყოლოდათ, მაგრამ იმ მძიმე პერიოდშიც კი ისინი ერთი წამითაც არ ყოფილან სხვის კმაყოფაზე. დილით განსაკუთრებით მკის დროს ყანებიდან სიმღერის ხმა ისმოდა სოფელში. მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე, განცდა სამშობლოს სიყვარულისა.
მოწუწუნე ერად ვიქეცით. ვირჩევთ ხელისუფალთ და მივიჩნევთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე მან უნდა გააკეთოს - დამიბაროს, მომითიბოს, სახლში მომიტანოს და მე მხოლოდ ვჭამო. ჩვენ არ ვიცით ის, რომ ჩვენ უფლებებზე მეტი მოვალეობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. ამ ყოფით კი ქვეყანას ვერასდროს ავაშენებთ.
ჩვენშია პრობლემა, ჩემშია პრობლემა, ილია გვეუბნება ჩვენი უბედურების მიზეზს მუდამ სხვაში ვეძებთო, განა მართალი არ არის?! მიზეზი დღევანდელი ჩვენი მდგომარეობისა ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ. მუდამ სხვაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ საკუთარ თავზე არასოდეს ვიტყვით აუგს. არ ვფიქრობთ საშობლოზე, არ ვამბობთ, დღეს ვერაფერი გავუკეთე ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს და იქნებ ხვალ ვცადოო...
როგორ შეიძლება ერთმანეთის ზიზღით დანახვა არ გვინდოდეს და ამასობაში ქვეყნის პერსპექტივაზე ვლაპარაკობდეთ.
"ბედნიერი ერი" - ილიას ამ ლექსს რომ ვკითხულობდი ხოლმე, გულისგულში მწყინდა, ვფიქრობდი, განა შეიძლება ასეთნაირად დახატო შენი ერი-მეთქი, მაგრამ დააკვირდით განა კი ასე არ არის?!
დღევანდელ სამყაროში ხალხის გულს სიყვარული აკლია, ხოლო გონება ფიქრისგან არის დაცლილი. თუ ღამე შენთვის მარტო იმისთვის არსებობს, რომ დაიძინო და არ იფიქრო ხვალინდელ დღეზე, ოჯახზე, ქვეყანაზე რა აზრი აქვს ამ ქვეყნად ყოფნას...
რაც არ უნდა შექმნას სახელმწიფომ, თუ ასეთი მიდგომით ვიქნებით, ყოველთვის იქნება ჩვენში უმუშევრობის პრობლემა, მთაში კვლავ არავინ დაბრუნდება, არც სიყვარული იქნება ჩვენს შორის და არც ფიქრი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის...
მე ავადმყოფურად მიყვარს მთა, ჩემი სოფელი და რაიონი. როგორც კი გავდივარ თიანეთიდან, სუნთქვა მიჭირს, ვერ ვისვენებ. უკან როგორც კი ვბრუნდები ჩემი ეზოს კარს რომ შემოვაღებ სულ სხვანაირი, გალაღებული ვხვდები...
უფალს არაფერი ეშლება, მან კარგად იცის ვინ სად უნდა დაბადოს. სად იქნება ის ძლიერი, სად იქნება უკეთესად. როგორც კი ფესვებს წყდები, მერე ხმები, მიდიხარ, მაგრამ ამგვარ სიცოცხლეს სიცოცხლე არ ჰქვია, რადგან ფესვები იქ დაგრჩა და საზრდოს ვეღარ ღებულობ...
შემეძლო აქედან წავსულიყავი, მაგრამ, მეგონა, სოფელი გამებუტებოდა და უკან თუ დავბრუნდებოდი სირცხვილის და ფიქრის გრძნობა არ მომასვენებდა - ეს როგორ ვაკადრე - მეთქი... ფიზიკურად როდესაც ვმუშაობ, სულიერად ვისვენებ და მაგ დროს ვფიქრობ... როდესაც მუშაობისას ბალახიდან ჩამოცვენილ ცვარს უყურებ, გგონია, ეს პაპაშენის ოფლია და რაღაცნაირად ივსები. მიწის, მზის, განთიადის მადლი შემოდის შენში და შენ თუ ამისთვის დაკეტილი გაქვს გული და გონება, ვერც სამშობლოს მოყვარული იქნები...
ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ვიდეო - ტარიელ ხარხელაური კითხულობს საკუთარ ლექსს